ვახტანგ ძაბირაძე - კობახიძეს ფრთები შეუკვეცეს, მმართველი ძალა, როგორც ჩანს, სულხან თამაზაშვილს და გელა გელაძეს უფრო ენდობა, ხოლო მდინარაძე უარმიო გენერალია - რაც შეეხება „ოპოზიციურ ერთობას“, არის არის გაუგებარი ალიანსი

ირაკლი კობახიძეს მოქმედების არეალი შეუზღუდეს და ფრთები შეუკვეცეს, მდინარაძე კი უარმიო გენერალია, - ასე აფასებს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე სამთავრობო ცვლილებებს.

როგორც ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, „იმდენად მოუმზადებელი იყო გადაწყვეტილება სამთავრობო ცვლილებებზე“, რომ არ გამორიცხავს, „კობახიძესაც რამდენიმე საათით ადრე გაეგო, რომ გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა“.

„საკმაოდ უცნაურია ასეთი სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. რა კატასტროფულ აუცილებლობას წარმოადგენდა, რომ მდინარაძე სუს-დან წამოეყვანათ და ჯერ არ შექმნილი სამინისტროს მინისტრად გამოეცხადებინათ? 1 კვირაში შექმნიდნენ და შემდეგ გადმოეყვანათ. ეს აჩენს კითხვას.

იმდენად მოუმზადებელი იყო ეს გადაწყვეტილება, არ გამოვრიცხავ, კობახიძესაც რამდენიმე საათით ადრე გაეგო, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო, ვიდრე თავად გამოაცხადებდა.

მეორე: ეს ნიშნავდა, რომ კობახიძეს შეუზღუდეს მოქმედების არეალი, ფრთები შეუკვეცეს. გამოდიოდა, რომ აქამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ფაქტობრივად კობახიძის ხალხი აკონტროლებდა. თამაზაშვილს რაც შეეხება, როგორც ჩანს, დღევანდელი მმართველი ძალა თამაზაშვილს უფრო ენდობა, როგორც სისტემიდან წამოსულ პიროვნებას, ისევე, როგორც გელაძეს. ეს ცვლილება იმითაც იყო გამოწვეული, რომ ცოტა თავისი გუნდი დაესტაბილურებინათ. ის, რომ თამაზაშვილი სანქცირებულია, „ქართულ ოცნებას“ დიდად არ ადარდებს. აგერ, ჰერჩინსკი, ლამის ჯვარზე გააკრან“, - აღნიშნავს ძაბირაძე.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ სამთავრობო ცვლილებები გაგრძელდება და შემდეგი სამიზნე ირაკლი კობახიძე იქნება, ძაბირაძე პასუხობს, რომ „კობახიძის დიდი ძალაუფლების შეკვეცა უკვე დაიწყო“.

„რაც შეეხება იმას, გაგრძელდება თუ არა სამთავრობო ცვლილებები, არ არის დამოკიდებული, ამ წუთში ვის აძლევს ხელს კობახიძე და ვის - არა. თუ „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ პოლიტიკა უნდა შეცვალოს და მკაცრი პოლიტიკის გატარებაზე უარი უნდა თქვას ქვეყნის გარეთაც, მაშინ კობახიძე ამ შემთხვევაში შეიცვლება“, - აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.

რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ის არ ფიქრობს, რომ მამუკა მდინარაძე შეძლებს კოორდინაცია გაუწიოს შსს-ს და სუს და ის უფრო ტელედებატებში მიიღებს მონაწილეობას.

„მდინარაძე არის უარმიო გენერალი. მას რეალური მექანიზმები, რომ მიმდინარე პროცესებზე იმოქმედოს, არ აქვს. სუს-ში ამის მექანიზმები ჰქონდა. საკითხავია, რამდენად დაემორჩილება გელაძე და თამაზაშვილი. გვახსოვს, რომ არსებობდა უშიშროების საბჭო. შევარდნაძის დროს კადრებს არჩევდა, სააკაშვილის დროს კი პოლიტიკური ასპარეზიდან გადაიყვანეს ბოკერია იმ თანამდებობაზე, რომელზეც დანიშნეს. ახლა ეს გააუქმეს, იმავეს შემოღება არ უნდოდათ და ამ ფორმით შემოიღეს. არ მგონია, მამუკა მდინარაძემ კოორდინაცია გაუწიოს [შსს-სა და სუს] და ფუნქციები ჰქონდეს. მგონია, რომ ტელედებატებში უფრო მიიღებს მონაწილეობას“,- აღნიშნავს ძაბირაძე.

რაც შეეხება ვარაუდს, რომ „ბიძინა ივანიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დააკვირდება სულხან თამაზაშვილს იმ კუთხით, რამდენად გამოადგება ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე“, ძაბირაძე არ ფიქრობს, რომ თამაზაშვილი უკეთესი პრემიერი იქნება, ვინაიდან „კობახიძე საკმაოდ მოქნილი კაცია, გამოცდილი იმ პოლიტიკაში, რასაც აკეთებს“.

„თამაზაშვილის დანიშვნა იგივე პოლიტიკის გაგრძელება იქნება. ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პრემიერის ყოლა ნიშნავს, დასავლეთთან ურთიერთობა გაწყვეტილია. თუ ეს პოლიტიკა უნდა გააგრძელონ, არ მგონია თამაზაშვილმა უკეთესად შეძლოს ეს. კობახიძე საკმაოდ მოქნილი კაცია, გამოცდილი იმ პოლიტიკაში, რასაც აკეთებს“, - აღნიშნავს ძაბირაძე.

გარდა ამისა, მან „ოპოზიციურ ალიანსში“ არსებულ დაპირისპირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გაერთიანება მისთვის გაუგებარია.

„ეს არის გაუგებარი ალიანსი. თუ ჩავხედავთ ალიანსში შემავალ პოლიტიკურ ჯგუფებს და პარტიებს, უმრავლესობა არის ყოფილი „ნაციონალი“. სჯობდა, „გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილიყო...

როგორ უნდა მოიზიდონ მათ ახალი ელექტორალური მასა? - გამორიცხულია. ყველა უნდა ეცადოს, რომ საკუთარ სეგმენტში გააკეთოს ამომრჩევლის სრული მობილიზება. ოპოზიცია დღეს ებრძვის „ქართულ ოცნებასაც“ და ერთმანეთსაც“, - აღნიშნავს ძაბირაძე.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება