ვალერი ჩეჩელაშვილი - ევროპარლამენტის ანგარიშის ტონი გამკაცრდა, რადგან საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება გახდა უფრო მკაცრი და ხისტი - „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირება ახლა გაცილებით რეალისტურია

ევროპარლამენტის რეზოლუციის მკაცრი ტონი სრულებითაც არ არის სიურპრიზი - ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ სანქცირების დაწესების საფრთხე ახლა გაცილებით უფრო რეალისტურად დგას, - ამის შესახებ დიპლომატმა, ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ წევრმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ანგარიშის ტონის გამკაცრება სრულებითაც არ არის გასაკვირი, რადგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ევროპული ინსტიტუტების მიმართ, საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების დამოკიდებულება უფრო ხისტი ხდებოდა.

რაც შეეხება სანქციებს, ჩეჩელაშვილის თქმით, ის, რომ რეზოლუციას 436-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, აჩვენებს, რომ ამ მიდგომების მხარდასაჭერად, ძალიან მყარი უმრავლესობა არის ჩამოყალიბებული.

„რამდენიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება. პირველი - ნამდვილად ძალიან ვრცელი ანგარიშია და მასში ჩანს, რომ ევროპარლამენტი ძალიან კარგად ერკვევა დეტალებში იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საქართველოში დღეს. მეორე - ის, რომ ამ ანგარიშის ტონი გამკაცრდა, სრულებითაც არ არის სიურპრიზი ჩვენთვის, ვინაიდან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ევროპული ინსტიტუტების მიმართ, საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების დამოკიდებულება მკაცრი და უფრო ხისტი ხდებოდა. საკმარისია გავიხსენოთ მხოლოდ პაპუაშვილის გამონათქვამები, რომ “ევროკავშირი არის საბჭოთა კავშირი”, რომ “ადრე ინსტრუქციებს რუსულ ენაზე გვიგზავნიდნენ და ახლა ინგლისურზე”, ისიც კი თქვა ბოლოს, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს არღვევს. მადლობა ღმერთს, იმას ვერ იტყვის, რომ ევროკავშირს აქვს დაპყრობილი და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები. რა თქმა უნდა, ამის ფონზე, ის მკაცრი ტონი სრულიად გასაგები იყო.

მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო „ქართული ოცნების“ მიმართ, როდესაც ევროპარლამენტმა ერთ-ერთ პუნქტში ჩაწერა, რომ სანქციური პოლიტიკის სინქრონიზება უნდა მოხდეს. აღნიშნულია, რომ უნდა იყოს სინქრონიზებული ეს მიდგომა დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მიდგომასთან. გასაგებია, რომ ევროკავშირში გაცილებით რთულად მიიღება გადაწყვეტილებები, 27 ქვეყანაა, მაგრამ სულისკვეთება და მიმართულება კარგად არის ჩამოყალიბებული. ისიც მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციას 436-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ეს აჩვენებს იმას, რომ ძალიან მყარი უმრავლესობა არის ჩამოყალიბებული ამ მიდგომების მხარდასაჭერად. ისიც აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტი აგრძელებს იმის ხაზგასმას, რომ მთავრობა არის ერთი და ხალხი მეორე.

დიახ, სანქციების ნაწილში ნახსენებია კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი. მთელი რიგი ინსტიტუციები, მაგალითად, მოსამართლეები, პროკურორები და ა.შ. ეს არის ძალიან კონკრეტული ქმედებისკენ მოწოდება ევროკომისიისთვის. ვიდრე ორბანი იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ის თანმიმდევრულად იცავდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ინტერესებს და ნებისმიერ გადაწყვეტილებას ბლოკავდა. ახლა შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს შეიძლება იყოს სლოვაკეთი ან ჩეხეთი, მაგრამ ვფიქრობ, ასეთი „პრინციპულობით“ ისინი არ გამოირჩევიან. მათ გაცილებით უფრო მეტად სჭირდებათ, ევროპული სოლიდარობის ნაწილი იყვნენ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ სანქციების დაწესების საფრთხე ახლა გაცილებით უფრო რეალისტურად დგას,“ - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

გარდა ამისა, ის ევროკომისიასთან დიალოგის შესაძლებლობაზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ამის დიდი იმედი არ აქვს“.

დიპლომატი ამბობს, რომ „მთავარი მოლაპარაკე თავები, მაგალითად, შალვა პაპუაშვილი არანაირი ოპტიმიზმის საშუალებას არ გვაძლევენ“.

ამასთან, ჩეჩელაშვილი აღნიშნავს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები იმდენად ღრმა ჩიხშია შესული რომ მასთან ურთიერთობა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ გამოსწორდეს, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გამოსწორება დაიწყო.

„მე ვფიქრობ, ბრიუსელი დიალოგზე უარს არ იტყვის. რაც შეეხება თვითონ შეთავაზებას - მე მინდა ეს აღვიქვა, როგორც რეალიზმისკენ გადამდგარი ნაბიჯი და რაღაც შესაძლებლობების ნაპერწკალი. აღვიქვა, როგორც „ქართულმა ოცნებამ“ გაიაზრა ის საფრთხე, რაც წინ უდგას არა მხოლოდ პარტიას, არამედ საქართველოსაც, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამის დიდი იმედი არ მაქვს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემაც განაცხადა გუშინ პარლამენტში, რომ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ყველა ის კანონი, რომელიც იყო მიღებული, სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებებთან - ეს ძალიან სუსტი პოზიციაა. ამ კანონებს არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანის უფლებებთან. არ ვიცი, ეს ბატონი სამხარაძის პირადი ინიციატივა იყო, თუ „ქართული ოცნების“ წიაღში კონსულტაციების შედეგი, მაგრამ ამას დიდი იმედით ვერ ვუყურებ. მთავარი მოლაპარაკე თავები, მაგალითად, შალვა პაპუაშვილი არანაირი ოპტიმიზმის საშუალებას არ გვაძლევენ. მე ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან იმდენად ღრმა ჩიხშია შესული, რომ ერთადერთი, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გამოსწორება დაიწყო, ამის შემდეგ შეიძლება ევროპასთანაც რაღაც გამოსწორდეს. მანამდე არ მგონია,“ - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს, დიპლომატი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თავისი განცხადებებით, ამერიკელებთან ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა.

„გაჩნდა იმედი, რომ „ქართული ოცნება“ ამერიკელებთან ურთიერთობაში წინ წავიდოდა. მე არ მადარდებს „ქართული ოცნება“, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, დავუბრუნდეთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ნორმალურ ურთიერთობებს. თითქოს, ამისკენ ნაბიჯები იდგმებოდა, მაგრამ ირაკლი კობახიძემ ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა ამერიკელებთან მიმართებაში. არ ვიცი, გააზრებულად, თუ ემოციურ ნიადაგზე. მე ვგულისხმობ, იმ კონკრეტულ განცხადებას, რომელშიც აშშ პრაქტიკულად, ტყუილში დაადანაშაულა. მან ამერიკასთან თანამშრომლობა გამოაცხადა ფარატინა ქაღალდად, რომელმაც საქართველოს არაფერი მოუტანა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და უმადურობა. ეს არ არის მხოლოდ უმადურობა, ეს არის ძალიან უხეში შეცდომა, რომელიც როგორც მინიმუმ, ამერიკელების განწყობაზე პოზიტიურად ვერ იმოქმედებს,“ - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, მან შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩის დაბარება და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, საგარეო უწყების პრეტენზიები საკმაოდ გამართლებული იყო, თუმცა მისივე თქმით, თვითონ დიპლომატიური ჟესტი დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობების გამოსწორებას ხელს არ უწყობს.

„როგორც მე ვხვდები, ამ შემთხვევაში ეს პრეტენზიები საკმაოდ გამართლებული იყო, ვინაიდან იმ მომენტისთვის, როდესაც ეს ხომალდი ყულევში შემოვიდა, დასანქცირებული არ ყოფილა. შესაბამისი არგუმენტები კარგად იყო მოყვანილი. რაც შეეხება ფორმას, დიდი ბრიტანეთის ელჩის გამოძახება - ეს სრულებითაც არ უწყობს ხელს დიდ ბრიტანეთთან, როგორც ერთ-ერთ წამყვან გეოპოლიტიკურ ძალასთან, ჩვენი ქვეყნის ურთიერთობების გამოსწორებას. ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი. დიპლომატიაში ხშირად ამ ფორმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,“ - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა