ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდება ირან-ამერიკის ურთიერთობების კონტექსტში - ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ხელშეკრულებებში შედის და რაზეც საუბარია, ზოგ შემთხვევაში ან ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება ან ირანის ეროვნულ ინტერესებს. რთულ პროცესად მეჩვენება საერთო კონსენსუსის გამონახვა და ისეთ საკითხებზე შეთანხმება, რაც ორივე მხარის ინტერესებში იქნება, - ამის შესახებ ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმი” განაცხადა, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები შეაფასა, რომელიც გუშინ შვეიცარიაში გაიმართა.
მისივე თქმით, წინა თვეების გამოცდილების გათვალისწინებით, არცერთმა შეთანხმებამ არ იმუშავა, ირანის კონტექსტში კი ძალიან ტურბულენტური სიტუაციაა.
„ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდება ირან-ამერიკის ურთიერთობების კონტექსტში. ბოლო თვეებში, არაერთი მცდელობა ვნახეთ იმის, რომ გარკვეული შეთანხმება მიღწეულიყო, როგორც ფორმალურად, ისე არაფორმალურად, თუმცა ვხედავთ, რომ წინა თვეების გამოცდილების გათვალისწინებით, არცერთმა შეთანხმებამ არ იმუშავა. პრობლემა იმაშია, რომ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ხელშეკრულებებში შედის და რაზეც არის საუბარი, ზოგ შემთხვევაში ან ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ან ირანის ეროვნულ ინტერესებს. რთულ პროცესად მეჩვენება საერთო კონსენსუსის გამონახვა და ისეთ საკითხებზე შეთანხმება, რაც ორივე მხარის ინტერესებში იქნება.
არ არის გამორიცხული ვიხილოთ მემორანდუმის გაფორმებაც, შესაძლოა, გარკვეული შეთანხმებაც გაფორმდეს. მანდ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, თუ რამდენად მოხდება ამ შეთანხმების აღსრულება. ძალიან ტურბულენტური სიტუაციაა ირანის კონტექსტში. ამ ეტაპზე, არარეალისტურად მეჩვენება ისეთი შეთანხმების გაფორმება, რომელიც ერთი მხრივ იქნება ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისი და მეორე მხრივ კი იმდენად ეფექტურად მოხდება ხელშეკრულების აღსრულება, რომ კონფლიქტის დეესკალაციას მოახდენს”, - აღნიშნა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.
ამასთან, ნიკოლოზ ხატიაშვილმა განმარტა, რომ თუ ამ პირობებით მოხდა საბოლოო შეთანხმება და ირანმა სწრაფად შეძლო გაძლიერება, შესაძლოა, იმაზე უარესი სურათი მივიღოთ რეგიონში და იმაზე საშიში გახდეს ირანი, ვიდრე აქამდე იყო.
„წლების განმავლობაში ირანში ზეგავლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი იყო სანქციების დაწესება, ირანულ აქტივებზე წვდომის შეზღუდვა. როდესაც ირანის ნავთობზე ვსაუბრობთ, სანქციების მოხსნაზე, კონკრეტული ფონდის შექმნაზე, ეს ეწინააღმდეგება ამერიკის ინტერესებს. ამერიკა, ამ სიტუაციაში, ძალიან სუსტ ქვეყნად წარმოაჩენს თავს. ეს არ მგონია, საბოლოო ჩანაწერი იყოს, ამ პროცესს ექნება გაგრძელება. თუ ამ პირობებით მოხდა საბოლოო შეთანხმება და ირანმა სწრაფად შეძლო გაძლიერება, ამ პირობებში, ირანი ნამდვილად შეძლებს შესაძლებლობების სწრაფად გაძლიერებას, შესაძლოა, იმაზე უარესი სურათი მივიღოთ რეგიონში, იმაზე საშიში გახდეს ირანი, ვიდრე აქამდე იყო. არ ვიცი, რამდენად იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული. არ უნდა დაგვავიწყდეს ისრაელის და ამერიკის ინტერესები ირანის კონტექსტში. ორივე ქვეყანას განსხვავებული ინტერესები აქვთ ირანთან დაკავშირებით. ამერიკის ინტერესებშია ჰორმუზის სრუტე ღია იყოს. ასევე, ამერიკის ინტერესებშია ის, რომ მათი მოკავშირეები სპარსეთის ყურის ქვეყნებში ირანის მეზობლები არიან და უსაფრთხოდ იყვნენ.
ისრაელის ინტერესებშია, რომ რეჟიმი შეიცვალოს, ისრაელი ირანს განიხილავს, როგორც ეგზისტენციალურ საფრთხეს. არსებული ირანული რეჟიმი მუდმივად იქნება ისრაელისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა. კრიტიკული მნიშვნელობა ექნება ირანის პოზიციას „ჰამასი“, „ჰესბოლას“ და ე.წ პროქსების მხარდაჭერის კუთხით. ესეც ამერიკის და ისრაელის ინტერესებშია. თუ ვერ მოხერხდა ამ ყველაფრის მიღწევა, გამოდის რომ ვერც ისრაელმა და ამერიკამ ვერ მიაღწია ეროვნულ ინტერესებს. ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენება, ამ პირობებით, რაც დღეს არის გაჟღერებული, ეს შეთანხმება შედგეს“,- აღნიშნა ხატიაშვილმა.
რაც შეეხება მსოფლიოში მიმდინარე სხვა პროცესებს, ნიკოლოზ ხატიაშვილმა უკრაინა-პოლონეთის დღევანდელ ურთიერთობებზეც ისაუბრა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება შეაფასა იმის თაობაზე, რომ პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი უკრაინელების მიმართ სიძულვილს აღვივებს, რითაც “ის ორბანივით იქცევა”. ნიკოლოზ ხატიაშვილის თქმით, არ ჰგონია, რომ ის ერთობა, რაც უკრაინასა და პოლონეთს შორის 2022 წელს, ომის დაწყების შემდეგ ჩამოყალიბდა , საფრთხის წინაშე დადგეს.
„კონფლიქტის და დაძაბულობის შემთხვევაშიც, არ მგონია არსებითი პრობლემა შეუქმნას პოლონეთმა უკრაინას“, - აღნიშნა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ რუსეთ-უკრაინის ომს, მათ შორის კიევის მიერ მოსკოვზე დრონებით თავდასხმას, მისი თქმით, „ძალიან აშკარა გახდა მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომ უკრაინამ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა სამხედრო ფრონტზე“.
„კრიტიკული დატვირთვა აქვს იმას, რომ უკრაინამ შეძლო საკუთარი წარმოებული იარაღის განვითარება ისე, რომ მისი დამოკიდებულება უცხოურ იარაღზე შემცირდა. ეს ასუსტებს რუსეთს, რომელიც ისედაც დასუსტების ფაზაშია შესული. როდესაც ვსაუბრობთ ომის წარმოებაზე, ვხედავთ, რომ უკრაინას მნიშვნელოვანი წარმატება აქვს რუსეთის კონტექსტში. ასევე ვხედავთ, რომ უკრაინას ფსიქოლოგიური უპირატესობაც აქვს მიღწეული რუსეთის კონტექსტშიც.
თუ აქამდე რუსეთს პრობლემები ჰქონდა ფრონტზე, ახლა უკვე რუსეთის შიგნით, იმ მოსახლეობის შორისაც გაჩნდა გარკვეული პროტესტი, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში რუსული დეზინფორმაციის მსხვერპლი იყო. მოსკოვის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა, საშუალოვადიან პერსპექტივაში გარდამტეხიც აღმოჩნდეს უკრაინის ომთან დაკავშირებით. რუსეთის მოქალაქეები, თავის თავზე განიცდიან და ხედავენ ომის შედეგებს”,- აღნიშნა ნიკოლოზ ხატიაშვილმა“,- აღნიშნა ნიკოლოზ ხარატიშვილმა.