საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, როგორც 2025 წლის ანგარიშში, ისე საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ყურადღება დაუთმო პენიტენციურ დაწესებულებებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცხოვრისებში გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს, შესაბამის რისკფაქტორებს და საკანონმდებლო ხარვეზებს.
მათი ინფორმაციით, პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული ვიზიტების დროს სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან პატიმრის მიმართ სავარაუდო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ შემთხვევაზე მიიღო ინფორმაცია. სამ დაწესებულებაში პატიმართა გარკვეული ნაწილის განცხადებით თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ყვირილის, უხეში, დამამცირებელი მიმართვისა და მუქარის ფაქტებს.
„სამწუხაროდ, პატიმართა შორის ძალადობა, საანგარიშო წელსაც არსებით პრობლემად რჩებოდა. პატიმართა შორის ძალადობის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კი პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა და ცალკეულ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობაა, რაც არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს და რიგ შემთხვევებში პატიმართა შორის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.
სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა პერსონალის ნაკლებობაზე, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების არასაკმარის რაოდენობაზე, დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებების შემზღუდველ რეჟიმზე, ინციდენტების მართვის პრაქტიკაზე, გადატვირთულობაზე, საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებულ დაწესებულებებში განთავსებასა და დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო საკნებში განთავსების პრობლემებზე (მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების მიმართ).
„სამწუხაროდ, დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში პატიმრები კვლავ 23 საათს ატარებენ საკანში და მხოლოდ 1 საათით გადიან სასეირნო სივრცეში, სადაც არ არის შექმნილი განტვირთვისა და სათანადო ფიზიკური ვარჯიშისთვის საჭირო სათანადო პირობები.
საანგარიშო წელს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა კვლავ მიიღო ინფორმაცია, პატიმრების (მათ შორის, არასრულწლოვანების) პირველადი შესახლების დროს სრული გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების მოთხოვნის პრაქტიკის შესახებ. სახალხო დამცველის განცხადებით, ამგვარი პრაქტიკა არა მხოლოდ ეწინააღმდეგება დაწესებულებების დებულებებს, არამედ დამამცირებელი მოპყრობაცაა.
საანგარიშო წლის განმავლობაში, პატიმრები კვლავ აქტიურად მიმართავდნენ აპარატს გაჭიანურებული ან არასაკმარისი სამედიცინო მომსახურების მიღების შესახებ განცხადებებით. სახალხო დამცველმა არაერთ შემთხვევაში მიმართა იუსტიციის მინისტრს პატიმრებისთვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების შესახებ რეკომენდაციებით. მისასალმებელია, რომ სამინისტრომ ხუთი რეკომენდაციიდან ოთხი გაიზიარა.
პენიტენციური სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა რჩება. ფსიქიატრიული დახმარება არ ატარებს ბიო-ფსიქო-სოციალურ ხასიათს, სამწუხაროდ არ მიმდინარეობს მულტი-დისციპლინური მუშაობა და მკურნალობა მხოლოდ ფარმაკოთერაპიით შემოიფარგლება. არ ტარდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პერიოდული სკრინინგი და ფსიქიატრთან რეფერირება უმეტესად მხოლოდ მწვავე და მკაფიოდ გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში ხდება.
ცალკეულ პენიტენციურ დაწესებულებებში კვლავ პრობლემურია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების, ვენტილაციის, ბუნებრივი განათების და პენიტენციური კოდექსით დადგენილი 4 კვ.მ. მინიმალური ფართობის უზრუნველყოფის საკითხი. ინფრასტრუქტურა კვლავ არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში კი შხაპის კვირაში მხოლოდ ორჯერ მიღების შესაძლებლობა ვერ აკმაყოფილებს პატიმართა ჰიგიენურ მოთხოვნებს“,- აღნიშნავს ანგარიშში სახალხო დამცველი.