საია მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე პროცესის წარმართვის პროცედურული საკითხებიც კი ავლენს საქმეში პოლიტიკური მდგენელის აშკარა ნიშნებს.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ეხმიანება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესების დაჩქარებულად ჩანიშვნასა და სხდომის დარბაზიდან ადვოკატების (ბექა ბასილაიას და დიმიტრი საძაგლიშვილის) გაძევების და საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის საკითხს.
საია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია სასამართლოს მხრიდან საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის მექანიზმის ისეთ თვითნებურ გამოყენებას, რომ ეს ინსტიტუტი დაცვის უფლების წინააღმდეგ მიმართულ იარაღად წარმოჩდეს.
ამასთან, ორგანიზაციის აზრით, აღნიშნულ საქმეზე სხდომების დანიშვნის დაჩქარების პრაქტიკა აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არის აღნიშნული დაკავშირებული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან, რაც ასევე იწვევს შეშფოთებას სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და ეფექტიანი დაცვის გარანტიების სრულყოფილად უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 23 ივნისს ზემოთ ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს მიმართა თხოვნით, რომ ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე, რამდენიმე წუთით დაეტოვებინა სხდომის დარბაზი, რაზეც სასამართლოსგან მიიღო უარი, რასაც საბოლოოდ მოჰყვა სასამართლოს უპატივცემულობის საფუძვლით ადვოკატის სხდომის დარბაზიდან გაძევება. სხდომას არ ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილი. თამარ მახარობლიძემ სააკაშვილს დაუნიშნა საზოგადოებრივი ადვოკატი.
25 ივნისს კი, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ნიკა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი დააჯარიმა და გააძევა სხდომის დარბაზიდან. მიზეზად სასამართლო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელის შეშლა დასახელდა.
საძაგლიშვილის თქმით, მოსამართლემ სრულიად უსაფუძვლოდ მიიღო გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის დარბაზიდან მისი გაძევების თაობაზე: „პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა კითხვის განრიდების შესახებ, ამის შემდეგ მან მოისმინა ნიკა გვარამიას პოზიცია და მეც მინდოდა, როგორც მის ადვოკატს პოზიციის დაფიქსირება, თუმცა ამის საშუალება არ მომცა და ისე განარიდა შეკითხვა - ეს მაშინ, როდესაც პირდაპირი ვალდებულებაა, ერთი მხრივ, სასამართლოსი და მეორე მხრივ, პირდაპირ კანონით გათვალისწინებული უფლებაა ადვოკატის, რომ თვითონაც დააფიქსიროს პოზიცია კითხვის განრიდებასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. ჩემი მხრიდან არც შეურაცხყოფის მიყენებას ჰქონია ადგილი, არც სასამართლო სხდომის ჩატარებისთვის ხელშეშლას“,- აღნიშნავს საია.
საიას შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს დაცვის უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას, მათ შორის, უფლებას, პირმა ისარგებლოს საკუთარი არჩეული დამცველის იურიდიული დახმარებით. ადვოკატის სხდომიდან გაძევებამ და მისი საზოგადოებრივი ადვოკატით ჩანაცვლებამ არსებითად დააზიანა დაცვის მხარის შესაძლებლობა, ეფექტიანად განეხორციელებინა დაცვის უფლება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ პროცესის შეუფერხებლად ჩატარება, არამედ ეფექტიანი დაცვის უზრუნველყოფაც. ეფექტიანი დაცვა ყოველთვის ვერ მიიღწევა მხოლოდ იმით, რომ სხდომას ესწრება რომელიმე ადვოკატი. მნიშვნელოვანია დასაცავ პირსა და ადვოკატს შორის ნდობა, კონკრეტული პირის ბრალდების ნაწილში სისხლის სამართლის საქმის მასალების ცოდნა და დაცვის სტრატეგიის შეთანხმების და მომზადების შესაძლებლობა.
„აღნიშნული შესაძლებლობის არქონაზე და იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ნაწილში სისხლის სამართლის საქმის მასალების სრულყოფილად გაცნობის შესაძლებლობა არ ჰქონდა, სხდომაზე აპელირებდა კიდეც სააკაშვილისთვის იძულების წესით დანიშნული საზოგადოებრივი ადვოკატი, თუმცა სასამართლომ აღნიშნულიც არ გაითვალისწინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ სააკაშვილის ინტერესებს იცავდა მის მიერ არჩეული სხვა ადვოკატიც, რომელიც მართალია სხდომაზე არ იმყოფებოდა, თუმცა მყისიერად საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნასთან მიმართებით აღნიშნული გარემოება სასამართლოსთვის საყურადღებო უნდა ყოფილიყო.
ამასთან, დაცვის მხარის განმარტებით, აღნიშნული შემთხვევა არ ყოფილა იზოლირებული ფაქტი. მათი თქმით, მოსამართლე საქმის განხილვის მთელი პერიოდის განმავლობაში ავლენდა მიკერძოებულ და უარყოფით დამოკიდებულებას ადვოკატების მიმართ, რაც გამოიხატებოდა მათი პროცესუალური უფლებების შეზღუდვის მცდელობებში, შუამდგომლობებისადმი აშკარად ნეგატიურ დამოკიდებულებაში და პროფესიული საქმიანობის განხორციელებისთვის ხელის შეშლაში. დაცვის მხარის პოზიციით, ადვოკატის გაძევება იყო არა აუცილებელი საპროცესო ღონისძიება, არამედ მოსამართლის მიერ საკუთარი უფლებამოსილების არაპროპორციული გამოყენების კიდევ ერთი გამოვლინება”, - წერს საია განცხადებაში.
საია განმარტავს, რომ ადვოკატის სასამართლო სხდომიდან გაძევება არის უკიდურესი ზომა და უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო, პროპორციულ და დასაბუთებულ საფუძველს. აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც იგი უხეშად არღვევს სამართლებრივ ან ეთიკურ ნორმებს. დაუშვებელია, დაცვის უფლებას კანონისა და პროფესიული ეთიკის შესაბამისად დასმული კითხვების და დაფიქსირებული პოზიციების გამო, ადვოკატისთვის შენიშვნის მიცემა ან/და გაძევება. ასეთი გადაწყვეტილებები ზრდის მოსამართლეთა თვითნებობის რისკს და აზიანებს ადვოკატის საქმიანობის ეფექტიანობას, რაც, საბოლოო ჯამში, გავლენას ახდენს დაცვის უფლების უზრუნველყოფაზე.
რაც შეეხება სხდომების დაჩქარებულად ჩანიშვნას, საიას შეფასებით, აღნიშნულ საქმეზე სხდომების დანიშვნის დაჩქარების პრაქტიკა აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არის აღნიშნული დაკავშირებული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან, რაც ასევე იწვევს შეშფოთებას სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და ეფექტიანი დაცვის გარანტიების სრულყოფილად უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
“არსებული ინფორმაციით, სასამართლო სხდომები მაღალი ინტენსივობით ინიშნება, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია სხდომების განრიგთან დაკავშირებით სათანადოდ არ არის გათვალისწინებული. ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია, სასამართლო თავად იყოს დაინტერესებული და განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდეს, იმისთვის, რომ სწრაფი მართლმსაჯულება არ განხორციელდეს დაცვის უფლების ხარჯზე, მით უფრო მაშინ, როცა სასამართლო არ არის შეზღუდული საპატიმრო ვადებით.
„საკმარისი დროისა და შესაძლებლობის“ სტანდარტის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქმის სირთულეს, დაცვის მხარის წინაშე არსებულ ობიექტურ გამოწვევებსა და იმას, რამდენად შეეძლო პირს საკუთარი უფლებების ეფექტიანად დაცვა. პროკურატურის ან/და სასამართლოს მხრიდან სხდომების დაჩქარების მოტივად გაჟღერებული სწრაფი მართლმსაჯულების მიზანი, რამდენად ლეგიტიმურიც არ უნდა იყოს იგი, არ უნდა იქცეს დაცვის უფლების შეზღუდვის გამამართლებელ არგუმენტად. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასამართლოს პრაქტიკა სხვა საქმეებთან მიმართებით მსგავსი ოპერატიულობით არ გამოირჩევა.
რამდენიმე პოლიტიკოსის მიმართ მიმდინარე საქმეებზე ამავე სასამართლოში საქართველოს პროკურატურა წლებია აწარმოებს სხვა სისხლის სამართლის საქმეებს, აღნიშნულ საქმეებთან მიმართებით კი სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის საჭიროება, პრაქტიკაში არ გამხდარა არც სასამართლოს და არც პროკურატურის განსაკუთრებული ყურადღების საგანი. ამის ფონზე, კონკრეტული საქმის მიმართ განსხვავებული მიდგომა ნამდვილად აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს სასამართლოს პრაქტიკის შერჩევითობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მაღალი პოლიტიკური მდგენელის მქონე საქმეებში”, - წერს საია.
საია საზოგადოებას შეახსენებს, რომ საიას შეფასებით, სასამართლო სხდომების დახურვა, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებისთვის, იმთავითვე აჩენდა საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლემ საჯაროობის შეზღუდვის გზით თავიდან აირიდა დისკომფორტი, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს სხდომაზე გაჟღერებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ან/და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. თუმცა, მოსამართლე თამარ მახარობლიძე ისე წარმართავს სასამართლო სხდომებს, რომ საზოგადოებას დახურული სასამართლო განხილვის პირობებშიც კი ობიექტურად ექმნება შთაბეჭდილება, რომ სხდომების დაჩქარება მიმართულია წინასწარ განსაზღვრული შედეგის გარკვეულ ვადებში დადგომისკენ.
„ამასთან დაუშვებელია სასამართლოს მხრიდან საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის მექანიზმის ისეთი თვითნებური გამოყენება, რომ ეს ინსტიტუტი დაცვის უფლების განხორციელების წინააღმდეგ მიმართულ იარაღად წარმოჩინდეს”,- დასძენს ორგანიზაცია.
საია მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ მიმდინარე ეს სისხლის სამართლის საქმე პროცესის წარმართვის მოდალობებშიც ავლენს პოლიტიკური მდგენელის აშკარა ნიშნებს.
„იმ პირობებშიც კი, რომ მოსამართლე თ. მახარობლიძემ საია, როგორც მიუკერძოებელი დამკვირვებელი, პროცესებს არ დაასწრო მათი დახურვის შემდეგ, საია ამ საქმის მასალებს დეტალურად სწავლობს და საზოგადოებას მომავალში გააცნობს შესაბამის შეფასებას ამ საქმეში სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსობრივი და პროცედურული გარანტიების უზრუნველყოფაზე”, - წერს საია.