მიხარია, რომ გერმანიის ელჩი მშვიდობით წავიდა და ისიც ნაცემი და ძალადობის მსხვერპლი არ გახდა ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა თამარ კეკენაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომლითაც ის ქართველ ხალხს ემშვიდობება.
ის, ამასთან, გამოეხმაურა ცენტრალური და შუა აზიის მიმართულებით საქართველოს საგარეო პოლიტიკის გააქტიურებას, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტს ყაზახეთში და ამ ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებას. როგორც კეკენაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას საგარეო პოლიტიკა არ აქვს, ეს უკანასკნელი კი არის პოზირება „თითქოს მათ ვიღაც ელაპარაკება“.
„ქართულ ოცნებას“ არანაირი საგარეო პოლიტიკა არ აქვს. „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა არის ივანიშვილის პირადი საგარეო პოლიტიკა. კობახიძის ვიზიტი არის უბრალოდ მცდელობა იმისი, განცდა შექმნას, რომ ვიღაც მაინც ესაუბრება. თავისთავად ყაზახეთთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ჩვენს მეზობლებთან უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის ანა-ბანა საგარეო ურთიერთობის და ნებისმიერი ქვეყნის ინტერესი. აქ მთავარი არის ის, რა არის ჩვენი ეგზისტენციალური ინტერესი იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დაბრუნება, ეს ყველაფერი კი დაკავშირებულია ევროკავშირში ინტეგრაციასთან და სწორედ ეს გააჩერა კობახიძემ. ამის საპირწონედ, რაც არ უნდა გააკეთოს, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არ დარდება. ჩინეთთანაც უნდა გვქონდეს ეკონომიკური ურთიერთობა, ცენტრალურ აზიასთანაც, მაგრამ ახლა რასაც აკეთებს კობახიძე, ეს არის პოზიორობა, მათ შორის, ჩვენი ყოფილი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით. ის, რომ შუა კორიდორი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პროექტი არა მარტო აშშ-ისთვის, არამედ ევროკავშირისთვის და ხვალ და ზეგ ევროკომისიის პრეზიდენტი ჩადის სომხეთში და ჩადის აზერბაიჯანში, მაგრამ არ ჩამოდის საქართველოში, ამის გადაფარვას ცდილობს კობახიძე, მაგრამ მე მგონი, საქართველოს მოქალაქეები ისეთი გათვითცნობიერებულები არიან, რომ არავისი ახსნა არ სჭირდებათ, რომ კობახიძე არის პრემიერი, რომლის დროსაც გაჩერდა ევროპული ინტეგრაცია, ის არის პრემიერი, რომლის დროსაც დასანქცირდნენ ამ ქვეყანაში, მათ შორის, ივანიშვილი, ის არის პრემიერი, რომლის დროსაც გაღარიბდნენ საქართველოს მოქალაქეები. ამას არაფერი შეცვლის. რა თქმა უნდა, ექნებათ მცდელობა, რომ გადაფარონ ის ძალადობა, რაც მოხდა წინა კვირაში, გადაფარონ ის, რომ პენსიები არ იზრდება, უმუშევრობა იზრდება, ეს არის მათი მხრიდან საკუთარი ამომრჩევლის წინაშე იმის დამტკიცება, რომ ვიღაც ელაპარაკება მათ“,- განაცხადა კეკენაძემ.
იმის დასტურად, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი შორს მიმავალი სტრატეგიული ხედვა არ აქვს, კეკენაძემ აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათ მიერ პარლამენტში შეტანილი ანექსიური პროცესების დამგმობი რეზოლუციისთვის მსვლელობის მიცემაც ვერ გაბედა.
„პარლამენტში ჩხუბისა და ძალადობის ერთ-ერთი მიზეზი, რაც დაიწყო ჩვენ წინააღმდეგ, სწორედ ის იყო, რომ კობახიძე ისეთი მხდალია, რომ ვერ მოახერხა ელემენტარული პასუხის გაცემა, რატომ არ იღებენ ხმას ოკუპაციაზე და ანექსიურ პროცესებზე, რაც ახლა მიმდინარეობს. რამდენიმე კვირის წინ პარლამენტში შევიტანეთ რეზოლუცია, რომელიც გმობს ანექსიურ პროცესებს და ისიც ვერ გაბედეს ჯერ, რომ დაეწყოთ ამ საკითხზე მსჯელობა, კომიტეტებშიც კი ვერ შეიტანეს, იმიტომ, რომ იცოდნენ, რა დონის საჯარო გამოხმაურება ექნებოდა ამ ყველაფერს. მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, რომ შემდეგ სასესიო ეტაპზე მივიყვანოთ ეს ყველაფერი ბოლომდე,“- განაცხადა კეკენაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა პარლამენტში განვითარებულ ძალადობრივ პროცესებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის შეფასებას, რომელმაც მომხდარს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მხრიდან პროვოკაცია უწოდა ადა აღნიშნა, რომ გავა დრო და ცოტნე ივანიშვილი მიხვდება „რა ტიპის ძალადობრივი ხროვა ჩამოაყალიბა მამამისმა“.
„ახალგაზრდა ადამიანია, მთელი ცხოვრება წინ აქვს და ძალიან სამწუხაროა, რომ რეალურად მამამისი მასაც იყენებს ამ სისტემური ძალადობის ნაწილად აქცევს. გავა დრო და თვითონვე შერცხვება იმის, თუ რა ტიპის ძალადობრივი ხროვა ჩამოაყალიბა მამამისმა და საით წაიყვანა ეს ქვეყანა. თან ამას ამბობს ახალგაზრდებთან შეხვედრაზე და ამას ამბობს იმ დროს, როდესაც თან საუბრობს, რომ ამ ქვეყანაში პოლარიზაცია უნდა აღმოიფხვრას და ძალადობა უნდა აღმოიფხვრას და თვითონ არის ამ ყველაფრის მონაწილე. ნაცვლად იმისა, რომ ელემენტარულად საკუთარ თავზე მაინც ეფიქრა და იმ ახალგაზრდებზე ეფიქრა, ვინც მაგ კომენტარის მიცემისას იქ იყვნენ, რა ქვეყანაში აპირებენ თვითონ ცხოვრებას. იმიტომ, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, ჩვენ ყველა ერთად ამ ძალადობრივ რეჟიმს შევცვლით და მასაც მოუწევს ამ ქვეყანაში ცხოვრება და გავა რამდენიმე წელი, შევხვდებით პირდაპირ ეთერში და ვისაუბრებთ, მერე რა კომენტარს გააკეთებს თვითონ ეს ადამიანი, “ - განაცხადა კეკენაძემ.