ფიქრია ჩიხრაძე - ქვეყანა დენთის კასრზე ზის, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა და იმედი მაქვს, პატრიარქის ხმას გავიგებთ - ვხედავთ საქართველოში „კადიროვულ დაჯგუფებებს“

ქვეყანა დენთის კასრზე ზის, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა - საპატრიარქომ ამაზე ხმა უნდა ამოიღოს. იმედი მაქვს, პატრიარქის ხმას გავიგებთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“ ახალი მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, აღნიშნული „დაჯგუფება“ სახელისუფლებო კალთის ქვეშ შეიქმნა და უნდა ველოდოთ, რომ მას მხოლოდ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამოიყენებენ.

ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ ამ ტიპის ორგანიზაციების შექმნაში სამოქალაქო დაპირისპირების რისკი დევს და „ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ ეს ადამიანები მოქმედებას ხელისუფლების მითითებით აპირებენ“.

„მე, უპირველეს ყოვლისა, ამას სახელმწიფოს ჩამოშლის ერთ-ერთ ძალიან ძლიერ ნიშნად მივიჩნევ. შეუძლებელია სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ინსტიტუტები გამართულად მუშაობს, კანონი კანონობს, კონსტიტუცია კონსტიტუციის დონეზეა, მსგავსი რამ იქმნებოდეს და ამაზე რეაქცია არავის ჰქონდეს. პირიქით, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთგვარი მხარდაჭერის ტექსტებს გამოთქვამენ ამ მოძრაობის მიმართ. ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ ეს ადამიანები ხელისუფლების მხარდამჭერები არიან და მათი მითითებით აპირებენ ქმედებებს - ეს იქნება დაპირისპირება განსხვავებულ აზრთან, განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან. მე ძალიან ძნელად წარმომიდგენია ნებისმიერი იქ მჯდომი ადამიანი 15-20 წუთით რომ დასვა და ქართულ ღირებულებებზე ალაპარაკო - რა წარმოდგენები აქვთ?! რა წარმოდგენები აქვთ, მათ შორის, ეკლესიაზე?! როგორ შეიძლება ადამიანს მუშტით წარმოედგინოს იმის დაცვა, რაც სამყაროში ყველაზე ძლიერია?! ქრისტეს სიტყვაზე და ქრისტეს ეკლესიაზე ძლიერი ამ საუკუნეების განმავლობაში არაფერი შექმნილა. ამათი დაცვის გარეშე მოვიდა აქამდე ეს ყველაფერი. ვიღაცამ გადაწყვიტა ახლა თავისი შეხედულებისამებრ ძალადობრივი ქმედებები განახორციელოს და ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად ამოვარდნილია ყველაფრიდან,“ - განაცხადა ჩიხრაძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ „დაჯგუფების“ წარმომადგენლების გუნება-განწყობაზე და შეხედულებებზე უნდა იყოს დამოკიდებული, როგორ განვითარდება საქართველოში დემოკრატიული პროცესები, რაც ანომალიური მოვლენაა.

ჩიხრაძე აღნიშნავს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მხრებზეა.

„მე იმედი მაქვს, რომ [პატრიარქის] ხმას გავიგებთ, იმიტომ, რომ სამოქალაქო დაპირისპირების რისკი დევს ამ ტიპის ორგანიზაციების შექმნაში და ამ ტიპის ქმედებების განხორციელებაში - როდესაც ადამიანები ადამიანებს შეხედულების გამო, ერთმანეთს უპირისპირდებიან. დაჯგუფება, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, პირდაპირ შეიქმნა სახელისუფლებო კალთის მფარველობის ქვეშ და უკვე უნდა ველოდოთ, რომ მას მხოლოდ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამოიყენებენ.

გუშინ ვიღაცები ამბობდნენ, წადით და საოკუპაციო ხაზთან დაეხმარეთ ადამიანებსო. თითქოს ეს კარგად ჟღერს, მაგრამ არაფორმალური დაჯგუფება, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირების, ან ძალადობრივი დაპირისპირების ნიშანს შეიძლება ატარებდეს, არც საოკუპაციო ხაზთან უნდა იყოს, იმიტომ, რომ იქ პროვოკაციების დიდი საშიშროება არსებობს. ასეთი დაცვა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებმა, უწყებებმა, კანონმა უნდა განახორციელოს და არა არაფორმალურმა დაჯგუფებებმა და ორგანიზაციებმა - ადამიანებმა, რომლებიც უბრალოდ, ვერც კი აყალიბებენ, რა უნდათ, რისთვის შეიკრიბნენ. ამ ხალხის გუნება-განწყობაზე და შეხედულებებზე უნდა იყოს დამოკიდებული, როგორ განვითარდება საქართველოში დემოკრატიული პროცესები. ეს არის ანომალიური მოვლენა.

ვიღაცა საპატრიარქოს მიმართავს და მეც მგონია, რომ საპატრიარქომ ამაზე ხმა უნდა ამოიღოს, მაგრამ პასუხისმგებლობა არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მხრებზე. ეს ყველაფერი კრიმინალურ სიტუაციას და დაპირისპირებას შეუწყობს ხელს. ხელისუფლება არის პასუხისმგებელი ამ ტიპის ძალის შექმნაზე, წახალისებაზე, მფარველობაზე, რომელიც შეიძლება ხვალ და ზეგ რაღაც უკონტროლო პროცესად მოევლინოს საქართველოს და მათ შორის, ხელისუფლებასაც,“ - აღნიშნა მან.

ამასთან, ფიქრია ჩიხრაძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც კი ძალიან კარგად ესმით, რომ არ შეიძლება ქვეყანა დაბრუნდეს იმ ქაოსსა და უბედურებაში, რაც ჩვენ სამი ათეული წლის წინ გავიარეთ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმედს გამოთქვამს, რომ ეკლესიისა და საზოგადოების, მათ შორის, თავად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების აქტიური ძალისხმევით, ვითარება მასშტაბურ დაპირისპირებამდე არ მივა.

„ქვეყანა დენთის კასრზე ზის. სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეც არის. მე მგონია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც კი ძალიან კარგად ესმით, რომ ქვეყანა აღარ შეიძლება დაბრუნდეს იმ ქაოსში და უბედურებაში, რაც ჩვენ სამი ათეული წლის წინ გავიარეთ, მაგრამ მათ აქვთ რუსული მაგალითები. ეს დაჯგუფებები ყველაზე მეტად გვაგონებს კადიროვულ დაჯგუფებებს, რომლებიც უზრუნველყოფილი არიან კარგი ცხოვრებით, მანქანებით, ძვირფასი ნივთებით, იარაღით და ნებისმიერი დაპირისპირების დროს წინა ხაზზე ჩნდებიან. დაპირისპირებაში იგულისხმება კადიროვს ვინც არ მოუვა თვალში, იმათ გაუსწორდნენ. აქაც ამ ტიპის დაჯგუფება იქმნება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ვინც არ მოუვათ თვალში, იმ ადამიანებს რომ გაუსწორდნენ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იგივე ეკლესიის ძალისხმევით, საზოგადოების ძალისხმევით და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების აქტიური ძალისხმევითაც, ასეთი რამ მასშტაბურ დაპირისპირებამდე არ მივა. ძალიან მძიმედ მოეკითხება იმათ, ვინც ასე უპასუხისმგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას და ქვეყანაში ასეთი მომატებული რისკის ჯგუფებს ქმნის,“ - აღნიშნა ჩიხრაძემ.

გარდა ამისა, ის გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, „რომ ევროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის შესაძლოა, უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს“ და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აღარაფერს მალავენ და სათქმელს პირდაპირ ამბობენ.

„მე მგონი, ცხადად ამბობს, რისი თქმაც უნდა. ეს ადამიანები არაფერს მალავენ. მე ვფიქრობ, ისინი რუსეთს მუდმივად მუდმივად უპატაკებენ, სულ რომ ფიანდაზები დაგვიგონ, ჩვენ თქვენს დავალებას ვასრულებთ და არ გადავდგამთ ნაბიჯს ევროკავშირისკენო. მეორე - ამით ცდილობენ ქართული საზოგადოება მოატყუონ, რომელსაც უნდა ევროპა, ევროპული ყაიდის სახელმწიფო.

ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მივიდა იმ ზღვრამდე და ძალიან კარგად ხედავენ, რომ აბსოლუტურად უსამართლოა, როცა ტროტუარზე დგომის გამო ადამიანს იჭერ. „ფეისბუქზე“ დაწერილი სიტყვის, ან ცარიელი პლაკატის გამო რომ იჭერ ადამიანებს, უსამართლობის განცდას და საფრთხეს აჩენს, თავად ამ ადამიანებისთვის სამომავლოდ. მე არ მგონია, ფიზიკური დაპირისპირების ჯგუფების შექმნა ვინმეს უნდოდეს ,რადგან ეს ყველაფერი გვაშორებს ევროპულ ცივილიზებულ სამყაროს და გვაახლოებს ქაოსს, კადიროვულ სისტემასთან, რუსულ სისტემასთან. იშლება ეს უპატრონო სისტემა და გავახილოთ ცოტა თვალი და დავინახოთ, რომ ამით საქართველო უკეთეს მომავალს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეინარჩუნებს,“ - განაცხადა ჩიხრაძემ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს