რუსოფობია და ზოგადად, ქსენოფობია ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენაა - ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ხელოვნური, ხელოვნური კოორდინაციისა და მართვის შედეგი, - ეს განცხადება დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში გაჩაღებულია რუსოფობიური კამპანია, რაც აბსოლუტურად ხელოვნურია და ყველაფერი გარედან, “დიფ სტეიტის“ საერთო ქოლგის ქვეშ იმართება.
კობახიძის თქმით, 2022 წელს სამი რუსოფობიური კამპანია იყო, რაც გაგრძელდა წელს და არის ახალი ტალღა. მისივე შეფასებით, აღნიშნული კამპანიის მიზანია საქართველოში ტურისტულ ტალღაზე შეტევა, ეკონომიკური კავშირების მოშლა და ეკონომიკისთვის დარტყმის მიყენება
“არსებობს კონკრეტული ფაქტები, ვრცელდება ვიდეოები, სადაც არარსებული პირები არარსებულ ფაქტებზე საუბრობენ თუ როგორ შეურაცხყოფენ რუს ტურისტებს საქართველოში. ეს არის ტყუილი, თუმცა ვხედავდით კოორდინაციას ქვეყნის გარედან, რაც მხარდაჭერილი იყო ქვეყნის შიგნით.
ამ კონტექსტში ჯდება გიორგი ბარამიძის განცხადება. მისი განცხადება ვერ იქნება განხილული როგორც შემთხვევითი მოვლენა, როდესაც 35 წლის წინანდელ საკითხზე ასეთ ტყუილს კადრულობს. როდესაც ვხედავთ თუ როგორ დადიან უცხოელი აგენტები ბათუმის პლაჟზე რუსოფობიური განცხადებებით, ბანერებით, გზავნილებით. რა თქმა უნდა, ესეც ამ კოორდინაციის შედეგია. კამპანიას აწარმოებენ პოლიტიკოსები, პარტიული აქტივი, პარტიული ტელევიზიები, რომლებიც კოორდინირებულად მხარს უჭერენ ამ რუსოფობიურ კამპანიას. ეს არის ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნით კოორდინაციის შედეგი - ყველა ერთად ცდილობს, რომ ეს კამპანია გააღვივოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ რუსოფობიური კამპანია სტატისტიკაზე გავლენას ვერ ახდებს, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე.
“ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ჩვენს ტურისტს, რადგან ეს არის ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი. თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ შეიძლება მიაღწიონ წარმატებას, რადგან დიდი რესურსია ჩართული. თუ ჩვენ ისე მყარად დავდგებით, როგორც დავდექით თავის დროზე - 2022 წელს, როდესაც ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნას, სანქციების დაწესებას, მოხალისე მებრძოლების გაგზავნას ითხოვდნენ და რუსოფობიურ კამპანიებს აწარმოებდნენ, როცა საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზე დადგა, ვერაფერს მიაღწიეს. ახლაც თუ ყველა ერთად დავდგებით, ეს კამპანიები თავის შედეგს ვერ მიაღწევს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2022 წელს რუსოფობიურ კამპანიაში ზუსტად ისინი იყვნენ ჩართული, ვინც 2009-2011 წლებში რუს ტურისტებს მიესალმებოდნენ და ამბობდნენ, რომ ფულს სუნი არ ჰქონდა.
„2009 წელს, 2010 წელს, 2011 წელს რუს ტურისტს ყვავილებით რომ ხვდები, ელენე ხოშტარია, მიშა მშვილდაძე და ზურა ჯაფარიძე რომ ხარ, რომელიც გამოდიოდი და რუსულ ფულს, რუსულ კაპიტალს და რუს ტურისტს მიესალმებოდი, ხოლო დღეს გამოდიხარ და აქციებსა და კონცერტებს აწყობ ქორწილებთან. რუსებს საქართველოში ქორწილი ჰქონდათ და ხოშტარია, რომელიც 2009-2011 წლებში რუს ტურისტებს მიესალმებოდა, რუსების ქორწილთან აქციას აწყობდა. ამის შემდეგ გახსოვთ, პარტიული ტელევიზიების მიერ გაშუქებული კამპანიები საკრუიზო გემთან. გემით ტურისტები ჩამოდიოდნენ და საკრუიზო გემს დახვდნენ. რა განსხვავება იყო ლარსიდან და აეროპორტიდან შემოსულ ტურისტსა და საკრუიზო გემით შემოსულ ტურისტ შორის?! ეს ვერავინ ახსნა, მაგრამ საკრუიზო გემით შემოსული ტურისტებისთვის სამარცხვინო აქცია მოაწყვეს და რუსოფობიური კამპანია გააჩაღეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.