ქართული პრესის მიმოხილვა 10.12.2018

სანდრო თვალჭრელიძე - “პოლიტიკაშიც და მთავრობაშიც ახალი ხალხი უნდა მოვიდეს”

საქართველოს ფრანგული “მიკა” და “ასტერ 30”-ები სჭირდება

რატომ არ შემოუშვეს ირანის მოქალაქეები საქართველოში

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “პოლიტიკაშიც და მთავრობაშიც ახალი ხალხი უნდა მოვიდეს”

“ამ არჩევნებით ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” კარგი გაკვეთილი მიიღეს. რომ შევადაროთ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუები პირველ ტურამდე და მას შემდეგ, ადვილად დავინახავთ, რომ ისინი ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება. თავდაპირველად ივანიშვილი იყო სრულიად თავდაჯერებული და ლამის იმუქრებოდა, შემდეგ კი მყისიერად აღიარა ყველა შეცდომა და მათი გამოსწორების პირობაც დადო”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პოლიტიკაშიც და მთავრობაშიც ახალი ხალხი უნდა მოვიდეს” / “ოცნებაში“ დიდი “გადახარისხება” იწყება?! / კულუარებში საუბრობენ, რომ სამთავრობო და პარტიული ცვლილებები კობახიძეს, გახარიას და კალაძესაც შეეხებათ / “ისე ჩანს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წიაღში აფეთქება მზადდება, რაც ამ პარტიის კრახითაც შეიძლება დასრულდეს”.

“ბოლო 25 წელია გავიძახი, რომ საჭიროა ეკონომიკის სწრაფი განვითარება. ჩემი აზრით, ამას, მგონი, ბიძინა ივანიშვილიც მიხვდა, ყოველ შემთხვევაში, მისი განცხადებები პირველი ტურის შემდგომ ამაზე მიანიშნებდა. ერთ წელიწადში შეიძლება ვერ გამოსწორდეს ყველა პრობლემა, მაგრამ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, მაგალითად, უმუშევრობის შემცირება. აუცილებლად უნდა შევებრძოლოთ სიდუხჭირეს, ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს დასაქმების შესაძლებლობა. ამიტომაც ვიმეორებ - აუცილებლად უნდა განვითარდეს მწარმოებლური ეკონომიკა. სავარაუდოდ, პერსონალიების ცვლილება, თუნდაც მასშტაბური, დიდად შედეგიანი არ იქნება, რადგან სრულიად შესაცვლელია საკადრო პოლიტიკისადმი მიდგომა, ანუ თანამდებობაზე უნდა დაინიშნონ არა პარტიული და ერთგულების, არამედ პროფესიული ნიშნით. ჩვენ გვჭირდება ტექნოკრატიული მთავრობა და სანამ ასეთი მთავრობა არ მოვა ქვეყნის სათავეში, არაფერი გვეშველება. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკაშიც და მთავრობაშიც ახალი ადამიანები შემოვიდნენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო “თვალჭრელიძე.

“ნუ ეგონება “ქართულ ოცნებას”, რომ 1 150 000 მხარდამჭერი ჰყავს, ნურც `ნაციონალურ მოძრაობას~ ეგონება, რომ 750 000 კაცი უჭერს მხარს. არა, ბატონო, ესენი არიან ამომრჩევლები, რომლებიც ხმას აძლევენ არა ვინმეს სასარგებლოდ, არამედ საწინააღმდეგოდ. ოპოზიციურმა გაერთიანების ძალიან სუსტმა და არცთუ ხალხმრავალმა აქციამ ცხადყო, რომ 750 000 ხმა ვაშაძემ და `ნაციონალურმა მოძრაობამ~ კი არ მიიღეს, არამედ `ქართული ოცნებისა~ და სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგოდ მისცა ამომრჩეველმა, რომელსაც სხვა ალტერნატიული არჩევნის საშუალება არ ჰქონდა. ჩემი აზრით, “ნაციონალურ მოძრაობას” მხარს, ალბათ, ამომრჩევლის 10-12% თუ უჭერს, `ქართულ ოცნებას” კი _ 23-24%. ყველაზე კარგი იქნებოდა, ვაშაძეს ეცნო არჩევნების შედეგი და ჩასულიყო ინაუგურაციაზე. ეს იქნებოდა ცივილიზებული საქციელი - არჩევნების შედეგებს რომ არ ცნობენ, ამით თავს კომიკურ მდგომარეობაში იგდებენ. იმ მილიონ-ნახევარ კაცს, ვინც სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი, ხალხად არ თვლიან და შეურაცხყოფენ. ნაცვლად იმისა, მომხრეების გამრავლებას ცდილობდნენ, მტრებს იმრავლებენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას, ჩემი აზრით, ეს შეუსრულებელი მოთხოვნაა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენს კონსტიტუციას პატივი უნდა ვცეთ, წააგე არჩევნები? - კეთილი ინებე და დაელოდე მომავალ არჩევნებს... სამუშაო ჯგუფი შევქმნათო, რომ გაიძახიან, ამგვარი ჯგუფი კონსტიტუციის ცვლილებებზე მუშაობისას იყო შექმნილი, მაგრამ კონსენსუსამდე მაშინაც ვერ მივიდნენ, რადგან გაჩნდა უმრავლესობის დაშლის საფრთხე - ამის წინააღმდეგ მაჟორიტარი დეპუტატები წავიდნენ. მეეჭვება, თანამშრომლობა ამ თემებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოხერხდეს. ყველაფერზე უარი რომც თქვას ხელისუფლებამ, “ნაციონალურ მოძრაობას” მასზე ზემოქმედების რესურსი არა აქვს - ახლა რომ ამბობენ, თურმე ინაუგურაციის დღეს შეიძლება თელავში ჩაატარონ საპროტესტო აქცია, რომელიც სრულიად უშედეგო და უმნიშვნელო იქნება, - გამოჩნდა, ამ ბრძოლის მეთოდებს “ნაციონალურ მოძრაობაშიც” ყველა არ ეთანხმება. მოისმენდით სალომე სამადაშვილის პოზიციას, რომელიც არ იზიარებს იმ მეთოდებს, რასაც მიმართავს `ნაციონალური მოძრაობა~ პოსტსაარჩევნოდ. აშკარაა, ამ პოზიციას პარტიაში ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. ისე ჩანს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წიაღში აფეთქება მზადდება, რაც ამ პარტიის კრახითაც შეიძლება დასრულდეს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“საზოგადოებამ პროტესტი რომ გამოხატოს და ქუჩაში გავიდეს, უნდა ჰქონდეს ალტერნატივა, ანუ `ქართული ოცნება~ ვინ უნდა ჩაანაცვლოს?! `ნაციონალურმა მოძრაობამ~? ამაზე ქართველი საზოგადოება არ წავა. სანამ არ არსებობს მესამე ძალა, ასეთი დემარშები განწირულია წაგებისთვის. საზოგადოებაში აშკარად არის დაკვეთა მესამე ძალაზე, მათ რაც უნდა ქნან, ბოლოს და ბოლოს, გაჩნდება ეს ძალა. მთავარია, იყოს იდეა და ფინანსები... ალეკო ელისაშვილის მოძრაობა რას გვთავაზობს? სამწუხაროდ, ახალს არაფერს. იციან, რომ არის საჭირო მესამე ძალა, მაგრამ რა უნდა აკეთონ, არ იციან. ეს დაემართა ზვიად გამსახურდიასაც - მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ რა ეკეთებინა, არ იცოდა. ეს პრობლემა ნამდვილად აშკარაა, თუმცა იმედია, მალე ვითარება არსებითად შეიცვლება. ვფიქრობ, მეცენატებმა, კომპანიებმა, ხალხმა, რომელთაც ფული აქვთ, უნდა წაახალისონ ახალი ძალის პოლიტიკაში მოსვლა. სხვა შემთხვევაში, საზოგადოების ორ პოლიტიკურ ბანაკს შორის გახლეჩამ, მკვეთრმა პოლარიზაციამ ძალიან მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “ვრცელდება ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელია საკადრო გადაადგილებები...” - პასუხობს:

“ის, რომ გუნდი გადახალისებას საჭიროებს, აბსოლუტურად ცხადია. კულუარებში საუბრობენ, რომ სამთავრობო და პარტიული ცვლილებები კობახიძეს, გახარიას და კალაძესაც შეეხებათ... მე საერთოდ მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი, თუმცა გახარიაც საკმაოდ გონიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მეეჭვება, გადაადგილებები ახალ წლამდე მოხდეს. რაღა დაგიმალოთ და, პარლამენტშიც შეიძლება გაცილებით უკეთესი სპიკერის მოძებნა. რაც შეეხება კალაძეს, სიმართლე გითხრათ, მასთან რა პრეტენზიები შეიძლება ჰქონდეთ, არ ვიცი, იქნებ ის, რომ ძალიან დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად ყალიბდება... მოკლედ, მოდი, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ”.

საქართველოს ფრანგული “მიკა” და “ასტერ 30”-ები სჭირდება

“საფრანგეთიდან ანტისაჰაერო სისტემების შესყიდვა გრძელდება და როგორც თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, გასულ წელს ნაყიდი მცირე სიშორის ფრანგული ანტისაჰაერო კომპლექსის - “მისტრალის” შემდეგ ახლა უკვე მეორე ეტაპი იწყება და სულ მალე გვექნება მართვისა და კონტროლის თანამედროვე ფრანგული სისტემებიც. ეს სისტემები კი, როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, მოგვცემს საშუალებას, საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრილი უცხო საფრენი აპარატის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია წამებში გადამუშავდეს. თუმცა, ექსპერტებისვე თქმით, თუ საშუალო და შორი მანძილის სარაკეტო კომპლექსები არ გვექნება და მტრის თვითმფრინავებს ვერ ჩამოვაგდებთ, მარტო მართვისა და კოტროლის სისტემებს აზრი არ აქვს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საქართველოს ფრანგული “მიკა” და “ასტერ 30”-ები სჭირდება / ის, რისი შეძენაც ჩვენ ჯერ ვერ მოვახერხეთ, საფრანგეთმა ახლახან მიჰყიდა აზერბაიჯანს.

“თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ლევან იზორიამ საფრანგეთში ხელი უკვე მოაწერა კონტრაქტს და ანტისაჰაერო სისტემების შესყიდვა გაგრძელდება. ამჯერად საუბარია საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემის შესყიდვაზე. იზორიას თქმით, ანტისაჰაერო სისტემების შესყიდვა ჩვენი საჰაერო სივრცისა და საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცულობის მნიშვნელოვანი გარანტიაა და მეორეც, ეს სისტემა ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრირებას ნატო-ს ერთიანი კონტროლის სივრცეში. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ჩვენ უკვე გვაქვს რადიოლოკატორები, ინფორმაციის გადამუშავების სისტემა და მცირე რადიუსზე მოქმედი ანტისაჰაერო კომპლექსები, თუმცა უმნიშვნელოვანესია, რომ შემდგომში საშუალო და შორი რადიუსის თანამედროვე ანტისაჰაერო სისტემები ვიყიდოთ, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა 100 კილომეტრის სიშორეზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო სისტემა - “ასტერ 30”, რომელიც სულ ახლახან შეიძინა აზერბაიჯანმა და რომლის შესყიდვაც იგეგმებოდა ირაკლი ალასანიას მინისტრობისას, მაგრამ რატომღაც ბოლო მომენტში ეს შეთანხმება ჩაიშალა; ასევე, საშუალო სიშორის - 20-30 კილომეტრზე მოქმედი სისტემა “მიკა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ ახლა ვყიდულობთ სისტემას, რომლითაც მოხდება გათვლა, რომელი ტიპის საჰაერო წერტილები მოემართება საქართველოსკენ, დღემდე კი მხოლოდ საბჭოთა დროინდელი მართვისა და კონტროლის სისტემები გვქონდა, რაც ძალიან მოძველებულია. ამის შემდეგ უმთავრესია თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რათა წამოსული საჰაერო აპარატების ჩამოგდება შევძლოთ. “სულ ახლახან აზერბაიჯანმა შეიძინა ფრანგული სისტემა "ასტერ 30", რის შეძენასაც თავის დროზე საქართველო აპირებდა, მაგრამ როცა ირაკლი ალასანია საფრანგეთში ხელშეკრულებაზე ხელმოწერას გეგმავდა, მას მინდია ჯანელიძემ დაურეკა და ამის გაკეთება აუკრძალა. “მისტრალიც” და “ასტერ 30”-იც ფრანგული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებია, თუმცა მათ შორის დიდი განსხვავებაა. “ასტერ 30”-ს შეუძლია არა მარტო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების დაჭერა, საფრენი აპარატების ჩამოგდება, არამედ ბალისტიკური ტაქტიკური რაკეტების დაჭერაც. “მისტრალებს” კი მხოლოდ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების დაჭერა შეუძლია”, - ამბობს მაისაია, რომლის თქმით, “ის, რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ, გააკეთა აზერბაიჯანმა და შეისყიდა “ასტერ 30”, - განაგრძობს გამოცემა.

“სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ “არსენალის” მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილის აზრით, მეტ-ნაკლებად ეფექტიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა რომ შევქმნათ, საჭიროა სამი კომპონენტი: პირველი - საფრენი აპარატების აღმომჩენი რადიოლოკატორები, მეორე - აღმოჩენის შემდეგ ინფორმაციის მიმღები და გადამამუშავებელი მართვისა და კონტროლის ერთიანი სისტემა და მესამე - ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რომელიც მართვის ცენტრიდან მიიღებს ინფორმაციას და შემდეგ რაკეტებს გაუშვებს. “პირველი ხელშეკრულების თანახმად, შევიძინეთ რამდენიმე მობილური რადიოლოკატორი და მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები “მისტრალ-ატლასები”. ახლა, მეორე ეტაპზე, ხელი მოეწერა მართვისა და კონტროლის სისტემის შესყიდვას, ანუ მეორე კომპონენტს, რომლითაც უნდა დადგინდეს, ეს საფრენი სისტემა ვისია, რა სიმაღლეზე და რა მიმართულებით მიფრინავს, შემდეგ კი უნდა გაუშვა რაკეტა. თანამედროვე კომპიუტერული სისტემების წყალობით, ინფორმაციის გადამუშავება ძალიან სწრაფად ხდება და ამიტომაცაა ეს სისტემა კარგი”, - ამბობს ალადაშვილი. მისივე თქმით, ამ თანამედროვე სისტემის შესყიდვის დამატებითი პლუსი ისაა, რომ ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ადვილად ინტეგრირება მოხდება ნატო-ს ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში, როგორც ეს იზორიამ დააანონსა კიდეც”, - დასძენს გამოცემა.

“არსებობს ნატო-ს ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემა, რომელიც 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს მთელ საჰაერო სივრცეს. ჩვენ ვართ სამხრეთი ფლანგი. ამ მიმართულებაზე ძირითადად თურქეთია პასუხისმგებელი და თუ ჩვენც ჩავერთვებით ამ სისტემაში, ეს ნატო-სთვისაც მომგებიანია, რადგან საქართველოს ტერიტორიიდანაც მიიღებს ინფორმაციას. ჩვენ თუ ვიქნებით მისთვის ინფორმაციის მიმწოდებლები, იმედია, ისინიც მოგვაწვდიან და წინასწარ გვეცოდინება, დავუშვათ, რა საფრენი აპარატები უახლოვდება საქართველოს საჰაერო სივრცეს თუნდაც ჩრდილოეთიდან და ა.შ. ამ დროს ყველაფერს წამები წყვეტს და ამიტომაცაა ეს ინტეგრაცია მნიშვნელოვანი”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

“დაახლოებით ასეთი რამ ახლაც მოქმედებს, მაგრამ ეს უფრო თანამედროვეა. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და უკეთესი კონტროლისთვის ბევრი რადიოლოკატორია საჭირო. ახლა მთავარია საჰაერო თავდაცვის მესამე კომპონენტის გაძლიერება. მაგალითად, "მისტრალი", რაც უკვე გვაქვს, მცირე მანძილზე, მაქსიმუმ, 6 კილომეტრის რადიუსზე და 3 კილომეტრის სიმაღლეზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია. ამიტომ ახლა უკვე საჭიროა საშუალო სიშორისა და შორი მოქმედების თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენა. უნდა გვქონდეს საშუალო, ვთქვათ, 20-30 კილომეტრზე მოქმედი სისტემა, რაც შეიძლება დააკმაყოფილოს ფრანგულმა სისტემამ “მიკა” და შორი მოქმედების “ასტერ 30”, რომელსაც 100 კილომეტრზე შეუძლია მოქმედება. ეს ძალიან დიდ თანხასთანაა დაკავშირებული, მაგრამ თუ გვინდა, რომ მეტ-ნაკლებად დაცულად ვიგრძნოთ თავი, საჰაერო თავდაცვა ერთ-ერთი უმთავრესია ქვეყნისთვის. ლოკატორები და მართვის პუნქტი აუცილებელია, მაგრამ თუ რაკეტები არ გვექნება და ვერ იმოქმედებ, რა აზრი აქვს?!” - დაასკვნის ირაკლი ალადაშვილი.

რატომ არ შემოუშვეს ირანის მოქალაქეები საქართველოში

“ირანის საგარეო სამინისტროს სპიკერმა ბაჰრამ გასემიმ 3 დეკემბერს განაცხადა, რომ ირანის 200-მდე მოქალაქე საქართველოში არ შემოუშვეს იმის მიუხედავად, რომ საბუთები წესრიგში ჰქონდათ. ამ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია... ბოლო პერიოდში მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციებით თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ოფისებსა და სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს, ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა, შავი ბუღალტერია და ირანული წარმოების ტერმინალები; პოლიციამ ანაკლიაში ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქე დააკავა; გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს ირანის მოქალაქე; თბილისი-ისპაჰანის რეისის რამდენიმე­ მგზავრ ქალს თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა ჰიჯაბის მოხდა სთხოვა. ირანმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, აღკვეთოს მსგავსი ინციდენტები, აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურს კი მოუწოდა, ჰიჯაბიანი მუსლიმი ქალების ღირსება დაიცვან”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით რატომ არ შემოუშვეს ირანის მოქალაქეები საქართველოში / “ჩვენ დიდი პოლიტიკის პატარა მძევლები აღმოვჩნდით, დიდი დაპირისპირებით”.

“როგორც საქართველოს სჭირდება ირანთან კეთილმეზობლური ურთიერთობა, ისე ირანს - საქართველოსთან. ჩვენ გვაკავშირებს ბევრი საერთო პროექტი. რაც შეეხება ირანელ მოქალაქეთა არშემოშვებას - ყველა ქვეყანას აქვს უფლება, ზოგიერთ პირს შეშვებაზე უარი უთხრას - თუნდაც 200 კი არა, 200 ათასი იყოს... უკრაინამ 16-დან 60 წლამდე მამაკაცებს, რუსეთის მოქალაქეებს, ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა. ეს ცუდი მაგალითია, მაგრამ ქვეყნის სუვერენული უფლებაა. მთავარია, სპეკულაციის საბაბი არ გახდეს. ჯერ ერთი, გასარკვევია რაოდენობა, რადგან მხარეები რაოდენობაზე ვერ თანხმდებიან და მეორე - როდესაც უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, უნდა დაასაბუთო ვიზიტის მიზანი. თუ ეს ვერ მოახერხე, მესაზღვრეს უფლება აქვს, შეშვებაზე უარი გითხრას. ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა მოგვცემს საშუალებას, გაუგებრობა აღმოიფხვრას და ჩვენს მეგობრობას ჩრდილი არ მიადგეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აღმოსავლეთმცოდნე, “რონდელის ფონდის” მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი.

“მსოფლიოში გაჩნდა ტენდენცია - ესა თუ ის სახელმწიფო ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებისათვის უფრო და უფრო ჩაკეტილი ხდება. ორი თვის წინ ირანის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი გაუუქმა სერბეთმა და ამაში დიდი როლი ითამაშა ევროკავშირის მოთხოვნამ, რადგან ირანელები ჩადიოდნენ სერბეთში და მერე არალეგალურად გადადიოდნენ ევროკავშირის ქვეყნებში - ირანის მოსახლეობა ხშირად ხდება ტყუილის მსხვერპლი. მათ საეჭვო კომპანიები ატყუებენ, თითქოს ჩაიყვანენ საქართველოში, მისცემენ პასპორტებს, ცხოვრების უფლებას და საქართველოდან ადვილად მოხვდებიან ევროკავშირის ზონაში. ამაში თვითონ ირანის მოქალაქეები არიან ჩართული - ისინი ატყუებენ თავიანთ თანამემამულეებს. თუმცა ირანში არიან პატიოსანი მოქალაქეებიც, რომლებიც პირნათლად იცავენ უცხოეთში მოქცევის წესებს”, - დასძენს ზურაბ ბატიაშვილი.

“ამ ყველაფერს ჯონ ბოლტონის ვიზიტი უსწრებდა წინ. ის მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ტრამპის ადმინისტრაციაში მრჩეველია უსაფრთხოების საკითხებში. მისი ვიზიტის შემდეგ დაიწყო ყველაფერი. ჩვენ დიდი პოლიტიკის პატარა მძევლები აღმოვჩნდით, დიდი დაპირისპირებით. მთავარია, ვინ ქმნის ამინდს. ძირითადად, ამინდს ქმნიან ისრაელი, აშშ, რუსეთი და ირანი. ჩვენ ირანელებთან დაპირისპირება არ გვაქვს, პირიქით, გვინდა, რაც შეიძლება­ მეტი ვიზიტორი გვყავდეს, რომლებიც ქვეყანაში ფულს აბანდებენ, ან ხარჯავენ... მაგრამ ჩამოვიდა ბოლტონი და უცებ შეიცვალა პოლიტიკური ამინდი. ასეთი პოლიტიკით ჩვენ მივიღებთ ერთი კარგი მეზობლის განაწყენებას და ჩაკეტილ კარს. გვქონდა უვიზო მიმოსვლა, საუბარი მეტ ინვესტიციაზე, მაგრამ... მოდი, პირდაპირ ვთქვათ - ევროპამ ხელი აუქნია ტრამპსაც და ნეთანიაჰუსაც, ირანთან კი მშვენივრად მოძებნეს გზა. ტრამპის ანტიირანული სტრატეგია სრული კრახით დამთავრდა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

“ასე რატომ ვფიქრობთ, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მაკრონთან, იტალიის მთავრობასთან, და მერკელთან ერთად მშვენივრად აუარეს გვერდი სანქციებს და ვაჭრობენ კიდეც ირანთან, ნავთობსაც ყიდულობენ და კარგი ურთიერთობა აქვთ, ჩვენ კი მიბმული აღმოვჩნდით სტრატეგიული მოკავშირის ინტერესებზე. საქმე ის არის, რომ სტრატეგიული სოლიდარობის ხარკად, ცოტა არ იყოს, უკან გადავწიეთ საკუთარი­ ინტერესები, რასაც ბრძნულ გადაწყვეტილებად ვერ ჩავთვლი. ბრძნულ გადაწყვეტილება იქნება პროფესიონალური დიპლომატია. არც ამერიკა უნდა გაგვენაწყენებინა, არც ირანი”, დაასკვნის ცინცაძე და შეკითხვაზე - “თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ბოლტონის საქართველოში ვიზიტის შესახებ?” - პასუხობს:

“უცხოური პრესის ინფორმაციით სომხეთსა და საქართველოს მოუწოდეს, ურთიერთობა არ ჰქონდეთ ირანთან, მაგრამ ფაშინიანმა ჩვენგან განსხვავებული პოზიცია აირჩია. მათ აქვთ არგუმენტი - თურქეთი გადაკეტილია, აზერბაიჯანთანაც არ აქვთ კარგი ურთიერთობა და გასასვლელი სჭირდებათ. ჩვენ მეტი დიპლომატია დაგვჭირდება. ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და ყველა ჩვენზე მდიდარ ქვეყანასთან თანამშრომლობა ჟანგბადივით გვჭირდება, მით უმეტეს, ისეთ მდიდარ ქვეყანასთან, როგორიც ირანია. სანამ ნავთობს ფასი ექნება, ირანისთვის სანქციები ვერაფერი დაბრკოლება იქნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რამდენი ათასი ქარ­თველი ცხოვრობს ირანში! ამავე დროს, არც ამერიკასთან უნდა გავიფუჭოთ ურთიერთობა”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა