ადვოკატი - ნაცვლად იმისა, რომ კალანდიებმა ბოდიში მოიხადონ, დავით სარალიძეს, ზაზა სარალიძეს, გიორგი ჯანაშიას ოჯახს შეურაცხყოფას აყენებენ - მათი მხრიდან ეს სულ მცირე, უხერხულია

ნაცვლად იმისა, რომ კალანდიებმა ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას, დაზარალებულ მხარეს, ისინი გამოდიან და დავით სარალიძეს, ზაზა სარალიძეს, გიორგი ჯანაშიას ოჯახს შეურაცხყოფას აყენებენ. მიმაჩნია, რომ ეს მათი მხრიდან სულ მცირე, უხერხულია, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ჯანაშიას ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კაკაბაძე განმარტავს, სწორედ მიხეილ კალანდიას მიუძღვის გარკვეული წვლილი იმაში, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ჭეშმარიტება ვერ დადგინდა. ის კალანდიების ოჯახს მოუწოდებს, გიორგი ჯანაშიასა და დაზარალებულის მიმართ შეურაცხყოფა შეწყვიტოს.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, კალანდიების წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს.

„მინდა კალანდიების ოჯახის ცილისმწამებლურ განცხადებას ვუპასუხო, როგორც დაზარებულის მიმართ, ასევე გიორგი ჯანაშიას ოჯახის მიმართ. საზოგადოებას შევახსენებ, რომ მიხეილ კალანდია იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის მიწოდება საგამოძიებო ორგანოსთვის. ის თავის დროზე ძალიან ბევრჯერ დაიკითხა და მან ყოველ ჯერზე ჩვენებები შეცვალა და საგამოძიებო ორგანო შეცდომაში შეიყვანა. ის დაიკითხა პირველ ინსტანციაში რამდენჯერმე და ყოველ ჯერზე სასამართლოში იცრუა და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას ხელი შეუშალა. მან კვლავ იცრუა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და კვლავ გააკეთა ყველაფერი, რომ საქმეზე სწორი და კანონიერი განაჩენი არ გამოტანილიყო. ეს არის ადამიანი, რომლის ბრალიც არის ნაწილობრივ, რომ საქმეზე თავის დროზე არ გამოიკვეთა უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომელიც აინტერესებდა საზოგადოებას და სასამართლოს. ამ ყველაფერის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ მათ ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას, დაზარალებულ მხარეს, ისინი გამოდიან და დავით სარალიძეს, ზაზა სარალიძეს, გიორგი ჯანაშიას ოჯახს აყენებენ შეურაცხყოფას. მიმაჩნია, რომ სულ მცირე უხერხულია მათი მხრიდან მსგავსი მოქმედებები. მათ უნდა შეწყვიტონ სხვა პირების მიმართ შეურაცხყოფის მიყენება, საქმის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა და უნდა იდავონ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივად. დღეს გაკეთდა რამდენიმე შეურაცხმყოფელი განცხადება გიორგი ჯანაშიას ოჯახის წევრების მიმართ და არ გამოვრიცხავთ, რომ სამართლებრივად დავიწყოთ დავა მათ წინააღმდეგ, თუ ისინი არ შეწყვეტენ მსგავს სამარცხვინო და ცრუ განცხადებებს“, - განაცხადა კაკაბაძემ.

ადვოკატი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე პირებს მოუწოდებს, სიმართლე არ დამალონ. ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ გიორგი ჯანაშიას ჩვენება არც ერთხელ შეუცვლია და მან ყოველ ჯერზე სასამართლოსა და გამოძიებას სწორი ინფორმაცია მიაწოდა.

„ძალიან უხერხულია, როცა გიორგი ჯანაშიას მხრიდან ჩვენების შეცვლაზე საუბრობს ადვოკატი, რომლის დასაცავმა პირმაც 9-10-ჯერ შეცვალა ჩვენება, გამოძიება შეცდომაში შეიყვანა და იმის გამო, რომ მან გააკეთა ყველაფერი, საქმეზე არ დადგენილიყო ჭეშმარიტება მაშინ როცა ის უმნიშვნელოვანესი მოწმე და ფიგურანტი იყო, საქმეზე ჭეშმარიტება არ დადგა და თავის დროზე ბევრი დეტალი არ გამოიკვეთა. სწორედ ამას მოჰყვა საზოგადოების აღშფოთება. გიორგი ჯანაშია თავისი ფეხით, თავის დროზე ჩაბარდა საგამოძიებო ორგანოს, მან იკისრა თავისი წილი პასუხისმგებლობა მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებით, მან სასამართლოს ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, მან ჩვენებები მისცა ასევე საგამოძიებო ორგანოს. გიორგი ჯანაშიამ ყველა კითხვას ამომწურავად და დამაჯერებლად უპასუხა, მან ყველაფერი გააკეთა, რომ ამ საქმეზე განხორციელებულიყო ეფექტური მართლმსაჯულება განსხვავებით უამრავი პირისგან, რომლებმაც არ ითანამშრომლეს, სასამართლოს არ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებმაც არ უპასუხეს უმნიშვნელოვანეს კითხვებს საქმესთან დაკავშირებით. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ გიორგი ჯანაშიამ სასამართლო შეცდომაში შეიყვანა.

მინდა ყველა პირს მოვუწოდო, ვისაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს, სიმართლეს ნუ დამალავენ, მხოლოდ სიმართლე ისაუბრონ და ნუ შეეცდებიან შეცდომაში შეიყვანონ მართლმსაჯულება. მიხეილ კალანდიას ოჯახს კი მოვუწოდებ, შეეშვან შეურაცხყოფების მიყენებას, როგორც მსჯავრდებულების მიმართ, ასევე დაზარალებულის მიმართ და საქმეს პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადაიყვანენ. იდავონ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივად“, - განაცხადა კაკაბაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა