რომან გოცირიძე - უმრავლესობა საჯაროდ არ ამბობს საარჩევნო სისტემაზე თავის წინადადებას, რომ საჭიროების შემთხვევაში კვლავ მოიტყუოს

მათ აქვთ მწარე გამოცდილება, თუ როგორ დაპირდა ივანიშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემას - თოჯინასავით გამოიყვანა სალომე ზურაბიშვილი გაეროს ტრიბუნიდან. ეს მწარე გამოცდილება აქვთ, ამიტომ საჯაროდ არ ამბობენ თავიანთ წინადადებას, რომ საჭიროების შემთხვევაში კვლავ მოიტყუონ, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ „40%-იან ჩამკეტთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მოლაპარაკების მაგიდასთანაც არ ამბობს მკაფიოდ, თუ რას სთავაზობს ოპოზიციას და საზოგადოებას, რადგან იციან, რომ ნებისმიერ დროს, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა ეს წინადადებაც უკან წაიღოს.

„ქართული ოცნება“ ღიად, ოფიციალურად ან დაწერილად არ ამბობს, თუ რას სთავაზობს ოპოზიციას. მათი დაპირება იყო 150/0-ზე, ახლა დაიწყეს ვაჭრობა, რა რაოდენობით შეიძლება ისინი დარჩნენ ხელისუფლებაში - ჯერ იყო 100/50-ზე, მერე 110/40-ზე, ოღონდ ეს ოფიციალურად არა, ჭორებს ავრცელებენ. 110/40-ს ახსენებენ სულ ბოლოში, ძალიან მორცხვად, ოღონდ ამას საზოგადოებას არ ეუბნებიან და მათ შეუძლიათ ყოველთვის უკან წაიღონ ეს და კვლავ მოიტყუონ, სიცრუის რეზერვს იტოვებენ. არ დებენ დოკუმენტურად (წინადადებას), მათ აქვთ მწარე გამოცდილება თუ როგორ დაპირდა ივანიშვილი და გაეროს ტრიბუნიდან თოჯინასავით გამოიყვანა სალომე ზურაბიშვილი და მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან განაცხადა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადადის ქვეყანა. ეს მწარე გამოცდილება აქვთ და ამიტომ საჯაროდ არ ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში კვლავ მოიტყუონ. ვინც მოლაპარაკებებზე ზის, ის გადაწყვეტილებას არ იღებს. ივანიშვილს ღამით რა დაესიზმრება, იმის მიხედვით იღებს პარტია გადაწყვეტილებას და ივანიშვილს ღამით რა დაესიზმრება დამოკიდებულია იმაზე, ძილის წინ ბულგარულ წიწაკას შეჭამს, რომელიც ტკბილია, თუ ქართულს, რომელიც არის მწარე. ამიტომ იციან, რომ ივანიშვილი ნებისმიერ მომენტში (შეცვლის) გადაწყვეტილებას და ეშინიათ წერილობით შემოთავაზება.

რაც შეეხება 40%-იან ჩამკეტს, არავითარი ჩამკეტი მექანიზმები არ არსებობს, ეს არის სიტყვების თამაში, რომლიც უკანაც კონკრეტული მექანიზმი არ დგას. ძალიან მარტივია ჩამკეტი მექანიზმი რომ თქვან მაგალითად, 130/20-ზე. პირობითად ვამბობ, ამ შემთხვევაში ეს არის 52 პორპორციული მანდატი და 20-ვე მაჟრიტარიც რომ აიღოს, 4 მანდატი აკლდება. ამაზე არა თუ არ მოდიან, საკუთარ ვერსიასაც კი არ ამბობენ - 110/40-ს ამბობენ, ოღონდ გაურკვევლად, არც წერილობით, არც ხმამაღლა, რომ ივანიშვილის ახირების გამო არ მოუწიოთ უკან წაღება. ისინი მოიაზრებენ რაღაც მექანიზმს, რომელიც არ ვიცით რა არის, შეიძლება გულში რაღაცას მღერიან - „ამირან გულში მღეროდაო“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

როგორც დეპუტატი ამბობს, თუ „ქართული ოცნება“ დათმობაზე არ წავა, აშშ-ის მხრიდან ივანიშვილი სანქციებს უნდა ელოდოს, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ შესაძლოა, საქმე ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტაზეც კი მიდგეს.

„არც ის არის გამორიცხული, რომ ივანიშვილმა, მათ შორის, ამ განცხადების ფონზე, რაც კონგრესში გაკეთდა და კონგრესი ძალიან მწვავე გადაწყვეტილებას მიიღებს - შეიძლება ქვეყანას ფინანსური დახმარებაც კი შეუწყდეს და ჩამოიშალოს ბიუჯეტი, რომ არაფერი ვთქვათ პერსონალურ სანქციებზე, ამიტომ არ არის გამორიცხული ივანიშვილი შეშინდეს. ისინი (უმრავლესობის წევრები) ელოდებიან, წავა თუ არა ივანიშვილი რისკზე, ჩააგდებს თუ არა საკუთარ ფინანსებს და უსაფრთხოებას და ქვეყანას საფრთხეში. ამერიკამ საქართველოში 4 მილიარდი ჩადო, რომ შეიქმნას ეს ქვეყანა როგორც დემოკრატიული სახელმწიფო და როცა 4 მილიარდიანი ინვესტიცია გაქვს განხორციელებული და ამერიკის და ჩვენი ინტერესია ის, რომ ჩამოყალიბდეს საქართველო ქვეყნად, რომელსაც ხვალ რუსეთი არ მიიტაცებს, ამას ივანიშვილის გამო, შემთხვევით რომ გაიარა რუსეთში და შეიძლებოდა ან აგური დაცემოდა ან ტომარა ფული და გაუმართლა, იმიტომ 99% პროცენტს აგური დაეცა, 1 %-ს ტომარა და მოხვდა ამ იღბლიანებში, ამერიკელები საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე ხელს არ აიღებენ,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო