უკრაინის პრემიერი - დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო კვლავ დარჩეს სტაბილურ და წარმატებულ ქვეყნად

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერას ხელისუფლების სიმწიფისა და პასუხისმგებლობის დემონსტრირებად მიიჩნევს. მისი თქმით, ეს ნაბიჯი აჩვენებს ხელისუფლების დაინტერესებას კრიზისის სწრაფად მოგვარების პროცესში. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა, რა დროსაც ასევე ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის სტრატეგიულ მისწრაფებებსა და ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით არსებულ პერსპექტივებზე.

იმუშავებს თუ არა 14 ივნისის ნატო-ს ლიდერების სამიტზე „რუსული ფაქტორი“ საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ, უნდა ჰქონდეს თუ არა დასავლეთს უფრო მკაცრი რეაგირება რუსეთის აგრესიაზე და რამდენად მყარია საქართველო-უკრაინის მეგობრობა უკანასკნელი პოლიტიკური გაუგებრობის გათვალისწინებით, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას მოჰყვა - პრემიერ-მინისტრი ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ინტერვიუში ვრცლად საუბრობს.

- პირველ რიგში, მინდა გკითხოთ საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, განსახილველ თემათა ნუსხა საკმაოდ ვრცელი იქნება, თუმცა მაინც რომ დაგვიკონკრეტოთ, რაზე გამახვილდება ყურადღება იმ მრავალმხრივ შეხვედრებზე, რომლებსაც საქართველოში გამართავთ?

მე პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრემიერ- მინისტრთან. ჩვენ განვსაზღვრეთ ვიზიტის დროს ჩვენი პირისპირ შეხვედრის ძირითადი თემები. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება, ტურიზმისა და ლოჯისტიკური ტრანსპორტის განვითარება. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ გვაქვს კარგი პოტენციალი ჩვენი პორტების გავლით შავი ზღვის ტრანზიტის გამოყენების მიმართულებით, ჩვენი პორტების ერთობლივი დატვირთვის თვალსაზრისით. ახლა საქონლისა და მომსახურების, ენერგორესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის ტრანზიტთან დაკავშირებული სიტუაცია ძალზე ხელსაყრელია იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნების სასარგებლოდ, ორმხრივი სარგებლის მისაღებად განვავითაროთ ლოჯისტიკური მიმართულება. ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ კულტურულ თანამშრომლობაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენმა ქვეყნებმა უნდა განავითარონ. მე პირადად, უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობის მსგავსად, საქართველო ძალიან მეგობრულ ქვეყანად მიმაჩნია, რომელთანაც ბევრი საერთო გვაქვს.

ჩვენი მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ასევე, იქნება თანამშრომლობა ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, განსახილველად ბევრად მეტი თემა იქნება.

- მინდა გკითხოთ თქვენს ინიციატივაზე, რომლითაც თქვენ მიმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. თქვენ შესთავაზეთ თქვენს ქართველ კოლეგას უკრაინულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის აღდგენა. იქნებ უფრო მეტი გვითხრათ ამ საკითხზე და ამავდროულად, შეაფასოთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის ინვესტიციების მიმართულებით ?

ფაქტობრივად, საქმე ეხება იმას, რომ კორონავირუსმა გადადო უკრაინასა და საქართველოს შორის მთავრობათაშორისი კომისიის მე -10 სხდომის ფიზიკური ჩატარების შესაძლებლობა. ჩვენ ველოდებით საქართველოსგან, როგორც მასპინძელი ქვეყნისგან, წინადადებებს უფრო კონკრეტული ვადების თაობაზე.

რას შეეხება ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში ერთობლივ პროექტებს, მიმდინარე წლის მარტ-აპრილში ჩვენი ქვეყნების პარლამენტებმა მიიღეს პროექტები, რაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის სფეროში ვაჭრობის გაფართოების საშუალებას იძლევა. ასევე, იხსნება ახალი შესაძლებლობები პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონალური კონვენციის წყალობით, რომელიც ახლახანს განახლდა. ფაქტობრივად, შეიქმნა პირობები უკრაინა-ევროკავშირი-საქართველოს სამკუთხედში დამატებითი საექსპორტო შესაძლებლობების განვითარებისათვის, რაც ხელს შეუწყობს უკრაინელი და ქართველი მწარმოებლების მოზიდვას დამატებითი ღირებულების შექმნის რეგიონალურ და საერთაშორისო ჯაჭვებში. ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიური ფაქტორია ის ფაქტიც, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა: მაგალითად, უკრაინამ საქართველოში ექსპორტი 5% -ით, საქართველომ უკრაინაში 23% -ით გაზარდა. ეს რიცხვები აჩვენებს ტენდენციას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებს ზრდის პოტენციალი აქვს.

- მსურს, ცოტა პოლიტიკურ პროცესებზეც ვისაუბროთ. დარწმუნებული ვარ, ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მსგავსად საქართველოში არსებული პოლიტიკურ კრიზისსა და გარკვეულ რყევებს თქვენც აქტიურად ადევნებდით თვალს. იმ ფონზე, როდესაც რეგიონში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა იზრდება, უკრაინაში კი სამხედრო აგრესია ძლიერდება, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ არასტაბილური ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში, რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა და როგორი იქნება თქვენი მესიჯი საქართველოს როგორც მეგობარი ქვეყნის მისამართით?

მე ძალიან დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი თქვენი ქვეყნისა და მთელი ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო კვლავ დარჩეს სტაბილურ და წარმატებულ ქვეყნად. რა თქმა უნდა, ქვეყნის სტაბილურობაში უმნიშვნელოვანეს როლს ხელისუფლება ასრულებს. ხელისუფლების მოწოდებაა ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფა და მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე გავლენის მოხდენა. აქ რჩევას ვერ მივცემ, რადგან ყველა ქვეყანას ჰყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. საქართველოს ვუსურვებ კეთილდღეობასა და სტაბილურობას.

- „კრიტიკული, იმედგამაცრუებელი, უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის გზაზე“ - მსგავსი მძიმე შეფასებები ისმოდა საქართველოს მისამართით უკანასკნელ პერიოდში პარტნიორების, მათ შორის ამერიკელი სენატორების მხრიდან. უკრაინა და საქართველო ერთად მიდიან ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. როგორ ფიქრობთ, კრიზისი რომ არ დარეგულირებულიყო, არსებობდა საფრთხე, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას გავლენა მოეხდინა ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევაზე და ის ინტეგრაციის პროცესის ხელისშემშლელი ფაქტორი გამხდარიყო, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც 2024 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას აპირებს?

ნებისმიერი კრიზისი დროებითი მოვლენაა, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებების შეზღუდვას. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით, საპარლამენტო პარტიების ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიეს, პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად დოკუმენტს ხელი მოაწერეს, რაც კარგად ახდენს ხელისუფლების სიმწიფისა და პასუხისმგებლობის დემონსტრირებას, ასევე აჩვენებს მის დაინტერესებას კრიზისის სწრაფად მოგვარებაში, რათა ქვეყანამ კვლავ მოიპოვოს სტაბილურობა. ამიტომ, თუ პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, ეს უკვე საშინაო პოლიტიკის საკითხია და საჭიროა შემდეგი ნაბიჯების გადადგმა. ურთიერთობები უკრაინასა და საქართველოს შორის ძალიან თბილია და ჩემი მხრივ, მე ყველაფერს გავაკეთებ მათი განვითარებისათვის. ეს მნიშვნელოვანია ურთიერთმხარდაჭერის კონტექსტში.

- ამ თვეში საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ხელი მოაწერეს „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში. მისი მნიშვნელობა და ეფექტურობა რომ განგვიმარტოთ ევროატლანტიკური მისწრაფებების კონტექსტში?

ხმების გაერთიანება ძალიან კარგ საგარეო პოლიტიკურ სინერგიას იძლევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ საერთო ევროატლანტიკური მისწრაფებები გვაქვს. ამიტომ, „ასოცირებული ტრიოს“ ეს ფორმატი მიზნად ისახავს ჩვენი კოორდინაციის გაძლიერებას, საგარეო საქმეთა სამინისტროების, მთავრობების კოორდინაციის გაძლიერებას ჩვენი ქვეყნებისთვის საერთო ინტერესების წინ წაწევის მიზნით - ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ევროკავშირთან ასოცირება, ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაციის ხელშეწყობა ანუ, ყველა ამ მისწრაფებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ სინერგიულად გავაძლიერებთ ერთმანეთს. ამიტომ, მივიჩნევ, რომ ასეთი კავშირი განსაკუთრებული როლისა და სტატუსის დემონსტრირებაა, რაც ჩვენმა ქვეყნებმა უნდა გამოავლინონ ევროკავშირთან ურთიერთობაში.

- 7 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრისას თქვენ განიხილეთ ნატო-ს სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობა თავდაცვის გაძლიერების საქმეში. თქვენ იცით, რომ 14 ივნისს ბრიუსელში ნატო-ს ლიდერების სამიტია დაგეგმილი. რა მოლოდინი გაქვთ ამ სამიტისგან და რამდენად შეიძლება, დღის წესრიგში დადგეს საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი, თუ ელით, რომ ბუქარესტის სამიტის მსგავსად, „რუსული ფაქტორი“ კვლავ იმუშავებს ?

ჩვენთვის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ არის მხოლოდ პრიორიტეტი, ეს არის ერთ – ერთი მთავარი მიზანი, რომელიც კონსტიტუციაშია დაფიქსირებული. ალიანსის მომავალი სამიტის დღის წესრიგში შევა შემდეგი ათი წლის სტრატეგია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარანტიები იმის შესახებ, რომ ნატო-ს კარი უკრაინისთვის ღიაა.

ნატო მიესალმება და მხარს უჭერს უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ჩვენს ქვეყნებს განსაზღვრავს ევროატლანტიკური გარემოს ნაწილად. ამიტომ ბუნებრივია, რომ ალიანსის დღის წესრიგში მუდმივად დგას ორივე ქვეყნისთვის მხარდაჭერის გაძლიერებისა და თანამშრომლობის განვითარების საკითხები, რასაც ადასტურებს, ნატო-ს ლიდერების მხრიდან გაკეთებული არაერთი განცხადება. წევრობის კრიტერიუმებთან დაახლოება და მათთან შესაბამისობა აქტიურ შიდა სამუშაოებს საჭიროებს. რაც შეეხება „რუსეთის ფაქტორს" - ის არსებობს, მაგრამ არა ნატო-ს გადაწყვეტილებების მიღებაზე ზემოქმედების ფორმით, არამედ ჩვენი ქვეყნების მიმართ აგრესიის განხორციელებაში.

- არ შემიძლია არ გკითხოთ რუსეთის აგრესიის შესახებ - უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, საქართველო კი მუდმივად აწყდება მცოცავი ოკუპაციისა და ადგილობრივი მცხოვრებლების გატაცების ფაქტებს. ფიქრობთ, რომ დასავლეთის მხრიდან რეაგირება უფრო ხისტი და მკაფიო უნდა იყოს ? რაში ხედავთ გამოსავალს?

ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვგრძნობთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას. რუსული აგრესიის დასაწყისიდანვე არსებობს განცხადებები, არსებობს სანქციების პოლიტიკა, ვხედავთ უკრაინის მხარდაჭერას თანამშრომლობის ყველა შესაძლო მიმართულებით. ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, უკრაინის როგორც პოლიტიკური, ასევე დიპლომატიური მხარდაჭერისთვის. საერთაშორისო პლატფორმების გამოყენების, მოლაპარაკებებისა და ზოგადად დიპლომატიური გზების გარდა ამ ვითარებაში სხვა შესაძლებლობებს ვერ ვხედავ.

რა თქმა უნდა, საკუთარი პრობლემების მოგვარება არ შეიძლება სხვებს გადავავალოთ, ჩვენ ვართ ის, ვინც უნდა მოაგვაროს ეს პრობლემები. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ თუ იქნება სიმტკიცე ქმედებებში და სისტემატური მუშაობა, საერთაშორისო მხარდაჭერაც იქნება. ეს ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია.

- ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა თუ პოლიტოლოგების ნაწილის მხრიდან ხშირად მოისმენთ შეფასებებს, რომ მსოფლიოში უკრაინის შესახებ უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე საქართველოზე და ამ კუთხით ჩვენი ხელისუფლება კრიტიკის ობიექტია. შეგიძლიათ გვითხრათ, რას აკეთებს უკრაინა იმისთვის, რომ თქვენი ქვეყნის სახელი ყველგან და ყოველთვის ისმოდეს, მუდმივად იყოთ მსოფლიო რადარზე?

ხელისუფლების ყველა შტოს - პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის ყოველდღიური მუშაობა და, რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოების, ისევე როგორც ჩვენი დიასპორების მუშაობა. ჩვენ ყველას გვაქვს კონსოლიდირებული და ურყევი პოზიცია და ამაზე სისტემატურად ვსაუბრობთ ისე, რომ მწვავე საკითხები, მაგალითად, რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული საკითხები, არ აღმოჩნდეს მსოფლიო დღის წესრიგისთვის მეორეხარისხოვანი და არ გადაიწიოს მეორე პლანზე. ამ პროცესში ასევე წვლილი მიუძღვით ჩვენს ახლო პარტნიორებს, მაგალითად ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო. რა თქმა უნდა, ჩვენც ჩვენი მხრიდან მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს.

- მინდა შევეხო კიდევ ერთ პრობლემატურ საკითხს, რომელიც უშუალოდ უკავშირდება უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს. ვგულისხმობ საქართველოს ელჩის დროებით გაწვევას უკრაინიდან, რომელიც მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, სულ რაღაც ერთი თვის წინ დაბრუნდა უკრაინაში. როგორც იცით, გაუგებრობა თქვენი მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნამ გამოიწვია. აღნიშნული გაუგებრობა მოგვარდა, თუმცა ახლა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის საქართველოში ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის დაბრუნებას გეგმავს. მოგეხსენებათ, რომ მის წინააღმდეგ საქართველოში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელთა ნაწილში ის უკვე ნასამართლევია, რაც ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით სააკაშვილს ჩამოსვლისთანავე დააკავებენ. ექნება თუ არა უკრაინას მისი მოქალაქის საქართველოში დაკავების ფაქტზე რეაგირება და შეიძლება თუ არა ეს საკითხი კიდევ ერთხელ გახდეს პრობლემური საქართველო-უკრაინის ურთიერთობებისთვის?

ჩვენ მუდმივ დიალოგში ვართ ქართველ პოლიტიკოსებთან, სამთავრობო გუნდის წევრებთან, ჩემი სამუშაო ვიზიტი ამის დასტურია. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული კეთილმეზობლური, პარტნიორული ურთიერთობები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალშიც ასე იქნება. საქართველოს ელჩი დაბრუნდა უკრაინაში, შედგა სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შორის, ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი, რომელმაც უნდა გაგვაერთიანოს - ეს არის უკრაინისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა. მივიჩნევ, რომ ჩვენი ურთიერთობები - ეს არის საერთო ისტორია, მასშტაბური პერსპექტივები ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დიახ, მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის მოქალაქეა, იგი უკრაინის საკონსულტაციო ორგანოში ერთ-ერთ თანამდებობას იკავებს. ის გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას კონსულტაციებს გვიწევს რეფორმების მიმართულებით, მაგრამ მას არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან, ის არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკაზე, მითუმეტეს, უკრაინის საერთაშორისო პოლიტიკაზე. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში მართლაც დიდი პერსპექტივაა და მე მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი, რომ უკრაინა-საქართველოს ჰქონდეთ აბსოლუტურად თბილი, მეგობრული, ძალიან პრაგმატული და ურთიერთსარგებლიანი ურთიერთობა.

- პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს გვერდს ვერ ავუვლით. დიდი ალბათობით, ეს შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება. ვიცით, რომ ახლა ქვეყნების უმეტესობაში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ბევრ მათგანში ვაქცინის დეფიციტია. რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ისიც კი განაცხადა, რომ მსოფლიოში ვაქცინების განაწილების მხრივ „სკანდალური უთანასწორობაა“, რადგან დოზების 75% -ზე მეტი მხოლოდ 10 ქვეყანაზე მოდის. როგორ ფიქრობთ, რითი შეიძლება დაიძლიოს ვაქცინების არათანაბარი განაწილების პრობლემა, რაც განსაკუთრებით საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს აწუხებს?

ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ რთული პერიოდები გვქონდა, გადავლახეთ COVID– ის მეორე და მესამე ტალღები. ამ დროისთვის სიტუაცია, მთავრობის ყველა შტოს კოორდინირებული მოქმედების წყალობით, დასტაბილურდა.

გლობალურ ბაზარზე მართლაც მნიშვნელოვანი კონკურენციაა როგორც მწარმოებლებს შორის, ასევე ქვეყნებს შორის ვაქცინის შეძენისთვის. ვაქცინების მოპოვების ერთადერთი გზა მწარმოებლებთან და სხვა სახელმწიფოებთან მუდმივი მოლაპარაკებაა, მომარაგების ან შესაძლო გადანაწილების მიზნით.

ასევე, არსებობს COVAX-ის ინიციატივა, რომელიც ნაწილობრივად წყვეტს არათანაბარი განაწილების საკითხს.ვაქცინების მიწოდების საკითხი სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.მთავრობა, უკრაინის პრეზიდენტი, პრეზიდენტის ოფისი - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინამ მიიღოს კონტრაქტით გათვალისწინებული ვაქცინის პარტიები. ზოგადად, ამ წლისთვის 40 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა გვაქვს დარეზერვებული, რაც საკმარისი იქნება ყველასთვის, ვისაც წელს აცრა სურს.

დარწმუნებული ვარ, რომ უკვე წელს, წლის მეორე ნახევარში, მწარმოებლებს შეეძლებათ დანაკლისის ანაზღაურება და ქვეყნებს ვაქცინების დეფიციტი არ ექნებათ.

- საქართველომ შეამსუბუქა პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის დაიწყო ტურისტების მიღება. როგორი იქნება თქვენი პოლიტიკა ჩვენს ქვეყნებს შორის მიმოსვლასთან დაკავშირებით ტურისტული სეზონის დაწყების გათვალისწინებით?

მაისის ბოლოს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გააფართოვა კულტურული ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობები, მთელ სასტუმრო ინფრასტრუქტურას მისცა მუშაობის საშუალება და კვების ობიექტებს მოუხსნა მუშობის დროსთან დაკავშირებული შეზღუდვები.

ასევე გაფართოვდა უკრაინაში უცხოელების შესვლის შესაძლებლობები COVID-19-ზე ნეგატიური ტესტის არსებობის შემთხვევაში ან თუ მათ დაასრულეს ვაქცინაციის კურსი იმ ვაქცინით, რომელიც დამტკიცებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

ანუ, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად იმოგზაურონ უკრაინაში და ჩვენ ეს გვახარებს.

ჩვენ არანაირად არ ვზღუდავთ უკრაინის მოქალაქეებს ან ავიაკომპანიებს საქართველოში გამომგზავრებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ წელს ჩვენ ვიხილავთ ტურისტული ნაკადის აღდგენას ჩვენს ქვეყნებს შორის.

სხვათა შორის, ორმხრივი ტურიზმის განვითარება არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ პრემიერ- მინისტრთან სატელეფონო საუბრის დროს და ეს არის ის თემა, რომელსაც განვიხილავთ ჩემი ოფიციალური ვიზიტის დროს.

- და კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მსურს თქვენი ყურადღება გავამხვილო, საქმე ეხება მინსკში ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაპატიმრებას. Ryanair– ის თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და რომელშიც ჟურნალისტი იმყოფებოდა, საავარიო დაშვება ბელარუსის აეროპორტში განახორციელა, რის შემდეგაც ჟურნალისტი დააკავეს. ამერიკა და ევროპა გმობენ ინციდენტს, უფრო მეტიც, ევროკავშირმა სანქციები დააწესა და ბელარუსს სამი მილიარდი ევროს მოცულობის საინვესტიციო პაკეტი გაუყინა. ცალკეული ქვეყნები, ასევე, გეგმავენ ბელარუსის მიმართულებით ფრენების შეჩერებას, უკრაინამ უკვე მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება და შეწყვიტა ბელარუსში ფრენები. როგორც მთავრობის მეთაური, რა შეფასებას მისცემთ ამ ინციდენტს და ზოგადად, რა დაინახა მსოფლიო საზოგადოებამ ოპოზიციური ჟურნალისტის დაკავების მეთოდებში?

რა თქმა უნდა, ის რაც ბოლო პერიოდში ბელარუსში ხდება, ძალიან გვაშფოთებს. Ryanair– ის თვითმფრინავის იძულებითმა დაშვებამ მინსკის აეროპორტში სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა. ჩვენმა ერთ-ერთმა ევროპელმა პარტნიორმა ეს სიტუაცია აღწერა როგორც საჰაერო მეკობრეობა. უკრაინის მთავრობამ მოახდინა ოპერატიული რეაგირება. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის შესახებ. ეს არის იძულებითი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინის ავიაციის უსაფრთხოებას. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ბელარუსულ ავიაკომპანიებს აეკრძალოს უკრაინის საჰაერო სივრცის გამოყენება. ჩვენი ევროპელი პარტნიორების უმრავლესობა ასევე ანალოგიური გზით წავიდა.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე აბულაშვილი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს