ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2023

მამუკა არეშიძე - “დასავლეთ ევროპაში ნაკლებად გრძნობენ საფრთხეს, რა საშიშია ომში რუსეთის გამარჯვება...”

დასავლეთში პესიმიზმი იზრდება - უკრაინის „გადამწყვეტი დეკემბერი“ და საფრთხე საქართველოსა და ყაზახეთისათვის

გია ხუხაშვილი - “მთავარი ის არის, რაც კანდიდატის სტატუსს მოჰყვება...”

რა მოელის “მიტინგების კანონს” - გაიზიარებს თუ არა იგი “უცხოეთის აგენტების კანონის” ბედს

გიორგი გობრონიძე - “რუსული პროპაგანდა აუცილებლად შეეცდება ახალი “მარკერების” მოძებნას... გააძლიერებს იმ ხაზს, რომ დასავლეთს ჩვენი გარყვნა უნდა”

* * *

მამუკა არეშიძე - “დასავლეთ ევროპაში ნაკლებად გრძნობენ საფრთხეს, რა საშიშია ომში რუსეთის გამარჯვება...”

“სასიხარულოა, რომ ევროკომისიამ ეს რეკომენდაცია გასცა და საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის სტატუსს. მიუხედავად ამისა, მაინც მგონია, რომ ევროპას ჯერჯერობით არა აქვს ბოლომდე გადაწყვეტილი ევროკავშირის გაფართოების პროცესი რამდენად სწრაფად წარიმართება... თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაშიც უშუალოდ წევრობის თაობაზე გადაწყვეტილება ახლო მომავალში არ იქნება მიღებული. ამის თაობაზე, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რის საფუძველსაც მაძლევს, ერთი მხრივ, საქართველოს თუ დანარჩენი ქვეყნების არასაკმარისი მომზადება და იმავდროულად, თავად განწყობები ევროკავშირში. მეც იმ აზრზე ვარ, რომ ევროკომისიის ანგარიში უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებების ნაყოფია. ჩემი აზრით, ეს არის კონიუნქტურული გადაწყვეტილება, რაც გეოპოლიტიკური ვითარებით არის განპირობებული. ვგულისხმობ იმ ვითარებას, რაც შექმნილია ევროპაში რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების შედეგად”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დასავლეთ ევროპაში ნაკლებად გრძნობენ საფრთხეს, რა საშიშია ომში რუსეთის გამარჯვება...”

“უნდა გაირკვეს ამ ომში გამარჯვებული და დამარცხებული და ამის შემდგომ დადგება უკრაინის და მასთან ერთად მოლდოვისა და საქართველოს გაწევრების საკითხიც. საინტერესოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, გარკვეულწილად იცვლება განწყობები, მე არ ვამბობ, რომ რუსეთს აგრესორად და მტრად არ მიიჩნევენ, მაგრამ თვითონ უკრაინის დახმარების თემა და ამით შექმნილი დისკომფორტი რიგით მოქალაქეებს უკვე გვარიანად აწუხებთ. ყველაფერთან ერთად მიდის საინფორმაციო ომიც და რიგ შემთხვევაში რუსული პროპაგანდა ახერხებს მოგებას. შესაბამისად, ევროპაში ჩნდება კითხვები უკრაინაში კორუფციის თუ სხვა საკითხების შესახებ. ეს არ შეეხება აღმოსავლეთ ევროპას, რომელმაც კარგად იცის, რომ ამ ომში რუსეთის გამარჯვება დაუშვებელია, რომ ეს იქნება ევროპისთვის უდიდესი საფრთხის შემქმნელი. მეჩვენება, რომ აი, ამ საფრთხეს დასავლეთ ევროპაში ნაკლებად გრძნობენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“რაც შეეხება ევროკომისიის ახალ დათქმებს, პრობლემა უამრავია, მათ შორის მართვის სისტემებში. გარდა ამისა, ევროპული სამართლიანობის ის ხარისხი, რომლისკენაც ვილტვით, ჩვენთან კვლავ მიუღწეველია. ეს არის უპირველესად მისახედი. ამაზე გველაპარაკებიან ჩვენი პარტნიორები გამუდმებით. ხელისუფლება ვითომ ცდილობს რაღაცის შეცვლას, მაგრამ საბოლოოდ სისტემა იგივე რჩება, მისი ცვლილების გარეშე კი წარმოუდგენელია ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ბაზა სამოქალაქო სამართლიანობაა. უამისოდ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ადამიანები, რომელთაც გათავისებული ექნებათ ამის მნიშვნელობა. დღევანდელი ხელისუფლების დიდ ნაწილს უცხოეთში აქვს მიღებული განათლება, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ცნობიერებაში კვლავ ფესვგადგმულია საბჭოთა გადმონაშთი პარადიგმები რასაც თავს ვერ აღწევენ... ახალ დათქმაში კარგად ჩანს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ მოახერხებს ქვეყანა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რამდენად თავისუფალ გარემოში ჩაივლის წინასაარჩევნო კამპანია თუ უშუალოდ საარჩევნო დღე”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“კირბალში რაც მოხდა, დიდი ტრაგედიაა, ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახსა და მთელ ქვეყანას. სამწუხაროდ, საქართველოს არა აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ამგვარი ტრაგედიები ავიცილოთ თავიდან. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როდესაც ვხედავთ, რომ რუსეთი ანგარიშს არ უწევს საერთაშორისო საზოგადოებრივ აზრს, უკრაინის მაგალითი ხომ ამას აჩვენებს. ეს ქვეყანა უამრავი საერთაშორისო ხელშეკრულებიდან არის გასული, ზოგიდან კი გარიცხეს. დღეს რუსეთის პოზიცია ორიენტირებულია არდათმობაზე ნებისმიერი მიმართულებით. კრემლში ფიქრობენ, რომ ნებისმიერი დათმობა სისუსტედ აღიქმება და ამიტომაც არ სურთ ამის დაშვება. მიუხედავად იმისა, რომ ისმის ყიჟინა ოპოზიციიდან, ხელისუფლება არასწორად იქცევაო, ფაქტია, ხელისუფლება ხელფეხშებორკილია... მაინც რა უნდა გააკეთოს? კი ბატონო, განცხადებები, საერთაშორისო ტრიბუნების გამოყენება, ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე აუცილებელია, მაგრამ ბოლო ხანს ხომ აჩვენა ზოგიერთმა ქვეყანამ, რომ საკუთარი სიმართლის დამტკიცება მხოლოდ სამხედრო ძალით არის შესაძლებელი. სამხედრო-პოლიტიკური ძალით პრობლემების მოგვარება ჩვენ არ შეგვიძლია. სამწუხაროდ, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი დღეს არ ჩანს, მაგრამ თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, მაშინ სულ სხვა რეალობა იქნება. ამიტომაც არაფრით შეიძლება რუსეთმა უკრაინაში გაიმარჯვოს, ეს არ უნდა დაუშვას მსოფლიომ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“არ ვიცი, რატომ არ ახსენა ეს ტრაგედია პრემიერ-მინისტრმა “პარიზის მშვიდობის ფორუმზე”, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი სტუმრობდნენ. ჩვენ გვჭირდება ყველა ტრიბუნის გამოყენება ჩვენს სიმართლეზე სალაპარაკოდ. ეს შეიძლება არსებითად არაფერს ცვლის, მაგრამ მაინც უნდა ეთქვა. იმდენად რთული ვითარება გვაქვს ამ ოკუპირებული ტერიტორიების საქმეში, რომ ხელისუფლების გაკრიტიკება მარტივია, საქმის კეთება კი რთული... რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მისი პარიზული ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონფრონტაციაა. როცა ის თავის დროზე წამოაყენეს საპრეზიდენტო კანდიდატად, მხარი დავუჭირე, რადგან ვიცნობ დიდი ხანია, პატივს ვცემ და ის ჩემს ახლობლად მიმაჩნია, მოკლედ, მის მიმართ ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს და ამიტომაც ამ თემაზე მეტს არაფერს ვიტყვი”, - ამბობს მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე - “გამოქვეყნდა Edison Research-ის მორიგი კვლევის შედეგები...” - პასუხობს:

“მოდი, შევთანხმდეთ, ეს არის 6 ნოემბრამდე არსებული რეალობა, მას შემდეგ იყო ევროკომისიის რეკომენდაცია და იქნება კიდევ ბევრი რამ, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის მხარდაჭერის ამ პროცენტებს. გარდა ამისა, ველი, რომ პოლიტიკურ ველზე გამოჩნდება ახალი ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, თუ არ ჩამოყალიბდა იმაზე, თუ რა უნდა, არ ვიცი, რა პერსპექტივა ელის. ჩემი ხედვით, “ნაციონალური მოძრაობის” ხმის მიმცემთა დიდი ნაწილი მაინც პირადად მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებისგან შედგება. რაც შეეხება გახარიას 9%-ს, ეს არ მიკვირს, შესაძლოა საარჩევნოდ ოდნავ კიდევაც გაიზარდოს. მან სწორი ტაქტიკა აირჩია, არ ჩანს აქტიურად პოლიტიკურ ველზე, თუმცა მაინც სულ ახსენებს საზოგადოებას თავს, საუბრობენ მისი პარტიის წევრები. ამის შედეგად მის მიმართ საზოგადოების ნაწილში გარკვეული მოლოდინი არსებობს. “ლელოს~ მხარდაჭერაც რეალური მგონია”.

“ყველაფრის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს სერიოზული შედეგის მიღების შესაძლებლობა. მაშინ როდესაც გამოწვევები ძალიან სერიოზულია, ხელისუფლებამ მოახერხა მნიშვნელოვანი რამ - სტაბილურობის განცდის მეტ-ნაკლებად გაჩენა. ამაში ვგულისხმობ შიდა სტაბილურობასაც და რეგიონულსაც. ეს იქნება საარჩევნოდ ხელისუფლების მთავარი გზავნილი. თუ ამას დაემატება სერიოზული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებიც, მაშინ კიდევ უფრო მყარი გახდება მისი პოზიცია. ინფრასტრუქტურულ პროექტებში არ ვგულისხმობ მხოლოდ გზების გაყვანას, ვგულისხმობ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, როგორიც არის პორტი, აეროდრომები, ანუ ე.წ შიდა დერეფნის გამტარობის გაზრდის საშუალებები. ეს პროექტები საქართველოს ფუნქციის მნიშვნელობას უფრო გაზრდის. ეს თუ გაკეთდა და ხალხმა ეს დაინახა, მერწმუნეთ, “ოცნება” მოახერხებს გამარჯვებას, მაგრამ ასევე არ გამოვრიცხავ ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას, რომელიც აუცილებლად მოინდომებს ძველი ბალასტის მოშორებას და მაქსიმალურად ახლებური იმიჯის შექმნას. ეს ხელოვნურად მოხდება თუ ახალი პარტია სპონტანურად დაიბადება, არ ვიცი - უფრო “ოცნებასთან” ახლოს მყოფ ახალ პოლიტიკურ ძალას ვგულისხმობ, რომელიც შეიძლება ისევ ბიძინა ივანიშვილის ქოლგის ქვეშ გაჩნდეს. მოკლედ, თუ მან ამის საჭიროება დაინახა, აუცილებლად შექმნის”, - დასძენს არეშიძე.

დასავლეთში პესიმიზმი იზრდება - უკრაინის „გადამწყვეტი დეკემბერი“ და საფრთხე საქართველოსა და ყაზახეთისათვის

“დასავლეთიდან სულ უფრო ხშირად ისმის პესიმისტური განცხადებები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. აშშ-ის სამხედრო დახმარება მცირდება და ჯერჯერობით გაურკვეველია, მოახდენენ თუ არა ევროპული სახელმწიფოები ამის კომპენსირებას. დასავლელი ლიდერები ასევე ხშირად მიანიშნებენ შესაძლო მოლაპარებაზე. გარდა ამისა, საუბრობენ რუსეთის მიერ უპირატესობის მოპოვების შემთხვევაში მოსალოდნელ ნეგატიურ სცენარებზე და საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ კონტექსტში საქართველოც ახსენა. ის ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში დეკემბერი გადამწყვეტი იქნება, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. ჩეხეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინას ახლო მომავალში რუსეთზე სამხედრო უპირატესობის მოპოვების საშუალება პრაქტიკულად აღარ აქვს და ამიტომ, სავარაუდოდ, მომავალ წელს სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყება. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ, აშშ-ის მხრიდან უკრაინის დახმარების მოსალოდნელი შემცირების ფონზე, ევროკავშირის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დასავლეთში პესიმიზმი იზრდება - უკრაინის „გადამწყვეტი დეკემბერი“ და საფრთხე საქართველოსა და ყაზახეთისათვის.

“ნატო-ს ყოფილმა გენმდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა წამოაყენა იდეა, რომ უკრაინა ნატო-ში რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმისა და დონბასის გარეშე მიიღონ. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი და ექპრეზიდენტ ტრამპის ყოფილი მრჩეველი დუგლას მაკგრეგორი კი მიიჩნევს, რომ ომი უკრაინაში პრაქტიკულად უკვე დასრულდა, რადგანაც დასავლეთის ყურადღება უკვე მთლიანად ისრაელი-“ჰამასის” დაპირისპირებაზე გადასული. ამასთან, დასავლელი ლიდერები იმაზეც საუბრობენ, რომ თუ უკრაინის დახმარება შემცირდა და რუსეთი ბრძოლის ველზე უპირატესობის მოპოვებას შეძლებს, ევროპაში ახალი იმპერიალისტური ძალა გაიდგამს ფესვენს, რომელიც, შესაძლოა, დაემუქროს სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. ემანუელ მაკრონი კონკრეტულ ქვეყნებს ასახელებს - საქართველო და ყაზახეთი. ანალიტიკოსების აზრით, დეკემბერში ფრონტზე მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ საუბარი უფრო პოლიტიკური განცხადებაა. მიზეზი კი შეიძლება ის იყოს, რომ ევროპელი ლიდერები უკრაინისგან ამ პერიოდში რაღაც შედეგს ელოდებიან, რის შემდეგაც გადახედავენ და გადაწყვეტენ როგორ გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა და დახმარება. თუმცა, ანალიტიკოსთა თქმით, დეკემბერი ბრძოლის ველზე ვერანაირად ვერ იქნება გადამწყვეტი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისა და მათ შორის საქართველოსათვის არსებულ საფრთხეებს, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საფრთხე მართლაც რეალურია ამის ნიშნები უკვე ჩანს. უშუალოდ ფრონტზე რუსებმა 11 ნოემბერს კიევის მიმართულებით “ისკანდერის” ტიპის ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს რაც, ბოლო 52 დღის განმავლობაში კიევზე თავდასხმის პირველი შემთხვევაა. უკრაინის საჰაერო ძალებმა ისინი ჰაერში ააფეთქეს. რაკეტების ნაწილები მინდორში ჩავარდა, რის შედეგადაც დარტყმის ტალღამ ხუთი კერძო სახლი დააზიანა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 10 ნოემბერს ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე ღამის ოპერაციის შედეგად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სადესანტო კატარღებზე დარტყმა განხორციელდა. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე აცხადებს, რომ ცხელი წერტილები არის ავდეევკა, ბახმუტი, ზაპოროჟიე და ხერსონი. კავკასიის საერთასორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია კი ამბობს, რომ ფრონტზე მნიშვნელოვანი გარდატეხა არ ყოფილა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ავდეევკის გარშემო ტაქტიკურად რთული სიტუაციაა. ძალიან ინტენსიური ბრძოლა მიდის. უკრაინელებმა შეტევის რამდენიმე ტალღა მოიგერიეს, მაგრამ სადამდე გააგრძელებს რუსეთი ასეთ შეტევებს და ავდეევკა რატომ ამოირჩიეს, ძნელი სათქმელია. უკრაინას გარკვეული წარმატებები აქვს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. ძირითადად მაინც რეიდებს ვხედავთ სიღრმეში, ასევე სტრატეგიული და ლოჯისტიკური ობიექტების განადგურებას როგორც უკრაინის მხრიდან, ასევე რუსეთიც ცდილობს ენერგოობიექტებზე მიიტანოს იერიში. უკრაინა იმუქრება, რომ მის ენერგოობიექტებზე იერიშის საპასუხოდ რუსეთის სიღრმეში სტრატეგიულ ობიექტებზე გარკვეულ დარტყმებს განახორციელებს. ბახმუტის სამხრეთშიც ძალიან ინტენსიური ბრძოლებია, მაგრამ ტაქტიკური ვითარების შეფასება ყოველთვის ძალიან რთულია. ზაპოროჟიესკენაც იგივე მდგომარეობაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე. “ავდეევკაში, ბახმუტში, ზაპოროჟიეში კვლავ პოზიციური ბრძოლები მიდის, სერიოზულ გარდატეხას ადგილი არ აქვს არც ერთი მხრიდან, რუსეთს ავდეევკასა და ბახმუტითან მცირე ტაქტიკური უპირატესობა აქვთ და უკრაინელები ამას უმკლავდებიან. ხერსონშიც იგივე მდგომარეობაა, უკრაინელები რეიდებს ახორციელებენ”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ დეკემბერი გადამწყვეტი იქნება, “ვინაიდან უკრაინა საკუთარი მიწების დეოკუპაციას ეცდება”. მისი თქმით, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების ვალდებულებაა, უკრაინას საკუთარი თავის დაცვაში დაეხმარონ. მაკრონისვე განცხადებით, თუ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვების საშუალებას მისცემენ, მაშინ ევროპაში “ახალი იმპერიული სახელმწიფო გაჩნდება”, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, როგორებიც არიან საქართველო და ყაზახეთი და მთელ კონტინენტს. მაკრონი “ბიბისისთან” აცხადებს, რომ უკრაინისთვის “ჯერ არ მოვიდა დრო” რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად, თუმცა მოლაპარაკების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ კიევმა უნდა მიიღოს. პესიმისტური გზავნილი ჰქონდა ჩეხეთის პრეზიდენტს პეტრ პაველს. მისი თქმით, დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს და მომავალ წელს ოფიციალური კიევი შესაძლოა იძულებული გახდეს, მოსკოვთან მოლაპარაკება დაიწყებს, რადგან “დაპირისპირების ხაზზე არსებული ვითარება მიუთითებს იმაზე, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის სამხედრო უპირატესობის მიღწევა ნაკლებ სავარაუდოა”, - დასძენს გამოცემა.

პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის აზრით, საფრთხე საქართველოს შემთხვევაში უფრო მეტია, ვიდრე ყაზახეთისთვის. “რუსეთი უკვე 30 წელია გვეომება. ჩვენთან ომი 2008 წლის მერე აქტიურ ფაზაშია. რუსეთი ჩვენსკენ მეტი რაღა უნდა წამოვიდეს, არ ვიცი. ვერ ვიტყვი, რომ ყაზახეთს საფრთხე შეექმნება, რადგან მასზე ჩინეთს აქვს გავლენა. რუსეთს ერთხელ უკვე ჰქონდა მცდელობა, რომ ყაზახეთში ჯარით რაღაცა ემოქმედა, მაშინ ჩინეთმა ძალიან მკაცრად მიუთითა, რომ მოსკოვს ჯარები გამოეყვანა და ასეც შესრულდა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ სანამ ნატოს და ევროკავშირის წვერები არ გავხდებით, ყოველთვის ვართ რუსული თავდასხმის საფრთხის ქვეშ”, - თვლის ლაშა ბერიძე. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინასთან ომში დაწინაურდა, მას შემდგომი მოქმედებებისთვის ხელ-ფეხი გაეხსნება და რასაც საჭიროდ ჩათვლის, იმ ნაბიჯებს გადადგამს. შესაბამისად, საფრთხეშია როგორც საქართელო, ისე ყაზახეთი”, - წერს სტატიის ავტორი.

“ცოტა ხნის წინ მაკრონსა და ყაზახეთის პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. იმ დროს მეც იქ გახლდით, საერთაშორისო ექპერტებს ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრა გვინდოდა და ვერ შევხვდით, რადგან მაკრონი იყო ჩასული და აქედან ვიცი, რომ ყაზახურმა მხარემ საფრანგეთთან საკმაოდ სერიოზული მოლაპარაკებები აწარმოა. როგორც კი მაკრონი წავიდა, რამდენიმე დღის მერე ყაზახეთს პუტინი ესტუმრა და ვფიქრობ, რომ მათი მისამართით რუსული საფრთხეები რეალურია. ყაზახეთის მთავარობა რუსეთისგან დისტანცირდა და დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკურ კურსს აწარმოებს. თოყაევმა წამოაყენა ახალი ინიციატივა - შეიქმნას საერთაშორისო სააგენტო ბიოლოგიური უსაფრთხოების მიმართულებით, რაც ყაზახეთის სტატუსს უფრო მაღლა სწევს. ჩემი აზრით, ამას საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს. მაკრონმა ყაზახეთი და საქართველო შემთხვევით არ ახსენა”, - ამტკიცებს ვახტანგ მაისაია.

“რუსეთიდან საქართველოს საფრთხეები უკვე სახეზეა. კირბალის ტრაგიკული მოვლენები ამის პირდაპირი გამოძახილია. საფრთხეა პოლიტიკურადაც - შესაძლოა არჩევნებისთვის პრორუსული პოლიტიკური ალიანსი ვიხილოთ და შეეცადონ ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, რაც ჩვენს ევროინტეგრაციას შეაფერხებს. ასევე იმის საშიშროებაა, რომ საქართველო ეკონომიკურად რუსეთს კიდევ უფრო მიეჯაჭვოს და ამით ქეჩოთი დაგვიჭიროს მოსკოვმა, რაც შეიძლება გახდეს ბერკეტი, რომ საქართველო სანქციების არიდებისთვის გამოიყენონ და ევროინტეგრაცია ჩაგვიგდონ. რუსეთის ახალი ინციატივაა, რომ საქართველოსა და ყაზახეთის ტერიტორიების გვერდის ავლით ახალი სატრანზიტო კორიდორი გაჭრას. ფაქტიურად ახალი გეოეკონომიკური ალიანსი შეიქმნა, სადაც იქნება რუსეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. თუ რუსეთი უკრაინასთან ომში დაწინაურდა, გათამამდება და სადაც სიტუაცია არ მოეწონება, იქ რა ნაბიჯებსაც საჭიროდ ჩათვლის, იმას გადადგამს, მათ შორის საქართველოშიც და სამხედრო მოქმედებებსაც არ გამოვრიცხავ”, - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

გია ხუხაშვილი - “მთავარი ის არის, რაც კანდიდატის სტატუსს მოჰყვება...”

“ვიზიარებ ქართველი ხალხის საყოველთაო სიხარულს, მაგრამ ფორიაქი მაინც მაქვს. რატომ?! ყველას კარგად ესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ, ევროკომისიის რეკომენდაცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მთავარი ჯერ კიდევ წინ არის, ევროსაბჭო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს. დიდი ალბათობით, საბოლოოდ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, მაგრამ რამდენადაც ჩვენს ხელისუფლებას კარგად ვიცნობ, მეშინია, მანამდე რაიმე ისეთი არ ჩაიდინონ, რომ ევროპარლამენტარების განწყობა არ შეიცვალოს. ვიმედოვნებ, რომ “ქართული ოცნება” წყალს აღარ აამღვრევს... გასულ წელს არ ვიყავით მზად, მეტიც, ევროკავშირის საწინააღმდეგო პოლიტიკას ვატარებდით. აბსოლუტურად გასაგებია, რატომ არ მოგვცეს შარშან სტატუსი. სხვა საკითხია, ახლა რატომ გვაძლევენ - იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა “ქართულ ოცნებას” მიზეზს მისცემდა, რომ საქართველო რუსულ ორბიტაზე დაეყენებინა. დასავლეთს არ უნდოდა ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რის შედეგადაც საქართველო საბოლოოდ აღმოჩნდებოდა რუსეთის კლანჭებში...”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მთავარი ის არის, რაც კანდიდატის სტატუსს მოჰყვება...“

“დეპოლარიზაციის საკითხის მოგვარება წარმოუდგენლად მიმაჩნია, ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ მოწინააღმდეგის ლანძღვის მეტი არაფერი იცის. შესაბამისად, ნეგატიურ ქაოსში ვცხოვრობთ. ჩემი შეხედულებით, პოლარიზაცია უფრო და უფრო გაიზრდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად. დღეს რევოლუციური სცენარის განვითარების ან სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ვერ ვხედავ. ევროკომისიის რეკომენდაცია, ჩემი აზრით, ასეთ საფრთხეებს გამორიცხავს. სიმართლე გითხრათ, არც რუსეთისგან ველი აგრესიულ ქმედებას. მეტიც, არა მგონია, რუსეთი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი იყოს - რუსეთს შეუძლია ეს სათავისოდ გამოიყენოს. ნახეთ, როგორ იყენებს უნგრეთს, ფაქტობრივად, მისი სახით “ტროას ცხენი” ჰყავს უკრაინაში. რატომ არ უნდა აწყობდეს ორი “ტროას ცხენი”?! მე არ ვარ დარწმუნებული, რომ თუ საქართველო რუსეთთან ლოიალურ პოლიტიკას გააგრძელებს, მოსკოვი ამას ხელზე არ დაიხვევს და ევროკავშირში საკუთარ პლაცდარმად არ გამოგვიყენებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“დღემდე მმართველი გუნდი რუსეთისთვის ხელსაყრელ პოლიტიკას აწარმოებდა, რა გარანტია გვაქვს, რომ ამ პოზიციას შეცვლიან? სხვათა შორის, მდათქმებში, რომლებიც რეკომენდაციებს მოჰყვა, პირდაპირ არის ნათქვამი, რომ უნდა მოვახერხოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების სინქრონიზაცია იმ პოლიტიკასთან, რომელიც ევროპას აქვს. მე არა მგონია, ჩვენი ხელისუფლება ამას აპირებდეს. კი ბატონო, “ქართული ოცნების, ბოლოდროინდელი რიტორიკა რაღაც დონეზე შეცვლილია, თითქოს ცალკეული პირების გამონათქვამები შედარებით პროდასავლურია, მაგრამ ამას არა აქვს სისტემური ხასიათი. მე მაინც მგონია, “ქართულ ოცნებას” ისე აქვს მოქოქილი პროპაგანდისტული მანქანა, რომ მის გაგრძელებაზე საბოლოოდ უარს არ იტყვიან. ეჭვი მეპარება, “ქართული ოცნების” ლიდერებმა აღარ თქვან, რომ დასავლეთი ომში გვითრევს და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ. ვერც დასავლეთი მოძებნის მათი შეჩერების მექანიზმს. შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლება იმავე პოლიტიკას გააგრძელებს, მით უფრო, ახლა, დარწმუნებული ვარ, ეს პოლიტიკური ძალა მიიჩნევს, რომ ყველაფერი შერჩა. შეიძლება თავიანთი პოლიტიკური ხაზი ოდნავ დააკორექტირონ, მაგრამ არსებითად მაინც არაფერს შეცვლიან”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ვფიქრობ, კანდიდატის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია - გარდა იმისა, რომ დასავლეთს “ქართული ოცნების” მონიტორინგის შესაძლებლობა ეძლევა, ჩვენთვის ევროატლანტიკური ალიანსისკენ სავალ გზაზე კარი არ ჩაიკეტა. შეიძლება რაღაც ხარვეზები არის, მაგრამ მხოლოდ მოკლევადიანი თვალსაზრისით, გრძელვადიანად კი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. თუმცა თუ კანდიდატის სტატუსმა შინაარსი არ შეიძინა, ცარიელ სტატუსს რა აზრი აქვს? მთავარი ის არის, რაც კანდიდატის სტატუსს მოჰყვება, აი, ამას რომ ვნახავთ, მერე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვინ რა მოიგო ან წააგო”, - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “2024 წლის არჩევნებს დასავლეთი გამადიდებელი შუშით დააკვირდება, როგორ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას ესა თუ ის ოპოზიციური პარტია?”, - პასუხობს:

“კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება ძალიან დიდი შესაძლებლობაა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრებისთვის. რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მყავს “ნაციონალური მოძრაობა”, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკური პარტია ჩაკეტილი ორგანიზაციაა და გარედან ამომრჩევლის მოზიდვა არ შეუძლია, განვითარების პოტენციალი არა აქვს. შესაბამისად, დიდი სივრცეა გახსნილი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრებისთვის. სხვა საქმეა, ვინ როგორ გამოიყენებს ამას. ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი და ვერ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ 2024 წელს ყველაზე დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება. კი ბატონო, ეს არჩევნები იქნება ყველაზე დიდი დაკვირვების ობიექტი, რაც ამ დრომდე ყოფილა, მაგრამ ხელისუფლებამ შეიძლება აკრძალული მეთოდებიც გამოიყენოს. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას იზამს საზოგადოება. მგონი, ძალიან რთული წელი გვექნება, თუმცა ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად დასრულდება. თუ არჩევნების შემდეგ ევროპელ პოლიტიკოსებს კითხვის ნიშნები დარჩათ, ჩათვალეთ, რომ ჩვენთვის ევროკავშირის კარი საბოლოოდ დაიხურება”.

რა მოელის “მიტინგების კანონს” - გაიზიარებს თუ არა იგი “უცხოეთის აგენტების კანონის” ბედს

“დიდი აჟიოტაჟის შემდეგ, ეუთო/ოდირმა სახალხო დამცველის მიმართის საფუძველზე დასკვნა მოამზადა, სადაც აღნიშნულია, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა არ უნდა მიიღოს. როგორც ეუთო/ოდირი მიუთითებს, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ასევე იცავს გრძელვადიან დემონსტრაციებს, გახანგრძლივებულ მჯდომარე აქციებს, ადგილის დაკავების ტიპის მანიფესტაციებს და მოიცავს შეკრების ფორმისა და ტიპის არჩევის თავისუფლებასაც. საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო აღნიშნული ცვლილებების პროექტს და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში მისი განხილვა ჯერ დასრულებული არ არის. ექსპერტ-ანალიტიკოსებიც იზიარებენ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას და ხელისუფლებას რეკომენდაციას უწევენ კანონპროექტი პარლამენტიდან გამოიწვიოს, ვინაიდან ახლა კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ვართ. პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ხელისუფლებას ურჩევს, არ მოახდინონ ამ კანონპროექტის პედალირება, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე დაწესებულ შეზღუდვებს არაკონსტიტუციურს უწოდებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა მოელის “მიტინგების კანონს” - გაიზიარებს თუ არა იგი “უცხოეთის აგენტების კანონის” ბედს.

“ეს რაღაცნაირად მაგონებს იმ სიტუაციას, რაც უცხოური გავლენის აგენტების კანონთან დაკავშირებით მოხდა, რომ თითქოსდა წინასწარ იყო ცნობილი საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია, მაგრამ მაინც ეს კანონპროექტი იქნა გატანილი პარლამენტში, მერე კი საერთაშორისო ზეწოლის და არა 7-8 მარტის აქციების შედეგად, განსაკუთრებით ამას მინდა ხაზი გავუსვა, ეს კანონი უკან გამოიწვიეს. შესაბამისად, თუ სწორად მახსოვს, მე მგონი პარლამენტმა გადადო პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეკრების დამანიფესტაციების კანონთან მიმართებით, და მე ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევითი არ იყო, რადგან მათ შესაძლოა იცოდნენ, რომ ამ კანონს ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა საერთაშორისო პარტნიორებისგან. როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის უკვე ცნობილია საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულება ამ კანონპროექტის მიმართ და ვფიქრობ, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ კანდიდატობის რეკომენდაცია მივიღეთ და ახლა და ველოდებით ევროპული საბჭოს საბოლოო დასკვნას, ხელისუფლების მხრიდან არ იქნებოდა გონივრული ამ კანონპროექტის პარლამენტში გატანა და მისი პედალირება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“ზოგადად კონსტიტუციიურობასთან დაკავშირებით ნორმა უნდა შეფასდეს იმ ძირითად უფლებებთან მიმართებით, რომლებიც არის კონსტიტუციით დადგენილი. ამ თვალსაზრისით, იქ, რამდენადაც მახსოვს, იყო საუბარი კარვების და სხვა დროებითი ნაგებობების თუ მოწყობილობების დადგმაზე. თავისთავად ასეთი რამის დადგმა არ არღვევს კონსტიტუციით განსაზღვრულ რომელიმე უფლებას. შესაბამისად, აკრძალვა ასეთი რამის დადგმისა არ გამომდინარეობს კონსტიტუციიდან. ამდენად, თუ ეს არ გამომდინარეობს კონსტიტუციიდან, და უფრო მეტიც თუ ამის შედეგად შეიძლება შეზღუდული აღმოჩნდეს შეკრების მონაწილეთა სხვა უფლებები, მაგალითად, დროებითი სცენის დადგმის გარეშე, შეიძლება ძალიან გართულდეს, ვთქვათ, მიტინგის გამართვა, რაც არის ადამიანების კონსტიუციური უფლება. ასევე იმ შემთხვევაში თუ შეკრება გრძელდება, ვთქვათ, დღეების განმავლობაში, კარვის დადგმის აკრძალვამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას მიტინგის მონაწილეებს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

“კარვები შეიძლება იქნეს გამოყენებული სურსათის და მიტინგის გამართვისთვის საჭირო სხვა ნივთების შესანახად ან უბრალოდ მოსასვენებლად. აქედან არაფერი კონსტიტუციით აკრძალული არ არის, ამიტომ ამის აკრძალვა პრობლემური იქნება. ერთადერთი შემთხვევაა როცა კონსტიტუცია ამბობს, რომ ხელისუფლებას უფლება აქვს შეწყვიტოს მიტინგი, ეს იმ შემთხვევაში, თუკი მომიტინგეები არღვევენ კანონს -დარღვევებსაც გააჩნია, რა ტიპის დარღვევა იქნება. მე თუ კანონში ჩავწერე, რომ არა მაქვს უფლება ვიყვირო მაგალითად მიტინგის დროს, მაშინ თუ ვიყვირებ, მოვლენ და შეგვაწყვეტინებენ მიტინგს. ამიტომ, გააჩნია, კანონით რა შეიძლება შეიზღუდოს. ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც წესდება კანონით, უნდა იყოს გონივრული, უნდა იყოს პროპორციული და ემსახურებოდეს სხვათა უფლებების დაცვის მიზანს და არ იყო უაზრო შეზღუდვები”, -ამტკიცებს ვახტანგ ხმალაძე.

გიორგი გობრონიძე - “რუსული პროპაგანდა აუცილებლად შეეცდება ახალი “მარკერების” მოძებნას. გააძლიერებს ხაზს, რომ დასავლეთს ჩვენი გარყვნა უნდა”

“რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრება (ევროკავშირი იქნება, ნატო თუ სხვა) ჩვენი თვითმიზანი არ უნდა იყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის სარგებელი მივიღოთ, რაც ამ ორგანიზაციის წევრობას მოჰყვება. ევროკავშირის წევრობის შედეგად ჩვენ პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური სივრცის დაცული ნაწილი გავხდებით... რუსული პროპაგანდა აუცილებლად შეეცდება ახალი “მარკერების” მოძებნას. ალბათ, გააძლიერებს იმ ხაზს, რომ თითქოს დასავლეთს ჩვენი გარყვნა უნდა. ადრეც მითქვამს და ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ რუსული პროპაგანდა ძალზე მდარეა და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. ევროკავშირს საქართველოსგან მსგავსი არასდროს არაფერი მოუთხოვია, მაგრამ რუსი პროპაგანდისტები შეეცდებიან ჩვენი მოსახლეობის მცირე ნაწილი მაინც დაარწმუნონ, თითქოს ევროკავშირში ჩვენი გაწევრება აპრიორი გაააქტიურებს ისეთ თემებს, როგორიც არის, მაგალითად, ერთსქესიანთა ქორწინება და ა.შ.” - აცხადებს ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსული პროპაგანდა აუცილებლად შეეცდება ახალი “მარკერების” მოძებნას. ალბათ გააძლიერებს იმ ხაზს, რომ თითქოს დასავლეთს ჩვენი გარყვნა უნდა”

“ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, მაგრამ მახსოვს, როგორ მოუწია ევროკავშირის ელჩს საჯარო განცხადების გაკეთებამ, რომ ქართული სახელმწიფოსგან მსგავსი არაფერი მოუთხოვია. ვერც მოითხოვს! იმიტომ, რომ ეს სუვერენული საქართველოს საშინაო საკითხია და საერთო არაფერი აქვს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციასთან. ევროკავშირში ისეთი ქვეყნებიც არიან, რომლებსაც ულტრალიბერალური მთავრობები ჰყავთ, და ისეთებიც, რომლებსაც ულტრაკონსერვატიული მთავრობები ჰყავთ. ამ კავშირში შემავალი ყველა სახელმწიფო თავად განსაზღვრავს, როგორი მთავრობა და რა ღირებულებების მატარებელი საზოგადოება ჰყავს. რუსული გვაწუხებს, მაგრამ ქართველი ხალხის 70%-ზე მეტი მაინც ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მომხრეა. რუსული პროპაგანდა ცდილობს შეამციროს ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა, მაგრამ ვერ ახერხებს. წარმოუდგენლად რთულია ქართველი ხალხის პროპაგანდისტული მეთოდებით დარწმუნება, რომ დასავლეთია მტერი, მაშინ, როცა დედაქალაქიდან 30 კილომეტრში რუსული საოკუპაციო ჯარი დგას, რუსული საოკუპაციო ბაზაა დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, და ეთნიკური ქართველების უფლებებს, მათ შორის სიცოცხლის უფლებებს, ფეხქვეშ თელავენ. სულ ცოტა ხნის წინ რუსებმა ქართველი კაცი, თამაზ გინტური იმის გამო მოკლეს, რომ წინაპრების აშენებულ ეკლესიაში შევიდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრინიძე.

“ამის შემდეგ რუსმა როგორ უნდა მითხრას, რომ დასავლეთია ჩემი მტერი და საფრთხეს უქმნის ჩემს რწმენას, ტრადიციასა და კულტურას?! იმაზე აღარაფერს ვამბობ, ოკუპირებულ რეგიონებში მიზანმიმართულად რომ ანადგურებენ ქართული კულტურის ძეგლებს. რუსეთის მცდელობა, სრულიად წაშალოს ქართული კვალი ოკუპირებულ რეგიონებში, რაიმე ფორმით ხელს უწყობს ჩვენი კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას?! ახლა მნიშვნელოვანია, საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ საზოგადოებამდე კარგად მიიტანოს სათქმელი და ხალხი დაარწმუნოს, რომ ევროკავშირი ქვეყნების უნიკალურობას, კულტურასა და ტრადიციებს არაფერს ერჩის, პირიქით - სწორედ ეს ორგანიზაცია იძლევა ამ ყველაფრის უკეთ შენარჩუნების საშუალებას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მე ისეთი რუსული არარაციონალური შინაარსის პროპაგანდისტული მესიჯები მომისმენია, რომ შეიძლება ფსიქიკურად არამდგრად ადამიანსაც გაეღიმოს. მაგალითისთვის შეგახსენებთ, რომ რუსული პროპაგანდა კორონავირუსის შექმნას და ლუგარის ლაბორატორიიდან გავრცელებას გვაბრალებდა. უკრაინასთან დაკავშირებით უფრო შორს წავიდა და ინფრაწითელი გადამცემებით შეიარაღებულ ფაშისტ ბატებზე გადაცემებს აკეთებდნენ, სტატიებს წერდნენ და სერიოზული სახეებით განიხილავდნენ. ძალიან ძნელია განსაზღვრო, რა მომწიფდება რუსი პროპაგანდისტების თავებში, მათ ყველანაირი სისულელის თქმა შეუძლიათ. დღეს რუსეთის მთელი რესურსი მიმართულია უკრაინისკენ, შესაბამისად, კავკასიაზე მოჭერილი მარწუხი შედარებით სუსტია და ჩვენ გვეძლევა ისტორიული შანსი, თავი დავაღწიოთ იმ ჭაობს, სადაც შეიძლება მართლა ჩავრჩეთ, თუ რუსეთმა მართლა გაიმარჯვა”, - თვლის ექსპერტი.

“ცუდი ის არის, რომ რუსეთმა როგორი შედეგითაც არ უნდა დახუროს უკრაინის ფრონტი, ჩვენ ყველა შემთხვევაში მოგვიტრიალდება. არც იმის ილუზია უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი დათმობის თუ მოთმენის პოლიტიკით რუსეთი საქართველოზე ხელს აიღებს. ამის დასტურად ერთ მაგალითს მოგიყვანთ: 1920 წლის 7 მაისს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბოლშევიკურ რუსეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მოსკოვი დე იურე აღიარებდა ჩვენს დამოუკიდებლობას, საქართველო საერთაშორისო ნეიტრალიტეტს აცხადებდა, ბოლშევიკური რუსეთი კი ამ ნეიტრალიტეტის დაცვის გარანტიად გვევლინებოდა. რა მოხდა 1921 წლის თებერვალში? რუსეთმა მისივე ხელმოწერილი ხელშეკრულება თავზე გადაგვახია და დაიწყო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაცია. სხვათა შორის, რუსეთმა გამსახურდიას პერიოდში თავადვე აღიარა, რომ საერთაშორისო ვალდებულება დაარღვია, რის შედეგადაც შეიქმნა იურიდიული საფუძველი იმისათვის, რომ საქართველოს 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა აღედგინა”, - განმარტავს გიორგი გობრონიძე.

“ჩვენ გვაქვს იმის მწარე გამოცდილებაც, რომ ჩვენი ისტორიის რაღაც მომენტში დავდექით იქ, სადაც რუსეთი გვთხოვდა დადგომას, მაგრამ მოსკოვი ამით არ დაკმაყოფილდა. 1992-1999 წლებში საქართველოზე პრორუსული სახელმწიფო ბელარუსიც არ ყოფილა, ყველაფერი მივიღეთ, რაც რუსეთმა შემოგვთავაზა - დავტოვეთ ყველა რუსული ბაზა, უფრო მეტიც, ორი კიდევ დავამატეთ, ეუთოს და გაეროს ეგიდით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ხელი მოვაწერეთ აბსოლუტურად დამამცირებელ და გაუგებარ ხელშეკრულებას. საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკა ვერ ნახავს ისეთ ოქსიმორონს, როგორიც იყო 1992 წელს ხელმოწერილი დაგომისის ხელშეკრულება, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთი შევიყვანეთ კონფლიქტის დამრეგულირებლად. შევედით დსთ-ში და ყველა ისეთ საკვანძო თანამდებობებზე, როგორიც თავდაცვა, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები იყო, მოსკოვის რეკომენდაციით დავნიშნეთ ხალხი, მაგრამ ერთი პატარა გაფართხალება არ გვაპატიეს, მილსადენის აშენების გამო საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს ორჯერ მოუწყვეს ტერაქტი. რატომ გამოთქვა შევარდნაძემ ნატოსა და ევროკავშირში შესვლის სურვილი, ხომ უნდა ვიკითხოთ? იმიტომ ხომ არა, რომ მანამდე ყველანაირად სცადა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, მაგრამ არ გამოვიდა?! ყველაფერი მივეცით რუსეთს, საკუთარი სულის გარდა”, - ამბობს რესპონდენტი.

“რუსეთი ჩვენ არასდროს განგვიხილავდა პარტნიორულ, მეგობრულ სახელმწიფოდ, ყოველთვის ტერიტორიულ დანაკარგად მივაჩნდით და ასე იქნება მომავალშიც. ამიტომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს დღევანდელი ისტორიული შანსის გამოყენება. უნდა მოვახერხოთ, რომ კონფრონტაცია არ გადაიზარდოს ომში. სწორედ ამისთვის გვჭირდება ევროკავშირი და ნატო. მარტო, იზოლირებულად არ უნდა დავრჩეთ. მე ძალიან ბევრი კრიტიკული მოსაზრება მაქვს ევროკავშირზე, ძალიან არ მომწონს მათი რეგულაციები და ბიუროკრატია, მაგრამ ამის მიუხედავად ვამბობ, რომ ევროკავშირი, ისევე როგორც ნატო, დღეს საქართველოსთვის ის იმპერატივია, რომელიც გვჭირდება თავის დასაცავად”, - ამტკიცებს ექსპერტი და შეკითხვაზე - "შესაძლოა რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონებში გაახშიროს პროვოკაციები..." - პასუხობს:

“ოკუპირებული რეგიონებიდან პროვოკაციებს აზრი არა აქვს, იმიტომ, რომ რუსეთის ყველა რესურსი მთლიანად უკრაინაზეა გადართული. გაცილებით სახიფათო იქნებოდა, რუსეთს უკრაინაში რომ არ ჰქონდეს ომი. რაც შეეხება საარჩევნო პერიოდს და სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობას, ქვეყანას ჰყავს სპეცსამსახურები, ვერც იმას იტყვის ვინმე, რომ ამ დარგის პროფესიონალები გვაკლია, მთავარია, უწყებას სწორი ამოცანები დაუსახონ. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა, შეინარჩუნოს კონსტიტუციური წესრიგი, სამოქალაქო მშვიდობა და არავის მისცეს უფლება, რომ სახელმწიფო აგვიფეთქონ. სწორი მართვით ვერც რუსეთის მოქალაქეები შეგვიქმნიან საფრთხეს. თუმცა უარესი სცენარისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გეგმა, როგორ დააბრუნებს ნებისმიერ მტრულად განწყობილ უცხოელს სამშობლოში”.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება