გია ხუხაშვილი - სააკაშვილმა ცოტა ხანი თავი დაგვანებოს, წიგნი დაწეროს - ქვეყნის დაზიანებას ციხიდანაც ახერხებდა, უკრაინიდანაც, „რეფრიჟერატორიდანაც“ და პირველად ვხედავ, რომ ადამიანი ამას საავადმყოფოდანაც ახერხებდეს

სააკაშვილი რატომ კარგავს ამ დროს, დაჯდეს, ამდენი აქვს გასახსენებელი, ამდენი კარგიც აქვს გაკეთებული, შეცდომებიც აქვს, დაწეროს წიგნი. სადაც შეცდომები დაუშვა, ნაცარი დაიყაროს თავზე, როგორ დავიჯერო, რომ სინანულის გრძნობა არაფერზე არ აქვს, ცოტა ხანს დაგვანებოს თავი. საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მიხედოს და ნუ აზიანებს ამ ქვეყანას. პირველად მესმის, რომ საავადმყოფოდანაც ადამიანი აზიანებდეს პროცესებს და ქვეყანას, ეს ამას ახერხებს, ციხიდანაც ახერხებდა, უკრაინიდანაც ახერხებდა, „რეფრიჟერატორიდანაც“ ახერხებდა, რომ ქვეყანა დაეზიანებინა. პოზიტივი მისგან აღარ მომდინარეობს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პოლიტიკურ წრეებში სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა აქტივი არ აქვს, გარდა იმისა, რომ სააკაშვილის შეწყალება მოითხოვოს, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ეს პოლიტიკურად არასწორი გადაწყვეტილება იქნება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მშვენივრად ესმით, რომ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნა პოლიტიკურად აბსოლუტურად უპერსპექტივო გზაა, მაგრამ მთავარ ნიუსად სხვა რა უნდა ქნან და ითხოვენ მიშას შეწყალებას, რისი იმედიც თავად არ აქვთ. ხელისუფლება არ არის დაინტერესებული, რომ მიხეილ სააკაშვილმა დროშით ირბინოს. ის არ არის საქართველოს მოქალაქე და რა ვარიანტებია დარჩენილი, პირველი ის, რომ აღძრულია სხვა საქმეები და ყველა ინსტრუმენტი აქვს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მიუხედავად შეწყალებისა, მიშა ციხეში დატოვოს -მიმდინარე საქმეებზე ხომ ვერ შეიწყალებს, ინდულგენციას ხომ არ გამოუწერს ყველაფერზე. მეორე სცენარია, შეიძლება ამ გზას არ მიმართონ, მაგრამ საავადმყოფოშივე ჩასვამენ მანქანაში და შემდეგ თვითმფრინავი და დეპორტაცია, იმიტომ, რომ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, არასასურველი პირია ფორმალური გაგებით და ამით მთავრდება ყველაფერი.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ჩემი აზრია, რომ არ შეიწყალებს და არც არის სწორი პოლიტიკურად სააკაშვილის შეწყალება, გამომდინარე იმ გრძელვადიანი სახელმწიფო ამოცანებიდან, რაც ჩვენ გვიდგას. რა არის ხელისუფლების ტექნოლოგია, რომ ერთგვარი ტიტანიკი შექმნას „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიშასგან, ყველა ოპონენტი ამ გემზე აიყვანოს და მერე ტიტანიკი ჩაძიროს. ეს არის მათი პოლიტტექნოლოგია, სხვა რამე ვერ ისწავლეს. აქედან გამომდინარე, მიშას ფაქტორი ხელისუფლებასაც აწყობს, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აწყობს, ორივე თავისი ამოცანების შესასრულებლად იყენებს.

თუ ზურაბიშვილი აპირებს აქტიურ პოლიტიკაში ყოფნას სამომავლოდ, ამ შემთხვევაში სააკაშვილის შეწყალება უარყოფითად აისახება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, რაც შეეხება სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროპარლამენტის კრიტიკას, ხუხაშვილის თქმით, შეიძლება მათ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდე და გააკრიტიკო, მაგრამ „დედა არ უნდა აგინო“ და შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო.

„ევროპარლამენტი არის ევროკავშირის საკანონმდებლო ტიპის სტრუქტურა. შენ შეიძლება რაღაც გადაწყვეტილებები არ მოგეწონოს და გააკრიტიკო. შენ თუ იმ სახლში გინდა ცხოვრება, საკუთარი ძმა შეგიძლია გააკრიტიკო, მაგრამ დედა არ უნდა აგინო, რასაც ესენი აკეთებენ. ფული აქვთ აღებულიო და ამ უბედურებას ამბობენ. ეს ხომ წმინდა რუსული პროპაგანდისტული ხაზია, რომ ევროპარლამენტარები არიან კორუმპირებულები, რომ გარყვნილების ბუდეა ევროპა. ევროკავშირი გაემიჯნოს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებსო, საგიჟეთი არ არის? შეურაცხყოფას რომ აყენებენ, ეს არც აღმასრულებელ ორგანოს არ მოეწონება, როდესაც მის პარლამენტს ვიღაც გაუგებარი კანდიდატი ქვეყანა ვირეშმაკობებით და მეორე ფრონტის ძახილით რაღაცნაირად გაძვრა და გუშინ რომ დროშებს წვავდნენ, დღეს ააფრიალეს, კიდევ რომ იგივე ტონალობაში გელაპარაკება, ამოგივა ყელში“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ