ილია დარჩიაშვილი - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ავუხსენი, თუ რა საჭიროებაა, რომ ქვეყანას ჰქონდეს კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც გადააზღვევს უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს

გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ქვეყანამ აიცილოს საფრთხეები, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, მსგავსი ტიპის საჭიროებებზე საუბრობენ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ბრიუსელშიც.

„შესაბამისად, საკითხი და პრობლემა აწუხებს ყველას, არა მარტო ჩვენ, არამედ ბევრ განვითარებულ ქვეყანას. შესაბამისად, ამ საკითხის გარშემო მიმდინარეობს დიალოგი და ამას არავინ უარყოფს. თავად ევროკავშირიც კი მუშაობს ამ საკითხზე. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ევროკომისიამ მოამზადა კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც მსგავსი ტიპის გამოწვევების გამკლავებისთვის არის საპრევენციო, სამართლებრივი მექანიზმი, რომელზეც მომავალში გააგრძელებენ მუშაობას. შესაბამისად, გაუგებარი და პრობლემური არ უნდა იყოს, რადგან ეს გამოწვევები აქვს ყველას, მათ შორის ჩვენც. ამ გამოწვევების დასაძლევად კონკრეტული მექანიზმი შემოვიღეთ, რომელზეც გვინდა, პარტნიორებმა მეტი კონსულტაცია გამართონ ჩვენთან. ჩვენ, ერთი მხრივ, ვაფიქსირებთ კონკრეტული მექანიზმების საჭიროებას, რომლებზეც, ხშირ შემთხვევაში, გვაქვს გაგება პარტნიორების მხრიდან და გვინდა, მათთან ერთად შევქმნათ კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც დაიცავს ქვეყანას.

ჩვენ ვემზადებით 2030 წლისთვის, მაშინ, როდესაც ევროპული ოჯახი მზად იქნება გაფართოებისთვის. საქართველოს ბევრი კანონი აქვს მისაღები და ბევრიც გასაუქმებელი მაშინ, როდესაც ჩვენი საბოლოო წევრობა დადგება დღის წესრიგში. შესაბამისად, ჩვენ ამისთვის ვემზადებით. გვინდა, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი მომზადებული ქვეყანა 2030 წელს, როდესაც, დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა გაფართოების საკითხი იქნება საბოლოოდ გადაწყვეტილი. დარწმუნებული ვართ, ამ ოჯახში გაწევრიანებით არა მარტო ჩვენ მივიღებთ სარგებელს, არამედ ამ ოჯახსაც მოვუტანთ სარგებელს ჩვენი საბოლოო წევრობით, რომელიც ჩვენთვის მთავარი მიზანია“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზეც ისაუბრეს.

„გარდა უმნიშვნელოვანესი შეკრების, რომელშიც ვიღებ მონაწილეობა, ასევე მაქვს შესაძლებლობა, გავმართო შეხვედრები კოლეგებთან. მქონდა შეხვედრა კომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, რომელიც პასუხისმგებელია გამჭვირვალობასა და ღირებულებების პორტფელზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ კანონპროექტთან დაკავშირებით. მე მას ავუხსენი, თუ რა საჭიროებაა, რომ ქვეყანას ჰქონდეს კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც გადააზღვევს ქვეყნის განვითარებას და იმ გამოწვევებს, რომლებიც უსაფრთხოების თვალსაზრისით აქვს ქვეყანას. შესაბამისად, გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი, ვისაუბრეთ, გავცვალეთ არგუმენტები. ასევე, ქალბატონი ვიცე-პრეზიდენტისგან მოვისმინე ის საჭიროებები, რატომ გახდა საჭირო, თავად ევროკავშირს დაეწყო ფიქრი კონკრეტულ მექანიზმებზე იმისთვის, რომ რისკების პრევენცია მოხდეს მომავალში. ვიცით, რომ სწორედ ევროკომისიამ მოამზადა კონკრეტული დირექტივა, რომელიც ასევე საუბრობს გამოწვევებზე, ასევე, ეძებს მექანიზმებს. მომავალში განხილვა უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს. სწორედ ქალბატონ ვიცე-პრეზიდენტთან ვისაუბრეთ საჭიროებებზე, არგუმენტებზე, ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს