ესტონეთის პარლამენტმა განცხადება მიიღო, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილის, მთავრობის წევრების,  პარლამენტის ლიდერების და  „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ჯგუფის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასა და მათ შორის ევროკავშირში შესვლის აკრძალვაზე

რიიგიკოგუმ (ესტონეთის პარლამენტმა) მიიღო განცხადება, რომელშიც გმობს საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და ევროპული ღირებულებების მიტოვებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

ინფორმაციის თანახმად, რიიგიკოგუს 44 წევრის მიერ წარდგენილი განცხადების: „საქართველოში დემოკრატიის კრიზისის შესახებ“ მიღებას მხარი რიიგიკოგუს 57-მა წევრმა მხარი დაუჭირა და 13 წინააღმდეგი წავიდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ფართო პროტესტის, ევროკავშირისა და საქართველოს მოკავშირეების მხრიდან მოწოდებისა და საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც შთაგონებულია რუსეთის ფედერაციის ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონით, რომელსაც პუტინის რეჟიმი სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესირებისთვის იყენებს".

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და გაერო-ს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის საწინააღმდეგო კანონად გამოაცხადა, რადგან ის არღვევს კანონის უზენაესობის, კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპებს.

რიიგიკოგუ გმობს საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებისა და ევროპული ღირებულებების მიტოვებასთან დაკავშირებით" და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმონ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

ესტონეთის პარლამენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ძალადობა დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, განახორციელოს სამართლებრივი გამოძიება ხელისუფლებისა და იმ პირების მიმართ, რომლებმაც ძალადობა გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, დაიცვან დაპირება, რომ ხელს შეუწყობენ კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვას და იმ რეფორმების განხორციელებას, რასაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს და რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა.

განცხადების პროექტში, ასევე, აღნიშნულია, სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ დაიწყებენ დემოკრატიული კრიზისის გადაწყვეტას კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის გზით, არ დაუბრუნდებიან ევროკავშირთან შეთანხმებულ რეფორმებისა და დემოკრატიზაციის პროგრამას და არ გააუქმებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, რიიგიკოგუ მიიჩნევს, რომ აუცილებელია ესტონეთმა დაბლოკოს ყველა შემდგომი პროცესი, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, გაყინოს განვითარების თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და გამოყოფილი თანხები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად გამოიყენოს.

რიიგიკოგუ ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ევროკავშირის საბჭოს შესთავაზონ ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს მთავრობის წევრების, საქართველოს პარლამენტის ლიდერებისა და ხელმძღვანელობის, პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ჯგუფის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, მათ შორის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა. თუ ეს წინადადება არ იქნება მხარდაჭერილი, რიიგიკოგუს სურს, რომ ესტონეთმა დააწესოს რესპუბლიკის მთავრობის სანქციები, მათ შორის, ესტონეთის რესპუბლიკაში შესვლის აკრძალვა აღნიშნული პირების მიმართ.

ესტონეთის პარლამენტს ასევე სურს, რომ ესტონეთმა შესთავაზოს ევროკავშირის საბჭოს სანქციების დაწესება საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ ჩახშობაში, საქართველოს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებში. თუ ეს წინადადება არ იქნება მხარდაჭერილი, რიიგიკოგუს სურს, ესტონეთმა რესპუბლიკის მთავრობის სანქციები დააწესოს ამ პირების წინააღმდეგ.

რიიგიკოგუ ასევე საჭიროდ მიიჩნევს, რომ ესტონეთმა მხარი დაუჭიროს ევროკავშირის საბჭოში საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის გაყინვას მანამ, სანამ არ გაუქმდება კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

„რიიგიკოგუ გამოხატავს პატივისცემას მამაცი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მომავალს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტეპან გრიგორიანი - უახლოეს 2-3 თვეში არსებობს იმის შანსი, რომ თურქეთ-სომხეთის საზღვარი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დიპლომატებისთვის გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
კახა ოქრიაშვილი - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპეტივა ქართველი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს
კახა ოქრიაშვილი - 2016 წელს 2 მილიონი „ოცნებას“ გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს?