ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2024

გია ხუხაშვილი - “რუსეთის გათეთრების პირველი ცდა ბიძინა ივანიშვილის ცნობილი გამოსვლა იყო გორში...”

ტოტალური შეტევა დამკვირვებლებზე - რამდენად წარმატებით გამოსდის “ოცნებას” არასამთავრობოების დისკრედიტირება

ირაკლი მელაშვილი - “ოცნებისკენ” გადაბირების საფრთხე არცთუ მცირეა”

კრემლის “ოცნების” თამაში? - რამდენად რეალურია ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და როგორ შეიძლება ჩაერიოს რუსეთი არჩევნებში

ზურაბ ბატიაშვილი - “ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა დიდი ომი დაიწყოს”

* * *

გია ხუხაშვილი - “რუსეთის გათეთრების პირველი ცდა ბიძინა ივანიშვილის ცნობილი გამოსვლა იყო გორში...”

“ბოლო წლებში კრემლის პროპაგანდამ იმის მტკიცება კი არ დაიწყო, რომ რუსეთი კარგია, არამედ ვითარების ისე წარმოჩენა, რომ მის ალტერნატივად დასავლეთის განხილვა შეცდომაა, რადგან დასავლეთი თითქოს რუსეთზე უარესია. მთელი ეს კამპანიები გარყვნილების ბუდეზე, ანტიქრისტესა და ათას მსგავს სისულელეზე მეთოდურად მიმდინარეობდა. ეს არის ცნობილი ტექნოლოგია, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იყო კარგად აპრობირებული, როდესაც კომუნისტური რეჟიმი კონკურენციას ვერ უწევდა თავისუფალ სამყაროს იმ ფუნდამენტურ ღირებულებებში, როგორიც არის თავისუფლება და კეთილდღეობა. ამიტომ ყალბ ნარატივს ნერგავდა, რომ საბჭოთა კავშირი იყო მშვიდობისა და სამართლიანობის სივრცე, დანარჩენი სამყარო კი იმპერიალიზმისა და აგრესიის ბუდე. ვიმეორებ, ეს ტექნოლოგიური ხაზი, ეს მატრიცა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არის შექმნილი და საბჭოთა მოქალაქეებს, რომელთაც არც თავისუფლება ჰქონდათ და არც კეთილდღეობა, ამით ურევდნენ ტვინს”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დღეს საარჩევნო პროგნოზების გაკეთება კაზინოში თამაშს ემსგავსება...”

“დღეს იმავე ტექნოლოგიას იყენებენ, უბრალოდ, ახალი ელემენტები დაამატეს, მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს ფსევდორელიგიური ნარატივი ნაკლებად გამოიყენებოდა, დღეს კი ამან ამ ყველაფერს ახალი შტრიხები შესძინა. პირველ ეტაპზე სწორედ ამ მეთოდებით გვებრძოდნენ, ამბობდნენ, რუსეთი ცუდია, მაგრამ დასავლეთი ბევრად უარესიაო, მაგრამ ბოლო პერიოდში გამოჩნდა უკვე სხვა ნოტებიც. როგორც ჩანს, მიიჩნიეს, რომ ეს საქმე წარმატებით გააკეთეს და უკვე მეთოდურად დაიწყეს რუსეთის გათეთრება. ბიძინა ივანიშვილის ცნობილი გამოსვლა გორში, ფაქტობრივად, ამის პირველი ცდა იყო. მან ისე გამოიყვანა, რომ ჩვენსავე ტერიტორიაზე ჩვენ ვიყავით აგრესორები, ვმოქმედებდით იმპერიალისტების დაკვეთით, გვინდოდა ოსებისთვის გენოციდის მოწყობა და ახლა ამისთვის ბოდიშიც უნდა მოვიხადოთ, თავზე ნაცარიც წავიყაროთ და ვაღიაროთ, რომ რუსები იყვნენ მშვიდობის დამცველები, რომლებმაც ოსები გენოციდისგან გადაარჩინეს. ამ ყველაფერს სისტემურად რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ პროცესები ლოგიკურად ებმის ყველაფერს - ეს არის კრემლიდან მიღებული ინსტრუქციები იმ ნარატივის, იმ მატრიცის დისტრიბუციისთვის საქართველოში, რაც დიდი ხანია შექმნილია და კარგად არის აპრობირებული სხვაგანაც, მაგალითად, ბელარუსში. ეს სცადეს უკრაინაშიც, მაგრამ არ გამოუვიდათ.”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ეს პროპაგანდა სამწუხაროდ, გარკვეულწილად მიზანს აღწევს - საბოლოოდ ხელისუფლებამ ამ ალტერნატივის, რუსეთი თუ დასავლეთი, სიმწვავე კრიტიკულად მნიშვნელოვან ომისა და მშვიდობის თემად აქცია. ხელისუფლება პოზიციონირებს, რომ თვითონ სურს მშვიდობა, ხოლო ყველა მისი ოპონენტი ომის მომხრეა, ოღონდ საინტერესოა, რას გვთავაზობენ ამ მშვიდობის უზრუნველსაყოფად - რუსეთთან ენის მოჩლექითა და ლაქუცით ლაპარაკს, გვაბოლებენ, თუ გაბრაზდა, ეგრევე ომი დაიწყებაო, ასე ცდილობენ საზოგადოების დაშინებას. მოკლედ, დღეს “ქართული ოცნების” ხელისუფლების ხელით რუსეთი ტესტავს ქართველ საზოგადოებას და თუ ესეც “ვჭამეთ”, რომ რუსეთი ანგელოზია და 2008 წელს ჩვენ ვიყავით აგრესორები, ეს იქნება ოკუპანტისთვის პირდაპირი მინიშნება იმისა, რომ რბილი ძალით სავსებით შესაძლებელია დღესვე დაიწყოს საქართველოს რეინტეგრაცია რუსეთის იმპერიაში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ არჩევნები, არამედ საზოგადოების ნების მასშტაბური გამოხატვა. კარგა ხანია ვამბობ, რომ არჩევნებამდე აუცილებელია მასშტაბური, პროდასავლური მანიფესტაციის გამართვა არა იმდენად საარჩევნო მიზნით, არამედ იმიტომ, რომ რუსეთს არ ჰქონდეს ილუზია, ქართველი საზოგადოება ადვილად გადასაყლაპიაო”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“კობახიძის გამოსვლების კომენტირებაში აზრს ვერ ვხედავ, არა მგონია, მას ვინმე სერიოზულად უსმენდა - საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო გაგებით “უცხო სხეულად” იქცა. ესენი ხომ მაქციები არიან, იმის თავიც არა აქვთ, რომ ღიად პრორუსები იყვნენ, იქ ილაპარაკებენ იქაურ ენაზე, აქედან მუშტებს დაიქნევენ. ამასაც უხარისხოდ აკეთებენ, სულ ეს არის მაგათი პოლიტიკა. კი იყო გამოსვლა გარკვეული შელამაზებებით, აგრესია არ იგრძნობოდა, რასაც აქ ვისმენთ ხოლმე ტრიბუნიდან, თუმცა მისი გამოსვლა დაემსგავსა ისეთი ოდიოზური პირების გამოსვლას, როგორიც არიან დიქტატორები, ავტორიტარები, ჯერ კიდევ ხრუშჩოვით დაწყებული. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობის ეს დაღმავალი პროცესი შეუქცევადია. ვითარების შემოტრიალება, რასაც ივანიშვილი ვიღაცას ჰპირდება, ილუზიაა. ტრამპი რომც მოვიდეს ხელისუფლებაში, მისი ადმინისტრაცია ამათთან კიდევ უფრო მკაცრი იქნება. საქმე ის არის, ტრამპი აშშ-ის საწინააღმდეგო რიტორიკას არ აიტანს”, - განმარტავს ექსპერტი.

“ზნეობრივ მხარეს რომ თავი დავანებოთ, ესთეტიკის თვალსაზრისითაც კი ძალიან გოიმურია ეს ყველაფერი. უტიფრობის ხარისხზე აღარაფერს ვამბობ. წარმოუდგენელი რამ გააკეთეს. კობახიძის კომენტარი ვნახე, უკრაინელებიც იყენებდნენ ჩვენი ომის კადრებსო - ეს უტიფარი ტყუილია. ჩვენ გვყავს მატყუარა პრემიერი, მსგავსი რამ არ მომხდარა, მაგრამ კობახიძეს არ აინტერესებს რეალობა. ის მზად არის ცილი დასწამოს, სიცრუე თქვას, ოღონდ კი თავისი მოქმედება გაამართლოს... რაც შეეხება 2008 წლის ომზე ზელენსკის ძალიან უხერხულ ხუმრობებს, კომიკოსის ხუმრობა შეიძლება ცუდი ან კარგი იყოს, ზელენსკის იმჟამინდელი ხუმრობები ცუდი იყო, მაგრამ იმ დროს ის კომიკოსი იყო და არა სახელმწიფო მოხელე. უკრაინის სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველთვის იყო მხარდამჭერი. გავიხსენოთ 2008 წლის ომი, რამხელა პოლიტიკური თუ სამხედრო დახმარება გაგვიწიეს. როდესაც ამ ქვეყანას ასე ექცევი, არ ვიცი, ეს რას ჰგავს”, - ამბობს გია ხუხაშვილი.

“სიებში, ალბათ, აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ ადგილზეა, მაგრამ ამომრჩეველი, ძირითადად, ლიდერის გამო აკეთებს არჩევანს. ამ მხრივ განსაკუთრებული სიურპრიზები არა გვაქვს “ქართული ოცნების” სიაში, რომელშიც პოლიტიკოსები საერთოდ არ არიან. მასში არის ერთადერთი მნიშვნელოვანი აქტორი - ბიძინა ივანიშვილი, რომლის საკუთრებაც არის მთელი სია. ერთადერთი სიახლე ის არის, რომ მას ოლიმპიდან ცოდვილ დედამიწაზე დაბრუნებამ მოუწია - გამომდინარე იქიდან, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშები აქვს, მიიჩნია, რომ მას სჭირდება ძალაუფლების ფორმალიზება, პოლიტიკური იმუნიტეტი და გადაწყვიტა თავისი როლის სრული ლეგალიზება სახელმწიფო მართვაში. არა მგონია, ის პარლამენტში დეპუტატად დარჩეს, მას სჭირდება უფრო იმუნიტეტი იმ შიშების გათვალისწინებით, რაც აქვს. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, მას პრეტენზია ექნება პრეზიდენტობაზე - ეს სტატუსი მისთვის განსაკუთრებით კომფორტულია”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“რაც შეეხება ოპოზიციას, დავიწყოთ “ნაციონალური მოძრაობით”. მათთანაც ახალი დიდი არაფერია. მოსალოდნელი იყო, რომ ამ პარტიაში სიებზე იქნებოდა დიდი გაწევ-გამოწევა და ასეც მოხდა, ყველაზე ბოლოს წარადგინეს სია, რაც კარგი ცხოვრებით არ იყო განპირობებული. დიდი ალბათობით, სიის დაკომპლექტებისას პარტიაში დიდი პრობლემები ჰქონდათ. მე არც ამათ სიას განვიხილავდი დიდი ინტერესით, იქაც სააკაშვილია წამყვან ფიგურად. “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატის იმ ნაწილისთვის, რომელიც ამ ძალას უჭერს მხარს, სააკაშვილია მთავარი ორიენტირი. მეორე ნაწილი კი “ჩამოტყდა” და წავიდა გაერთიანებასთან “კოალიცია ცვლილებებისთვის”. ამ კოალიციაში პოლიტტექნოლოგიური ელემენტი გამოიყენეს და პირველ ნომრად სიაში შეიყვანეს ნანა მალაშხია - ქალი ცნობილი ევროკავშირის დროშით, რასაც გარკვეულ შემთხვევაში პოზიტივი მოაქვს და ასევე სიმბოლურ ხასიათს ატარებს. პარტიებსაც “ძლიერი საქართველო” და “გახარია საქართველოსთვის” არა აქვთ დიდი სიახლეები. მოკლედ, ის მოცემულობები მივიღეთ, რაც მოსალოდნელი იყო”, - თვლის ექსპერტი.

“ედისონ რისერჩის” კვლევის შედეგების სიზუსტეზე შეგვიძლია არაერთი თეორია განვავითაროთ, მაგრამ მთავარია არა ის, თუ როგორი განაწილებაა ოპოზიციაში, არამედ მნიშვნელოვანია ხელისუფლების რეიტინგი, რაც, ჩემი აზრით, მეტ-ნაკლებად ობიექტურია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის აგრესიის ნიაღვარი, რაც ხელისუფლების საარჩევნო კამპანიიდან იღვრება, ბევრზე უკვე აღარ მოქმედებს. კონფორმისტებიც კი, რომლებიც ხელისუფლების მხარდამჭერი ხმების ბეღელს წარმოადგენენ ხოლმე, ეჭვებში არიან. ვგულისხმობ მათ, ვინც მუდმივად ხელისუფლების მხარეს არიან და როგორც კი ის იცვლება, მომენტალურად გადალაგდებიან ხოლმე ახალ ხელისუფლებაში. ეს ხალხი საკმაოდ ჭკვიანია და ორიენტირებულია სტაბილურ კეთილდღეობაზე. ამიტომაც კარგად ხედავენ, რომ ამ ხელისუფლებას ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს. შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია ეს კეთილდღეობა თავზე ჩამოემხოთ. საჯარო სექტორშიც მათი პოზიცია საკმაოდ შერყეულია, იქაც კარგად ხვდებიან ყველაფერს, თუმცა ჯერ ხმამაღალ განცხადებებს არ აკეთებენ. დარწმუნებული ვარ, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ბიზნესიც ძალიან სერიოზულად დაფიქრდება. თუნდაც იმიტომ, რომ სასანქციო პოლიტიკა თუ გაგრძელდა, ამან შესაძლოა ქვეყნის საფინანსო პოლიტიკა ჩამოაქციოს”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“ხელისუფლებას სტაბილურად საყრდენი ელექტორალური ბაზა უკვე დაკარგული აქვს და ცდილობს შეინარჩუნოს ძალისმიერი მეთოდებით, მედროვეების გამოყენებით, რომლებიც კომპრომატებით ჰყავთ მობმული და ა.შ. თუმცა ხელისუფლების კოზირი ეს კი არ არის, არამედ ოპოზიციის სისუსტე და არაადეკვატურობა. ჩემი შეფასებით, ოპოზიციას საარჩევნო კამპანია, პრაქტიკულად, არც დაუწყია. რაც შეეხება სააკაშვილი განცხადებას საარჩევნოდ ხელისუფლებისგან `ვიდეჩანაწერების გამოყრაზე”, იცის სააკაშვილმა მეთოდები, თავის დროზე თვითონაც ასე იქცეოდა. ამიტომაც მისგან ამის თქმა ცოტა ღიმილის მომგვრელია. ამ ხელისუფლებას ახალი არაფერი შეუქმნია, სააკაშვილი თუ რამეს აკეთებდა მანკიერსა და მავნეს, ყველაფერი გადმოიღეს. მეც ვეთანხმები სააკაშვილს, მან ყველზე კარგად იცის, როგორ იქცევა ძალაუფლებას ჩაჭიდებული ხელისუფლება”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “არჩევნებამდე თვეზე ნაკლები დარჩა, შეგვიძლია რაიმე ტიპის პროგნოზი გააკეთოთ?” პასუხობს:

“ძალიან რთულია. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს ლეგიტიმაცია. მას სისტემურად არჩევნები წაგებული აქვს, თუმცა ბუნდოვანია, ვის აქვს მოგებული. ჩვენ გვყავს 3 თანაზომადი ოპოზიციური ცენტრი. იმდენად ახლოს არის მათი მონაცემები, რომ პროგნოზების გაკეთება კაზინოში თამაშს ემსგავსება. მთავარია, ოპოზიცია იყოს ადეკვატური და აქტიური ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. კიდევ პრეზიდენტის როლია მნიშვნელოვანი, მის აქტიურობაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. მას საარჩევნო პროცესში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია”.

ტოტალური შეტევა დამკვირვებლებზე - რამდენად წარმატებით გამოსდის “ოცნებას” არასამთავრობოების დისკრედიტირება

“ცდილობს თუ არა ხელისუფლება 26 ოქტომბრის არჩევნების წინ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციას? - სწორედ ეს ეჭვი აქვს მესამე სექტორს და ოპოზიციას მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც მმართველი გუნდი, ასევე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი, ცდილობენ ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები პოლიტიკურ მხარედ წარმოაჩინონ. სიტუაცია უკვე იმდენად რთულადაა, რომ მმართველი გუნდი ლამის პირდაპირ აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნებსაც არ აღიარებენ. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ამაზე ღიად განაცხადა და თქვა, რომ ისინი პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენენ და შესაბამისად, დასკვნების დაწერის დროს დამოუკიდებელ და ობიექტურ გადაწყვეტიებას ვერ მიიღებენ. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები სწორედ ამ ორგანიზაციების მხადრაჭერით მოიგო და მათი აღიარების შედეგად მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლების დათმობა მოუწია. ახლა კი “ოცნება” ამტკიცებს, რომ ისინი არასანდო სადამკვირვებლო მისიები არიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ტოტალური შეტევა დამკვირვებლებზე - რამდენად წარმატებით გამოსდის “ოცნებას” არასამთავრობოების დისკრედიტირება.

“იგივე ხდებოდა მესამე სექტორთან დაკავშირებითაც, როცა არაერთი დარღვევა მიდიოდა ივანიშვილის წინააღდეგ მაშინდელი რეჟიმის მხრიდან, სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ, რომლებიც ივანიშვილს თავის დაცვაში ეხმარებოდნენ. უფრო მეტიც, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პერიოდულად ხვდებოდნენ “ქართული ოცნების” საარჩევნო სიებში, ასე იყო 2012 წლის არჩევნებზეც და მაშინ ეს “ოცნებას” სავსებით მისაღებად მიაჩნდა. ხოლო ახლა, როდესაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ოპოზიციის საარჩევნო სიებშია, “ოცნება” ამას უკვე არასამთავრობო ორგანიზაციების მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძვლად მიიჩნევს და მათ სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ დღეს იწურება “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”-სა და “აირჩიე ევროპა”-სათვის ხელისუფლების მხრიდან წაყენებული ერთგვარი ულტიმატუმის ვადა, რომლებიც ანტიკორუფციულმა ბიურომ პოლიტიკურ პარტიებს გაუთანაბრა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ანტიკორუფციულმა ბიურომ ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა. ამის შემდეგ მათზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი გავრცელდება და 5 დღის ვადაში ფინანსური ხარჯთაღრიცხვა უნდა წარმოადგინონ. ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” და “აირჩიე ევროპა” აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ის მათი დაჯარიმებით იმუქრება. ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა ხათუნა ლაგაზიძემ და განაცხადა, რომ ეს არის სადამკვირვებლო მისიებზე პირდაპირი ზეწოლა. მან კუპრაშვილის ბიუროს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. კუპრაშვილი ეკა გიგაურს და ხათუნა ლაგაზიძეს პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ ჩართვაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ ისინი წარმოადგენენ მხარეს, ამიტომ, კანონის შესაბამისად, პოლიტიკური სუბიექტები არიან”, - განაგრძობს გამოცემა.

“კუპრაშვილმა პრეტენზიები ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც - “ენ-დი-აი”-სა და „”აი-არ-აი”-ს წაუყენა, რომელთაც გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ კუპრაშვილმა 27 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის ნეიტრალურობა და ობიექტურობა გადამწყვეტია და მათ მიერ დაფინანსებული ღონისძიებები არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ არჩევნების შეფასებას და მის ლეგიტიმურობას საქართველოში დარეგისტრირებული ის ადგილობრვი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აპირებენ, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკურ პარტიებთან არიან დაკავშირებულები. ასეთებად კი “ქართული ოცნება” 19 სადამკვირვებლო ორგანიზაციას ასახელებს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ “ოცნება” სადამკვირვებლო მისიების შესახებ ყალბ ინფორმაციას სპეციაურად ავრცელებს, რათა როცა მათი მხრიდან არჩევნების გაყალბებაზე დაიწყება საუბარი, საზოგადოებისთვის ეს ნაკლებად დამაჯერებელი იყოს”, - დასძენს გამოცემა.

“ფაქტია და ეს უკვე ძალიან ღიად ხდება. “ოცნებაში” ამზადებენ ნიადაგს, რომ თუ გაყალბება დააპირეს და დასავლური ორგანიზაციების მხრიდან - მათ შორის ეუთო/ოდირიდან, ევროპის საბჭოს დამკვირვებლებისგან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან “ენ-დი-აი” და “აი-არ-აი” - კრიტიკული შენიშვნები ექნებათ, “ოცნება” იტყვის, რომ ისინი გლობალური ომის პარტიის თამაშს თამაშობენ და ამიტომაც გვაკრიტიკებენო. ასევე იტყვიან, რომ ოპოზიცისთან არიან შეკრულები და მხარეს წარმოადგენენ. თუ “ოცნება” წააგებს, არაა გამორიცხული, “გლობალური ომის პარტიას” და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დააბრალოს, რომ თითქოს ისინი ახდენდნენ ზემოქმედებას. თადარიგს იჭერს. ხედავს, რომ არჩევნებს აგებს, თუ არ გააყალბა. თან ისიც იცის, რომ თუ გააყალბა, დასავლეთიდან კრიტიკა იქნება. რუსეთი და ჩინეთი თვალს დახუჭავენ და დასავლეთის გარდა სხვა არავინ გააკრიტიკებს. ამიტომაც, დასავლეთთან ურთიერთობა თავიდანვე დაძაბეს, ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ, რითაც შეიძლება ქვეყანა იზოლაციაში მოაქციონ. ამიტომაც გამოიგონეს “გლობალური ომის პარტია”. ახლა კი ერთობლივად ხდება ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების გაშავება. საზოგადოებას აჩვევენ იმ აზრს, რომ ისინი ახლავე არასანდოები არიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ დასავლეთში 26 ოქტომბრის არჩევნებისადმი ინტერესი დიდია და დამკვირვებლებს მაქსიმალური რაოდენობით გამოაგზავნიან, რომელთა რიგებშიც, მისი თქმით, ყველა მიუკერძოებელი ვერ იქნება. რაც მთავარია, ისინი ძირითადად ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაეყრდნობიან, რომლებიც, აბაშიძის შეფასებით, პირდაპირ პოლიტიკურ პარტიებთან არიან დაკავშირებული. “გამორიცხულია, რომ კოლექტიური ეკა გიგაურები, ნინო ლომჯარიები, ვითომ პოლიტიკური მოღვაწე ლაშა ბუღაძე და მათნაირები ობიექტურები იყვნენ, ისინი დამკვირვებლები კი არა არიან, არამედ ენმ-ის სასარგებლოდ თავხედურად აგიტირებენ და მმართველ გუნდს ვითომ აშავებენ, ცესკოს თავს ესხმიან და ა.შ. მათი სტილი არ იცვლება, ესაა დეზინფორმაცია და მანიპულაციური ანგარიშები... არიან მიკერძოებული ადგილობრივი არასამთავრობიები, რომლებიც ისეთ ტყუილს ავრცელებენ, რაც “ნაცმედიაში” რეგურალურად ვრცელდება, მაგრამ არიან პატიოსანი, ნეიტრალური დამკვირვებლები, რომლებიც ამ სხვადასხვა ხარვეზებს აფიქსირებენ“, - ამბობს აბაშიძე, რომლის მტკიცებით, “სპეტაკი საარჩევნო პროცესი არ არსებობს, არც ამერიკაში, არც ევროპაში და საერთოდ არსად, თუმცა საქართველოში არ არის ისეთი პრობლემები და ჩავარდნები, რის წარმოჩენაც რევანშისტულ ძალა ცდილობს”, - წერს სტატიის ავტორი.

ირაკლი მელაშვილი - “ოცნებისკენ” გადაბირების საფრთხე არცთუ მცირეა”

“დღეს არც ოპოზიციაში აქვს ვინმეს შანსი იმისა, რომ გაიმარჯვოს ისეთი უპირატესობით, რომ მთავრობა სრულად დააკომპლექტოს, და ხელისუფლებასაც, ჩემი აზრით, ძალიან გაუჭირდება უპირატესობის მოპოვება. მთავარი საკითხი იგივეა - შეუქმნის თუ არა ვინმე “ქართულ ოცნებას” სამთავრობო კოალიციას... პრეზიდენტის ქარტიას უფრო ის როლი ჰქონდა, რომ წინასაარჩევნოდ არანაცქოცური ოპოზიციის ერთიანი პლატფორმა გაეკეთებინათ, მაგრამ ვერ გამოვიდა. ახლა ქარტიის დაცვას მაინცდამაინც არ დაიწყებს ოპოზიცია, თუკი არჩევნებში გაიმარჯვა. თუმცა, ერთი მხრივ, არჩევნებში ერთპიროვნულად ვერავინ გაიმარჯვებს, მეორე მხრივ, “ნაცმოძრაობის” დაკომპლექტებულ მთავრობაზე სხვა ოპოზიცია არ დათანხმდება, “ნაცები” კი არ დათანხმდებიან, რომ სხვა პარტიები წავიდნენ წინ, ამიტომ შეიძლება კომპრომისის საფუძველი გახდეს სწორედ ტექნიკური მთავრობის ელემენტი, რაც ქალბატონმა ზურაბიშვილმა შემოგვთავაზა. თუმცა ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში რა მოხდება, რა შედეგებს მივიღებთ არჩევნებზე, კაცმა არ იცის”, - აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნებისკენ” გადაბირების საფრთხე არცთუ მცირეა”.

“მოდი, ასე ვთქვათ, “ოცნება” ამდენ ხანს ევროინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხით თამაშობდა. როგორც კი ევროინტეგრაციის საკითხი დადგა, მაშინვე უნდა გამართულიყო ამ თემაზე საუბარი, დასმულიყო კითხვები და გაეცათ პასუხები. თავის დროზე “ნაცმოძრაობა”, ვინც ამ კითხვას დასვამდა, ყველას მოღალატედ აცხადებდა და ეს თემა ჩაკლეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებაში ეს კითხვები არ იყო, მათ შორის ევროინტეგრაციის მომხრეებშიც და ცხადია, მოწინააღმდეგეებშიც. იმასაც შეგახსენებთ, რომ 2008 წელს, როდესაც ნატოს საკითხზე პლებისციტი ჩატარდა, ხმები 72X28-ზე დაჯდა. სხვა საკითხია, პლებისციტი როგორი არჩევნების ფონზე მიდიოდა, მაგრამ ოპოზიციას არ დაუყენებია მისი სანდოობის საკითხი. მიუხედავად ამისა, წლები გადიოდა და კითხვები ყველას ჰქონდა, რომ რა ეშველება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ამაზე საჯაროდ ლაპარაკს ვერავინ ბედავდა, რადგან, როგორც გითხარით, ლამის ღალატის ტოლფასი იყო. კითხვები ახლა უფრო გაღრმავდა და “ოცნებამ” ზუსტად ამაზე ითამაშა და არავინ მოინდომა სერიოზულად ლაპარაკი. ზუსტად ამ კითხვაზე პასუხგაუცემლობაზე, რაც, ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იყო, ითამაშა “ქართულმა ოცნებამ” და შემოატრიალა ეს საკითხი. ტერიტორიული მთლიანობა საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია და ეს გამოიყენა “ოცნებამ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.

“არც ერთ კვლევაში არ დასმულა კითხვა, თუ ეს ორი საკითხი, ევროინტეგრაცია და ტერიტორიის მთლიანობა დაუპირისპირდა ერთმანეთს, მაშინ როგორია ქართველი ხალხის არჩევანი. ეს არ ვიცით და “ოცნება” ახლა ზუსტად ამაზე თამაშობს, ფაქტობრივად, ის გამოდის იდეით, რომ თურმე ტერიტორიულ მთლიანობას ევროინტეგრაცია უშლის ხელს. ამას ყველა ვხვდებით და სწორედ ამის გამო ამ ორი საკითხის დაპირისპირებით ხმები როგორ გადანაწილდება, არავინ იცის. “ოცნება” ამ საკითხს საერთოდ არასწორად აყენებს და ხალხს სწორედ ეს უნდა აუხსნან. ის კი არ უნდა უთხრა, ამ კითხვას რომ სვამ, მოღალატე ხარო. ხალხს უნდა გააგებინო, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები ევროინტეგრაციაში, უკრაინის გამარჯვებაშია და, თუკი უკრაინამ გამარჯვება ვერ მოახერხა, ტერიტორიულ მთლიანობას კი არა, ვირის ყურებს დაგვანახებენ ცოტა ხანში. აქამდე ხომ ამაზე ხმის ამოღება ღალატად ითვლებოდა, ახლა კი ვინ რისი ამხსნელია, რომელიმეს ეტყობა, რომ სერიოზულად უფიქრია რაიმე საკითხზე? პრობლემაც ზუსტად ის არის, რომ არც არავინ იცის, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ ხომ ის ქვეყანა ვართ, სადაც არაფრის გეგმა არა გვაქვს. ევროკავშირში ინტეგრაციაც თავზე დაგვეცა, თორემ ჩვენ არაფრისთვის მზად არ ვიყავით და არც ვართ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რას ნიშნავს ევროკავშირში შესვლა და ეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას როგორ შეუწყობს ხელს, ხალხს უნდა უთხრან, თუნდაც კამათის დასაწყებად. საზოგადოებაში არის ამ თემაზე ლაპარაკის მოთხოვნა და ხელისუფლება აკეთებს ძალიან მარტივ რაღაცას - იმედს იძლევა, მე ვარ ის, ვინც რუსეთს მოელაპარაკება, მაგრამ დასავლური ძალები, რომელთაც არ უნდათ რუსეთთან ლაპარაკი, ხელს გვიშლიან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე მუშაობაშიო. რა თქმა უნდა, “ოცნების” ეს პოლიტიკა უზნეობაა, მაგრამ ვის ვთხოვთ ზნეობას, ხომ ვნახეთ, ბანერებზე რაც გამოფინეს, ამის შემდეგ რაზე შეიძლება ლაპარაკი. “ოცნებას” უზნეობა ხმებს დააკარგვინებს თუ არა არ ვიცი, ეს არავის დაუტესტავს. თუმცა ამ თემით მაქსიმუმის ამოღებას ცდილობენ. ამას დაამატეთ მათი ხმები, ვისაც “ნაცმოძრაობის” მობრუნების ეშინია და პლუს ადმინისტრაციული რესურსი. თუმცა, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მაინც მგონია, რომ “ოცნება” 40%-ზე მეტს ვერ აიღებს. ყველაფერი მაინც დამოკიდებულია იმაზე, ოპოზიცია რამდენად შეძლებს ხმების აკრეფას”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“რომ გითხრათ, აღფრთოვანებული ვარ საარჩევნო კამპანიით-მეთქი, მოგატყუებთ. მეგონა, ოპოზიცია სურათის შექმნას უფრო კარგად შეძლებდა იქიდან გამომდინარე, რაც მაის-ივნისში ხდებოდა ქვეყანაში. უფრო მეტად შეძლებდა იმ განწყობის გაღვივებას საზოგადოებაში, რომ ხელისუფლება იცვლება, მაგრამ მათი ლექსიკიდან გამომდინარე, ის უფრო ჩანს, რომ წაგების უფრო ეშინიათ, ვიდრე მოგების სჯერათ. სცენარები ძალიან შეზღუდულია. ერთია, რომ ოპოზიციამ შეძლოს გამარჯვება დამაჯერებლად. ამისთვის “ოცნებამ” კიდევ იმდენი სისულელე უნდა ჩაიდინოს, რომ ხალხს ყელში ამოუვიდეს და მასობრივად მისცეს ოპოზიციას ხმა, რათა გაყალბება და ოპოზიციის გამარჯვების გადაფარვა შეუძლებელი გახდეს. ამისთვის კი ოპოზიციას სადღაც 60-40%-ზე უნდა ჰქონდეს ჯამში მოგებული, რომ “ოცნებამ” გაყალბება ვეღარ შეძლოს. ჯერ კიდევ ბევრად მეტია ხელისუფლებით უკმაყოფილო, ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერი. ოპოზიციამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხის მასობრივად მიზიდვა. აგინებენ ხელისუფლებას, მაგრამ არ იციან, ვის მისცენ ხმა”, - ამბობს ირაკლი მელაშვილი.

“მეორე პრობლემაა ის, რომ ეს ხმები არ დაიკარგოს იმ პარტიებზე, ვინც ბარიერს ვერ გადალახავენ. ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომაა, რაც “ფორმულამ” “ედისონ რისერჩის” კვლევის საფუძველზე გამოაქვეყნა, რომ ოთხმა კი არა, შეიძლება 5-6-მა სუბიექტმა გადალახოს ბარიერი. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ ლეიბორისტები და ხვიჩია ბარიერს გადალახავენ, მაგრამ ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ბარიერი ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახოს და ამან შეიძლება გამოიწვიოს ხმების დაქსაქსვა. ეს ვის აწყობს? “ოცნებას” და “ნაცმოძრაობას”, ისევე, როგორც ბევრი ისეთი რამ, რასაც ამ წლების განმავლობაში კეზერაშვილი აკეთებს. ოპოზიცია ვერ ქმნის გამარჯვების განწყობას. მას არ ჰყავს ლიდერები, ვისაც საზოგადოება ენდობა. მთავარია, საზოგადოებაში გამარჯვების განწყობის შექმნა და მერე ამას ვერც ბიძინას მილიარდები შეცვლის და ვერც “ოცნების” ხრიკები. სამწუხაროდ, ისეთი ხელისუფლება გვყავს, რაც არ უნდა ცუდი ოპოზიცია იყოს, უნდა შეიცვალოს. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არა იმიტომ, რომ კარგი ოპოზიცია გვყავს, არამედ იმიტომ, რომ “ოცნება” რომ დარჩეს, უფსკრულში გადაჩეხს ქვეყანას. თუ ესენი მოვლენ, რას იზამენ, ეს უკვე მეორეხარისხოვანი საკითხია. ყოველ შემთხვევაში, იმ კატასტროფას მაინც ავცდებით, რაც შეიძლება ძალიან მალე მივიღოთ - ქვეყნის დასანქცირება”, - დასძენს მელაშვილი.

კრემლის “ოცნების” თამაში? - რამდენად რეალურია ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და როგორ შეიძლება ჩაერიოს რუსეთი არჩევნებში

“ტერიტორიული მთლიანობის შესაძლო აღდგენა თანდათან “ქართული ოცნების” მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ხდება, ხოლო მოსკოვი კი ამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებში მიანიშნებს, რომ ეს შესაძლოა რეალური იყოს. ანალიტიკოსთა ნაწილი ამაში კოორდინირებულ მოქმედებას ხედავს და მიიჩნევს, რომ კრემლი, ამ და კიდევ სხვა მეთოდებით, ირიბად ეცდება ქართველ ამომრჩევლებზე “ოცნების” სასარგებლოდ გავლენის მოხდენას. მეორე ნაწილის აზრით კი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე “ოცნებას” კარტები ბოლომდე გახსნილი არ აქვს”. 28 სექტემბერს კახეთში ბიძინა ივანიშვილმა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კიდევ ერთხელ ახსენა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ “ურთიერთშენდობის საფუძველზეა” შესაძლებელი. ამას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ხმაურიანი განცხადება წამოეწია, სადაც ოკუპირებულ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონს ჩვენს “მეზობელ ქვეყნებად” იხსენიებს და დასძენს, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოს მათთან “ურთიერთობის ნორმალიზებაში დაეხმაროს”. ოპოზიციის შეფასებით, ეს კრემლის მორიგი პროვოკაცია, ხოლო „ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები აღიაროს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კრემლის “ოცნების” თამაში? - რამდენად რეალურია ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და როგორ შეიძლება ჩაერიოს რუსეთი არჩევნებში.

“აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის სამხედრო დაზვერვამ რამდენიმე ისეთი განცხადება გაავრცელა, რომელიც მნიშნელოვან წილად იმეორებს “ქართული ოცნების” პროგნოზებისა და დასავლეთის მიმართ მათი ბრალდებების შინაარსს. მაგალითად, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა აგვისტოში გაავრცელად განცხადება, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, აშშ “თბილისის მაიდანს” გეგმავს. ამის შემდეგ, 27 აგვისტოს, რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ რუსეთის მიზანია, თავიდან აიცილოს “ფერადი რევოლუცია” საქართველოში. 11 სექტემბერს კი რუსულმა საინფორმაციო სააგენტო “ტასს”-მა დაზვერვის სამსახურიდან მიღებულ დოკუმენტზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ საქართველოს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას გეგმავს და ამისთვის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ეუთო/ოდირი) იყენებს. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს გამოიყენოს ახალი ინსტრუმენტი მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევისთვის, რათა აღკვეთოს “ქართული ოცნების” გამარჯვება, რომელიც ახლა “ვაშინგტონისთვის არასასურველია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იგეგმება, რომ ეუთო/ოდირი შუალედურ ანგარიშს არჩევნებამდე 10-20 დღით ადრე გამოაქვეყნებს, რომელშიც იქნება დასკვნა, რომ ქვეყანაში არ არსებობს პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის”, - აცხადებს დაზვერვის სამსახური. ხოლო უშუალოდ არჩევნების დღეს, პირველადი შედეგების გასაჯაროვების შემდეგ, მათივე ცნობით, “წარმოდგენილი იქნება დასკვნა საარჩევნო პროცესის დემოკრატიის ნორმებთან შეუსაბამობის შესახებ”. ამ კონტექსტში, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური შეერთებულ შტატებს იმაშიც ადანაშაულებს, რომ ის საბაბს აძლებს “პროდასავლურ ქართულ ოპოზიციას, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყოს, რომლის მიზანიც ძალისმიერი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა”... აღსანიშნავია, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” პერიოდულად საუბრობს აჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხეზე. ერთ -ერთი ასეთი განცხადება ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ქართული ოცნება"” ოპოზიციას, დამკვირვებლებს, პარტნიორებს აბრალებს ყველაფერ იმას, რასაც თვითონ აკეთებს. “ქართული ოცნება” ცდილობს, დასავლეთს გადააბრალოს არჩევნებში ჩარევა იმიტომ, რომ პოტენციური რუსული ჩარევის საფრთხეები გადაფაროს. ჩვენ ვნახეთ რუსული დაზვერვის განცხადებები, ზახაროვას განცხადებები - ერთი ერთში სინქრონშია იმასთან, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს. არჩევნებში რუსული ჩარევების საფრთხეები რეალურად არსებობს. ეს არ არის საარჩევნო მშვიდი გარემო, რადგან “ქართული ოცნება” დევნის ოპონენტებს, მედიას, ხალხს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს სამსახურებიდან, ძალადობს ადამიანებზე და ყოველდღიურად ხდება ეს და ამასაც სხვას აბრალებს”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ კრემლის მთავარი ამოცანაა “ოცნებას” ხელი შეუწყოს და ხელი შეუშალოს სხვა ძალას, რომელიც შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდეს. ხელის შეშლის მეთოდები კი სხვადასხვანაირია”, - დასძენს გამოცემა.

“მაგალითად, შეიძლება კრემლმა “ოცნებას” მისცეს რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების საუბრების ფარული ჩანაწერები. როცა კრემლი სხვა ქვეყნის არჩევნებში ერევა, ის ხელს უშლის იმ ძალას, რომელიც შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდეს. ასეთი განცხადებები მოსალოდნელია, თუმცა ეს უფრო ხელის შემშლელია, რადგან “ოცნებას” არ უნდა აწყობდეს, როცა რუსეთი აცხადებს, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. რუსეთი ამით “ოცნებას” ახსენებს, რომ თქვე საცოდავებო, ჩემს ხელში ხართო”, - ამბობს ზაქარეიშვილი. ანალიტიკოსი ზააალ ანჯაფარიძე კი გვეუბნება, რომ რუსეთს არჩევნებში ჩარევის დიდი რესურსი აქვს და შეუძლია მრავალი ფორმა გამოიყენოს. “რუსეთს რესურსები აქვს, რომ ჩაერიოს, მაგალითად, არჩევნების წინ რაღაც ისეთი სენსიტიური ინფორმაცია შემოაგდოს, რომელმაც შეიძლება საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიოს. ბოლოს და ბოლოს მას რომელიღაც ცნობადი სახის ლიკვიდაცია შეუძლია, რაც საზოგადოებაში მღელვარებას გამოიწვევს. გარდა ამისა, ე.წ. ჰიბრიდული მეთოდებიც არსებობს - სხვადასხვა სახის ინფორმაციული შემოგდებები”, - ამბობს ანჯაფარიძე, რომლის აზრით, ეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა ორჯერ გააკეთა - რომ ამერიკელები აქ ფერად რევოლუციას ამზადებენ და ა.შ.” - წერს სტატიის ავტორი.

“რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვი ოკუპირებულ ცხინვალს და აფხაზეთს ჩვენს მეზობელ “ქვეყნებად იხსენიებს”. მისი თქმით, რუსეთი მზად არის ურთიერთობების ნორმალიზებაში დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით. ამავე დღეს იყო ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა კახეთში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე. პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ესაა შეთანხმებული ნაბიჯები, რომელიც მოახლოებული არჩევნების კონტექსტში უნდა განვიხილოთ. რეალურად კი რუსეთი არ დაუშვებს, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და ეს ლავროვის სიტყვებშიც ჩანს. ზაალ ანჯაფარიძე კი აცხადებს, რომ როცა რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიხსენიებს, ეს არ მიანიშნებს, რომ “ოცნება” და კრემლი კოორდინიტრებულად მოქმედებენ”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“არავითარი შემთხვევითობა და დამთხვევა არაა. ნამდვულად კარგად სინქრონიზებული შეთანხმებული ვარიანტია. რუსეთი ვერაგულად, მაგრამ ცდილობს “ოცნებას” არჩევნებში დაეხმაროს, რომ წარმატებას მიაღწიოს. ლავროვი გაიძვერა, მაგრამ მაინც დიპლომატია და შეეძლო სხვანაირი სიტყვები შეერჩია - თამამად შეეძლო გამოეყენებინა სიტყვა “ხალხი” და არა “სახელმწიფო” ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში. მოკლე ტექსტში ამაზე ხაზი ორჯერ გაუსვა, რომ აფხაზეთს და “სამხრეთ ოსეთს” საქართველო უნდა ელაპარაკებოდეს, როგორც სახელმწიფოებს და რუსეთი დაეხმარება, რომ საერთო ენა იპოვონ. ეს “ქართული ოცნების” ძალიან ვერაგული და ცინიკური მხარდაჭერა იყო, ფაქტიურად დამცირება, მათ შორის საქართველოსი. ლავროვი ამით ეუბნება, რომ თქვე უბედურო “ქართულო ოცნებავ”, უჩვენოდ გასაქანი არსად გაქვთ, ამიტომ რუსეთის პირობები უნდა მიიღოთ, თუ გინდათ არჩევნებში გაიმარჯვოთო. “ქართული ოცნება” კი ამაზე სამარცხვინოდ დუმს, მისთვის გამარჯვება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დამცირებას იტანს როგორც თავისას, ისე საქართველოსი”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ოცნებაში არც კი ფიქრობენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ან სხვა ღონისძიებებზე. სხვათა შორის, “ნაცმოძრაობის” გასამართლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა არანაირად არ სჭირდება. ერთადერთი, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა მართლა სჭირდება და ღმერთმა დაგვიფაროს, ესაა, რომ მათ კონსტიტუციიდან ამოიღონ ნატო-სა და ევროკავშირში გაწვერიანების ვალდებულება. ბოდიშის მოხდას რად უნდა საკონსტიტუციო უმრავლესობა?! 84 მოღალატე ისედაც ჰყავთ პარლამენტში, რომ ბოდიში მოიხადონ. ეს ძალიან ფარისევლური ნაბიჯია და ღმერთმა დაიფაროს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღონ. გაყალბების გარეშე ამას ვერ შეძლებენ და თუ დასავლეთი გაყალბების გამო საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს, ისინი იტყვიან - რა აზრი აქვს ასეთ ორგანიზაციებში ყოფნას, როგორიც ნატო და ევროკავშირია? ამიტომ ჩვენ ამოვიღებთ ამ მუხლს. გაღმა შეედავებიან. ეს ვერაგული ფორმულა და გათვლაა. ერთადერთი, რასაც ამ პროცესის შეჩერება შეუძლია, არის ამომრჩევლის მაქსიმალური აქტივობა და ხმის არმიცემა “ოცნებისთვის”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი.

“ეს მაინც არ მიანიშნებს კოორდინირებულ საქმიანობას. როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცხინვალსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს, ამით ყველაფერი ნათქვამია. ის, რომ თითქოს მოსკოვი დაეხმარება საქართველოს ამ “ქევეყნებთან” ურთიერთობების დარეგულირებაში თუ მოგვარებაში, ამაში, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობენ ძალის არგამოყენების და თავდაუსხმელობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, რაც ფაქტიურად გულისხმობს, რომ საქართველომ ეს რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად უნდა აღიაროს. ეს არ გულისხმობს იმას, რომ თითქოს ამ საქმეში რუსეთს რაღაც პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია. თუმცაღა მეორე მხარეცაა - რომ, სამწუხაროდ, რუსეთთან მოლაპარაკებების გარეშე ამ პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდება, რადგან იქ რუსული ჯარი დგას და ეს რეგიონები რუსეთს აქვს აღიარებული. რუსეთმა ორი რამ უნდა გააკეთოს - უკან წაიღოს აღიარება და იქიდან ჯარები გაიყვანოს, რასაც არ აპირებს. აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვერ ვისაუბრებთ, რომ რაღაცნაირად კოორდინაციაა საქართველოს ხელისუფლებასა და მოსკოვს შორის. ჩემი აზრით, “ოცნება” კარტებს ბოლომდე არ შლის...”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

ზურაბ ბატიაშვილი - “ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა დიდი ომი დაიწყოს”

“ეს არის იმ ამბის გაგრძელება, რომელიც ისრაელზე თავდასხმით დაიწყო გასული წლის 7 ოქტომბერს. თითქმის 1 წელი გავიდა, რაც ისრაელმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში, რასაც ზაფხულში თეირანში “ჰამასის” ლიდერ ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაცია მოჰყვა. პარალელურად შედარებით მცირე ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა ისრაელის ჩრდილოეთით, სადაც “ჰეზბოლა” დროდადრო ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილს ბომბავდა. უშუალოდ “ჰეზბოლამ” 8 ოქტომბერს, “ჰამასის” თავდასხმიდან მეორე დღეს, დაიწყო სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე. ისრაელმა რამდენჯერმე მოუწოდა, რომ “ჰეზბოლას” ისრაელის დაბომბვა შეეწყვიტა, მაგრამ ამაოდ... თუ ისრაელმა ვერ აიძულა “ჰეზბოლა”, რომ ისრაელის დაბომბვა შეწყვიტოს, შესაძლოა მართლაც დაიწყოს სახმელეთო ოპერაცია სამხრეთ ლიბანში, საიდანაც "ჰეზბოლა" რაკეტებს უშვებს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა დიდი ომი დაიწყოს”.

“ისრაელს თვეების წინ მოუხდა საკუთარი მოქალაქეების ჩრდილოეთიდან გაყვანა, და ახლა ოფიციოზი აცხადებს, რომ ისრაელის მიზანია ჩრდილოეთ ნაწილს თავისი მოსახლეობა დაუბრუნოს, თუმცა ეს ვერ მოხერხდება, თუ “ჰეზბოლასგან” მომდინარე საფრთხე არ იქნა აღკვეთილი. განსხვავებით “ჰამასისგან”, “ჰეზბოლა” შიიტური დაჯგუფებაა, უფრო ძლიერი და მრავალრიცხოვანია, მას დიდი საბრძოლო გამოცდილებაც აქვს - 10 წელზე მეტია სირიაში იბრძვის და შეიძლება ითქვას, ირანს ყველაზე დიდი გავლენა სწორედ “ჰეზბოლაზე” აქვს. ამავე დროს, ის აკონტროლებს ლიბანის მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით სამხრეთს, რომელიც პირდაპირ ესაზღვრება ისრაელს. აქედან გამომდინარე, ისრაელი გააქტიურდა - მაგალითად, ახლახან პეიჯერები და პორტატიული რაციები ააფეთქა. მართალია, ისრაელს ეს ოპერაცია საკუთარ თავზე არ აუღია, თუმცა ყველა ხვდება, რომ თუ ვინმეს აქვს ასეთი ოპერაციის შესაძლებლობა, სწორედ ისრაელია. ამას მოჰყვა “ჰეზბოლას” პოზიციების დაბომბვები და საერთო ჯამში, ასობით მსხვერპლი და ათასობით დაჭრილია. ახლა საკითხი ასე დგას - ესკალაცია გადაიზრდება თუ არა დიდ ომში. თუ ასე გაგრძელდა, მაშინ “ჰეზბოლა” შეიძლება უკიდურესად დასუსტდეს. დიდწილად “ჰეზბოლასა” და მისი მოკავშირე თეირანის გადასაწყვეტია, რა სახის ინტენსივობა იქნება, მოიმატებს და დადგება დიდი ომის საფრთხე თუ ამავე რეჟიმში გაგრძელდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბატიაშვილი.

“ეს გადაწყვეტილება სადღაც უნდა იქნეს მიღებული. როგორც ისრაელი აცხადებს, ის არ აპირებს უკან დახევას და როგორც ჩანს, მეორე მხარემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ისრაელი დარწმუნებულია საკუთარ ძალაში, მას აშშ-ის მხარდაჭერის იმედიც აქვს. ჯერ ისრაელს სახმელეთო ოპერაცია არ დაუწყია, მაგრამ საჰაერო და საარტილერიო იერიშების მასშტაბი ძალიან დიდია. ისრაელის ინტენსიური დარტყმებისა და “ჰეზბოლას” საკვანძო ფიგურებზე თავდასხმების ფონზე, “ჰეზბოლას” მდგომარეობა ძალზე დამძიმებულია... აშშ-მ ავიამზიდი “ჰარი ტრუმანი” გაგზავნა რეგიონში სამხედრო გემების დაჯგუფებასთან ერთად, რაც მნიშვნელოვანი ძალაა და შემდეგ ბაზირებული იქნება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. აშშ იმ ძალის მქონე ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს უკრაინასაც და ისრაელსაც. რესურსების გადანაწილების პრობლემა არ იქნება, ვინაიდან მათ სულ სხვადასხვა სახის შეიარაღება სჭირდებათ. აშშ-ს ერთიც აქვს და მეორეც. ისრაელისგან განსხვავებით, უკრაინას არ სჭირდება ამერიკული სამხედრო ძალების იქ ყოფნა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მართალია, აშშ-ში ახლა წინასაარჩევნო კამპანია კულმინაციურ წერტილს უახლოვდება, მაგრამ შეერთებული შტატები იმიტომაა ძლიერი ქვეყანა, რომ მას გამართული ინსტიტუტები აქვს, არ არის აუცილებელი ყველაფრის ხელით მართვა, მთავარია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, დანარჩენი ტექნიკისა და დროის ამბავია... ძნელად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება მორიგება მოხდეს, ეს ყველას სურვილია, მაგრამ მეორეა რეალობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ ხალხის ნაწილი, რომელიც 7 ოქტომბერს ისრაელიდან გაიტაცეს, ისევ ტყვეობაშია, ნაწილი დაიხოცა, ზოგის გვამებს მიაგნეს, ზოგისას ვერა. თუ ტყვეები არ გამოიხსნეს, გაძნელდება მშვიდობაზე საუბარი. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ცეცხლის დროებითი შეწყვეტაა. ახლო აღმოსავლეთი დახუნძლულია უამრავი პრობლემით და კიდევ ახალ-ახალი ემატება და ამიტომაც ძნელია გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“ისრაელში არის პაციფისტური ჯგუფები, რომლებიც ომის გაგრძელებას არ უჭერენ მხარს, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობა ტერორისტული ორგანიზაციის განადგურებისა და ბრძოლის გაგრძელების მომხრეა, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას ისრაელისკენ მიმართული საფრთხეების პრობლემა. სარაკეტო დაბომბვების დროს ძნელია ეკონომიკამ ნორმალურად იმუშაოს, სწავლის პროცესი ძველ მდგომარეობას დაუბრუნდეს. ისრაელის მოქალაქეების სურვილია დაუბრუნდნენ ნორმალურ რიტმს, ეს კი ასეთ პირობებში ძნელად წარმოსადგენია, რადგან რიგითი მოქალაქეებისთვის მუდმივი დაძაბულობა, დაბომბვები ძნელი გასაძლებია. რადიკალური მემარჯვენე ჯგუფები მიიჩნევენ, რომ ისრაელმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაჭრას პრობლემა, რომელიც ღაზისა და ლიბანის ტერიტორიიდან მომდინარეობს, პერიოდული და განმეორებადი ომების სერია უნდა დასრულდეს. ახლა ისრაელის უპირველესი ამოცანა “ჰეზბოლას” უკიდურესად დასუსტება და ომიდან გამოთიშვაა”, - განმარტავს ზურაბ ბატიაშვილი და შეკითხვაზე - “რა მასშტაბს მიიღებს ეს დაპირისპირება და ახლო აღმოსავლეთს თუ ემუქრება დიდი რეგიონული ომი?” - პასუხობს:

“ეს რეალურად “ჰეზბოლა”-ისრაელის დაპირისპირებაა, მაგრამ რადგან ეს ორგანიზაცია ბაზირებულია ლიბანის ტერიტორიაზე, ეს ომი მთელ ლიბანს ეხება. ახლო აღმოსავლეთში ეს პრობლემები ერთმანეთშია გადახლართული. შეიძლება დიდი რეგიონული ომიც დაიწყოს და მასში ჩართული აღმოჩნდნენ არა მხოლოდ “ჰეზბოლა” და ისრაელი, არამედ იემენელი ჰუსიტები და ერაყელი შიიტური სამხედრო დაჯგუფებებიც, რომელთა საერთო მოკავშირე ირანია. ახლო აღმოსავლეთს ახასიათებს ზოგიერთ ადგილას დროდადრო კონფრონტაციის ინტენსივობის მომატება ან კლება. მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ სირია ან იემენი, სადაც სამოქალაქო ომი 11 წელია მიმდინარეობს, უბრალოდ, ის ყოველდღიურად არ ხვდება ახალი ამბების ბადეში, თორემ კონფრონტაცია და პრობლემები ახლო აღმოსავლეთში არ დამთავრებულა. აქედან გამომდინარე, ისრაელს სურს სამუდამოდ გაანეიტრალოს მის ირგვლივ არსებული საფრთხეები”.

“ომში პირდაპირ ჩართვა ირანის ინტერესში არ შედის. ასეთი ნაბიჯის წინაშე შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, ისრაელი შეეცდება სრულად გაანადგუროს ირანის მოკავშირეები რეგიონში (“ჰამასი”, “ჰეზბოლა”, ჰუსიტები, ერაყული შიიტური დაჯგუფებები). რეგიონის ომის ქარცეცხლში გახვევა, პირველ რიგში, რუსეთის სურვილი და ინტერესია, რათა დანარჩენ სამყაროს აღარ ეცალოს რუსეთ-უკრაინის ომისთვის და ეს მიმართულება ახლო აღმოსავლეთია. შარშან, 7 ოქტომბრის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში “ჰამასის” თავდასხმა ისრაელზე არ ჩამოდიოდა საინფორმაციოების გვერდებიდან. მაშინ რუსეთ-უკრაინის ომმა თითქოს უკანა პლანზე გადაიწია, შემდეგ კი ისევ დაბრუნდა... სახმელეთო ოპერაციების დაწყებას ყველა ფრთხილად უდგება ხოლმე, რადგან ამას თან სდევს სამხედროების ტყვედ აყვანა, ისრაელი კი მისი ყოველი ჯარისკაცის სიცოცხლეს ძალიან უფრთხილდება დაიწყოს თუ არა სახმელეთო ოპერაცია ლიბანის სამხრეთით, ისრაელი გადაწყვეტს. დიდი ალბათობაა, დაიწყოს. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა მასშტაბის იქნება ეს ომი. თუ დიდი მასშტაბის იქნება, ის ყველაზე აისახება, მათ შორის ჩვენს რეგიონზეც. დიდმა ომმა რეგიონში შეიძლება ბევრი სხვადასხვა რამ გამოიწვიოს, მაგალითად, დაიძრას ლტოლვილთა ნაკადები, რომლებიც, კაცმა არ იცის, საით წავლენ”, - დასძენს ბატიაშვილი.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში