„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში უმძიმესი რეალობა შექმნა, რის შედეგადაც საქართველო ახალგაზრდა თაობისგან იცლება.
როგორც ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფომ თავად აღიარა, რომ რეკორდულია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში სასწავლო პროცესს გამოეთიშნენ.
„მინდა ყურადღება გავამახვილო იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში შექმნა და რომლის შედეგადაც საქართველო იცლება ადამიანებისგან, ოჯახებისგან. რაც ყველაზე უფრო საგანგაშოა, იცლება ბავშვების და ახალგაზრდებისგან, ვინც ქვეყნის მომავალი უნდა შექმნას. სახელმწიფომ თავად აღიარა, რომ რეკორდულია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში სასწავლო პროცესს გამოეთიშნენ. მაგალითად, თუ 2021-2022 წლებში ამ ბავშვების რაოდენობა 8846 იყო, 2022-2023 წლებში ეს რაოდენობა გაორმაგდა და 14911 ბავშვი შეადგინა. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს ვკარგავთ. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ მომავალ თაობას ვკარგავთ, რომელთა ოჯახებსაც ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი რეალობის გამო, იძულებით უწევთ ემიგრაციაში წასვლა და თან შვილებიც მიჰყავთ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ბავშვები სიღარიბისთვის გაწირა. ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს.
„საქართველოში ათობით თუ არა, ასობით ბავშვს ხელი არ მიუწვდება ისეთ საბაზისო ნივთებზე, როგორიცაა მაგალითად, წიგნები, სახატავი საშუალებები და სხვა. კორუმპირებულმა ხელისუფლებამ მიუხედავად, რომ ამისთვის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დაიხარჯა, წლებია ვერ მოახერხა, რომ ბავშვები თავიანთ სკოლებში დადიოდნენ, ისინი სხვა სკოლებში არიან შეხიზნული.
სწორედ ამიტომ, შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გამო, “ძლიერი საქართველოს” უმნიშვნელოვანესი ამოცანაა 26 ოქტომბერს შევცვალოთ ხელისუფლება, რომელიც ემსახურება არა ქვეყანას და მის მომავალს, არამედ ცდილობს სამუდამოდ გაწიროს ის სიღარიბისა და უპერსპექტივობისათვის, რუსეთის მსახურებისათვის. სწორედ ამიტომ, ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რაც შეიძლება სწრაფად გავხადოთ საქართველო ევროკავშირის წევრი და შევასრულოთ “ძლიერი საქართველოს” უმთავრესი პრიორიტეტები; 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა, ღირსეული ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით; 1000-ლარიანი პენსია; სტუდენტების უზრუნველყოფა საერთო საცხოვრებლებით და სწავლის დასრულების შემდგომ გარანტირებული ანაზღაურებადი სტაჟირებით. 19 დღეში უნდა დასრულდეს რუსეთის მსახური ხელისუფლება და დაიწყოს ძლიერი საქართველოს შენება, სადაც თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით ბავშვებს ექნებათ ევროპული უსაფრთხოება და კეთილდღეობა, განათლების და ჯანდაცვის ევროპული ხარისხი", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.