დღევანდელი ხელისუფლება არის იმ საფრთხის ნაწილი, რასაც რუსეთი უქმნის ცივილიზებულ სამყაროს იმიტომ, რომ ეს ხალხი არის უკვე გაშიფრული და დანახული როგორც ჰიბრიდული ომის ნაწილი, რუსეთის ინტერესების გამტარი ძალა დღეს საქართველოში,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ჰელსინკის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მონაწილეობს ძალიან მძიმე პროცესებში, რის უკანაც დგას რუსეთი და რაც მიდის ცივილიზაციის ყველა დაწერილი და დაუწერელი კანონის წინააღმდეგ.
„ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნაა და აქ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის იმ საფრთხის ნაწილი, რასაც რუსეთი უქმნის ცივილიზებულ სამყაროს, იმიტომ, რომ ეს ხალხი არის უკვე გაშიფრული და დანახული როგორც ჰიბრიდული ომის ნაწილი, რუსეთის ინტერესების გამტარი ძალა დღეს საქართველოში, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს ევროპულ მომავალს, არამედ, მონაწილეობს ძალიან მძიმე პროცესებში, რის უკანაც დგას რუსეთი, როგორც ძალა, რომელიც მიდის დღეს ცივილიზაციის ყველა დაწერილი და დაუწერელი კანონის წინააღმდეგ. ეს არის ვერდიქტი „ქართული ოცნებისთვის“. ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ეს ხალხი არ ემსახურება საქართველოს, არამედ ემსახურება ოკუპანტის ინტერესებს. ჰელსინკის კომისიის ეს დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ აღქმული და დანახულია როგორც საფრთხე ამ ქვეყნისთვის და საფრთხე იმ ღირებულებებისთვის, რომელიც აქვს ქართველ ხალხს და ყველა ცივილიზებულ ხალხს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირისგან განსხვავებით, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ატყუებს და „სწორედ ამ ტყუილისა და დეზინფორმაციის გამო დაემშვიდობება ხელისუფლებას 26 ოქტომბერს“.
პაველ ჰერჩინსკის ჰქონდა ძალიან მძიმე განცხადება, მაგრამ მოცემულობა არის შემდეგი - ქართველ ხალხს 26 ოქტომბერს აქვს უფლება, გააკეთოს მნიშვნელოვანი არჩევანი, კრიტიკული ისტორიული გზაგასაყარის წინ და ამ დროს ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე. ევროკავშირმა თქვა სწორედ ეს სიმართლე.
„ქართული ოცნება“ მილიონებს ხარჯავს იმაში, რომ სიმართლე არ გამჟღავნდეს, ევროკავშირი კი არ მონაწილეობს „ქართული ოცნების“ ტყუილებსა და დეზინფორმაციაში. მათ ქართველ ხალხს უთხრეს, რომ ეს გზა მიდის უფსკრულისკენ, თქვენი ასარჩევია - შესაძლოა, თქვენ გინდათ ამ უფსკრულში გადაჩეხა, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ეს არის უფსკრულში გადაჩეხის გზა. სიმართლე რომელიც მათ თქვეს, რომ ან იქნება რუსეთის მსახური ოლიგარქიული ხელისუფლება, ან საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, მაგრამ ორივე ერთად ვერ მოხდება და თქვენი გასაკეთებელია არჩევანიო. „ქართული ოცნება“ არის მატყუარა პოლიტიკური ძალა, ისევე როგორც პუტინი ატყუებს თავის ხალხს და ძალადობით ინარჩუნებს ძალაუფლებას, ტყუილი ძალადობა და დეზინფორმაცია „ქართული ოცნებისთვის“ გახდა მათი იდენტობის ნაწილი, რომელიც არც ქართულია, თავისი შინაარსით და არც ევროპული. სწორედ ამ ტყუილებისა და ამ დეზინფორმაციის გამო, მათ შორის, მათ მოუწევთ დაემშვიდობონ ძალაუფლებას 26 ოქტომბერს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.