მერწმუნეთ, სანამ სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით მზეს იხილავს 20 ივნისის საქმე, მანამდე „ოცნება“ პოლიტიკურ ცხოვრებას დაასრულებს. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული - რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, დილით გენერლად გნიშნავდნენ და საღამოს კოორდინატორად, კანცელარიის ოროთახიანში გკეტავდნენ და სახელმწიფო მინისტრს გარქმევდნენ, ეს არის მისი იღბალი. ძალიან კარგად ესმის მდინარაძეს, რომ ეს არის მისი დაქვეითება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
მანამდე გადაცემაში მან ისაუბრა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის მსჯავრდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, ჯუანშერ ბურჭულაძეზე, რომელსაც სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სიჭინავას შეფასებით, ბურჭულაძის დაკავებისა და პატიმრობაში გაშვების „მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს ფული არ მიაქვს იქ, სადაც უნდა მიიტანოს“. სიჭინავას შეფასებით, „მან სალაროდან, რომელიც მოპარული ფულით არის შევსებული, თავისთვის იმაზე მეტი მოიპარა, რაც დაშვებული იყო“.
“ჯუანშერ ბურჭულაძეს იმას არ ედავებიან, რომ მან ხალხს მოჰპარა ფული ან ჯარი გაძარცვა, მას ედავებიან იმას, რომ მოპარული ფულიდან საერთო სალაროს მოჰპარა ფული და ამ ფულს ნაწილს არ აბრუნებს. სწორედ ამ პროცესს ვადევნებთ თვალს და სწორედ ამით აიხსნება ის მკაცრი სასჯელი, რაც ჯუანშერ ბურჭულაძეს დაეკისრა.
იმ კორუფციულ სინდიკატში და მმართველობის სისტემაში, რომელიც გვაქვს, ობიექტურად რომ ვთქვათ, ჯუანშერ ბურჭულაძე არანაირი ფუნქციის მატარებელი არ არის, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ჭანჭიკი და ინსტრუმენტია. მარტივია გამოვიცნოთ, რის გამო სჯიან მას. მას რომ ფული არ მოეპარა არა ხალხისთვის, ჯარისთვის, არამედ სალაროსთვის - მოპარული ფულიდან ფული არ მოეპარა საკუთარი კეთილდღეობისთვის, იმაზე მეტით, რაც დაშვებული იყო მისთვის, მას არავინ დასჯიდა. დღეს, როგორც ჩანს, მას სთხოვენ ამ ფულის ზიანის ანაზღაურებას, ვინც მთელ ამ კორუფციულ სინდიკატს მართავს, ის ამ ფულს არ აბრუნებს. სხვა შემთხვევაში, ასეთი მკაცრი სასჯელი არ იქნებოდა, ამაში ვარ დარწმუნებული“, -განაცხადა ბერდია სიჭინავამ და აღნიშნა, რომ „რეალურად, ეს არის გავლენის ჯგუფების დაპირისპირება, როდესაც ერთი ჯგუფი მეორეს ებრძვის და მისგან ცდილობს „პარტიული ობშიაკის“ და გავლენების გადმობარებას. საზოგადოება ამ გარჩევის პროცესს ადევნებს თვალს, რომელშიც ჩართულია სასამართლო და სამართალდამცავი სისტემები“.
რაც შეეხება ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას, რომლის მიმართაც ასევე სისხლის სამართლის ორი საქმეა აღძრული, ბერდია სიჭინავა გიორგი გახარიას საქმისა და „ქართული ოცნების“ სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების ერთმანეთთან შედარებას არასწორად და არაეთიკურად მიიჩნევს.
„ერთ მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ხალხის ძარცვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები, ფულის ხვეტასა და შოვნაში, ქვეყანაში, სადაც სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემები დგას მწვავედ, ჯარის ძარცვაში არიან მხილებულები, სასადილოს ქურდობასა და მათ მფარველობაში არიან მხილებულები, კორუფციაში არიან მხილებულები და წარმოიდგინეთ, ბაღის ბავშვებს ჰპარავდნენ ფულს და უფასო სასადილოებს. ამ ფონზე, საქმე, რომელიც გიორგი გახარიას მიმართ მიმდინარეობს, ფუნდამენტურად განსხვავდება მარტივი მიზეზის გამო - ამ ჭანჭიკებს, არცერთს არ ეყო გამბედაობა, დაჰპირისპირებოდა სისტემას და იმისთვის კი არ ისჯებიან, რომ პოლიტიკურად წინააღმდეგობაში არიან „ოცნების“რეჟიმთან ან ბიძინა ივანიშვილთან, ისჯებიან იმისთვის, რომ მოპარული ფულისთვის ცალკე საკუთარი თავისთვის მოიპარეს იმაზე მეტი, რაც ივანიშვილს დაშვებული ჰქონდა მათთვის. გიორგი გახარია დაუპირისპირდა სისტემას, ივანიშვილს იმის გამო, რომ ქვეყანა მიდიოდა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც დღეს ვართ“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მისი თქმით, გახარიას წინააღმდეგ აღძრულ ერთ-ერთ, 20 ივნისის საქმეში, ბრალდების მხარეს დასაკითხ პირთა სიაში შეყვანილი ჰყავს 1060-ზე მეტი მოწმე, აქედან კი, სიჭინავაც განმარტებით, „ერთი ადამიანიც კი არ არსებობს, რომელიც ამხელდა გიორგი გახარიას“. ამასთან, სიჭინავამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნულ საქმეზე პროცესები მხოლოდ თვეში ერთხელ იმართება.
„მიზანი არ არის განაჩენი დადგეს ამ საქმესთან მიმართებით, ფიზიკურადაც ვერ დადგება. მერწმუნეთ, სანამ სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით მზეს იხილავს 20 ივნისის საქმე, მანამდე პოლიტიკურ ცხოვრებას „ოცნება“ დაასრულებს. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. სანამ 20 ივნისის საქმეზე განაჩენი დადგება, მანამდე ბევრი პოლიტიკური წყალი ჩაივლის ამ ქვეყანაში და აუცილებლად, პოლიტიკური დასასრული გაფორმდება „ოცნების“ ხელისუფლების“. „ჩორჩანას საქმე“ ბევრად უფრო მოკლე საქმეა, მაგრამ იქ იმდენად მორალურად მძიმე ამბავია, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საქმეა „ოცნების“ ხელისუფლებისთვის“ , არ ვიცი, იქ მოსამართლემ როგორ უნდა მიიღოს მორალურად გადაწყვეტილება“, - განაცხადა სიჭინავამ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, მათ შორის მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს, სიჭინავას შეფასებით, ეს პირდაპირ აჩვენებს იმას, მმართველ პარტიაში „შიდა დაპირისპირება და არასტაბილური მდგომარეობაა“.
„ივანიშვილს სჩვევია ხოლმე ადამიანებს შეუქმნას განწყობა და ილუზია, თითქოს ის ყველაფერს მართავს და მერე ძალიან მარტივად დასაჯოს. ამ ყველაფერს ემატება იმ ადამიანების იმ პოზიციებთან შეუფერებლობა, რაზეც წარადგენენ. წარმოუდგენელია ანრი ოხანაშვილი ყოფილიყო სუს-ის უფროსი. მამუკა მდინარაძე რამდენად შეუფერებელი იყო ამ პოზიციისთვის თავისივე პირით აღიარა გუშინდელ ინტერვიუში. წარმოუდგენელია სუს-ის უფროსი ასეთი ფორმით იჯდეს სატელევიზიო სივრცეში და რაღაც სპეციალური ღონისძიებების დეტალებს ჰყვებოდეს“, - განაცხადა სიჭინავამ და აღნიშნა, რომ „ყველა სიკეთესთან ერთად ეს არის წარმოუდგენელი არაპროფესიონალიზმი“.
„დილით გენერლად გნიშნავდნენ და საღამოს კოორდინატორად, კანცელარიის ოროთახიანში გკეტავდნენ და სახელმწიფო მინისტრს გარქმევდნენ - ეს არის მისი იღბალი“, - განაცხადა სიჭინავამ.
მან ასევე ისაუბრა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებაზეც, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.
„როგორ წარმოგიდგენიათ, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, სადაც „მესენჯერებია“, „ჩათებია“ და კოორდინაციის ათასი საშუალებაა, რაში სჭირდება გეკა გელაძეს და სულხან თამაზაშვილს ფოსტალიონი. რას იზამს, „იმან ეს თქვა, ამან ის თქვა“ და მიუტანს კობახიძეს? ძალიან კარგად ესმის მდინარაძეს, რომ ეს არის მისი დაქვეითება, ჯერჯერობით მისი საპენსიო თანამდებობა, ამ მოცემულობით ერთგვარი დამამშვიდებელი ჯილდო, რომელიც მას მისცეს დროებით“, - განაცხადა სიჭინავამ.