„ქართულ ოცნებას“ ახასიათებს ფსევდო-თემების გამოგონება. ყველა ეს ნარატივი არის ჩვეულებრივი, პროპაგანდისტული ბოდვა, „ქართული ოცნება“ ქმნის ფსევდო-ნარატივებს, შემდეგ საკუთარი მედია საშუალებების დახმარებით ადამიანებს აგიჟებენ, - ასე აფასებს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, გიორგი მელაშვილი „პალიტრანიუსის" გადაცემა „რეზიუმეში" პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ „ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე და ყველა უნდა შეეშვას ამის მოსინჯვას“.
მელაშვილის თქმით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ რეალური პრობლემები მოაგვაროს, „პროპაგანდისტული ბოდვების შეთხზვით“ არის დაკავებული და ევროპისგან ქმნის მტრის ხატს, რათა „მოსახლეობა მარტივად მართოს“.
„ეს არის მორიგი ბოდვა. „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს ფსევდო-თემების გამოგონება და შემდეგ მათი მიტოვება. დავით გარეჯი ხომ დააბრუნეს, შემდეგ გლობალური ომის პარტია ხომ დაამარცხეს და ახლა უკვე, ეტყობა, ბატონი შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს შლის...
ყველა ეს ნარატივი არის ჩვეულებრივი, პროპაგანდისტული ბოდვა იმიტომ, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო კამპანია, ორი ადამიანი ტყუილად დაიჭირა და რა? რამე შეიცვალა უკეთესობისკენ? არაფერი, პირიქით, ზემოთ ადრე თუ ავდიოდით, ახლა ვეღარ ავდივართ.
„ქართული ოცნება“ ქმნის ფსევდო-ნარატივებს, შემდეგ საკუთარი მედია საშუალებების დახმარებით ადამიანებს აგიჟებენ. ერთი და იმავე კატეგორიის პროპაგანდისტული გზავნილებია, რომელზეც ქართულმა საზოგადოებამ ნელ-ნელა იმუნიტეტი გამოიმუშავა.
თბილისი ყოველ წვიმაზე იტბორება, ინფრასტრუქტურა არის კატასტროფულ დღეში და ამ დროს გამოდიან და დასავლურ კულტურულ ომებში გვრთავენ, რომელიც არაფერ შუაში არ არის ჩვენთან და ყოველდღიურ ცხოვრებას არც აუმჯობესებს, პირიქით, აუარესებს.
იმის ნაცვლად, რომ მოაგვარონ ის პრობლემები, რომლებიც რეალურად აწუხებს საქართველოს მოსახლეობას, გვთავაზობენ რაღაც პროპაგანდისტულ ბოდვებს და შემდეგ ჰგონიათ, რომ ყველა იმდენად სულელია, რომ დაავიწყდებათ თბილისის საცობები, ყოველდღე დატბორილი დედაქალაქი, კატასტროფული მდგომარეობა რეგიონებში, ის, რომ დემოგრაფიულ მინუსში ვართ და უცებ ყველა გახდება „ქართული ოცნების” მხარდამჭერი, რათა ვინმე დეპუტატი არ „გაათხოვონ”.
რომელი ქვეყანა არის რეალურად ჩვენთვის საფრთხე? - რუსეთის ფედერაცია. როდესაც „ქართულ ოცნებას” რუსეთის ხსენების ეშინია, როდესაც „ქართულმა ოცნებამ” გაზარდა საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ” პირდაპირ გადმოიტანა რუსული ნარატივები იგივე „გეორგიევსკის ტრაქტატთან” დაკავშირებით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მას სჭირდება მტრის ხატის შექმნა იმიტომ, რომ სხვანაირად უბრალოდ არ იციან, როგორ მართონ. „ნაციონალური მოძრაობა”, როგორც მტრის ხატი, მოუძველდათ, შემდეგ ეს შეცვალეს ლგბტ თემით, შემდეგ გლობალური ომის პარტიით. ახლა ესეც მოუძველდათ და გამწარებულები ეძებენ ახალ „მტერს“, რათა ამ მტრის ხატის დახმარებით კიდევ ერთხელ შეაშინონ საქართველოს მოსახლეობა”, - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.