„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – „ქართული ოცნების“ შემომწირველმა გამარტივებული შესყიდვით 1.7 მლნ ლარის კონტრაქტი მიიღო

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ასაშენებელი შენობის არქიტექტურული მომსახურების შესყიდვის მიზნით 1,724,814 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა კომპანიასთან, რომელიც „ქართული ოცნების“ მსხვილ შემომწირველს, და წარსულში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი პროექტის, „პანორამა თბილისის“ არქიტექტორს გიორგი ჭყონიას ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი შესაძლოა, კორუფციის ნიშნებს შეიცავდეს და ამიტომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას, მოუწოდებენ გამოიკვლიონ, რამდენად დაირღვა კანონი აღნიშნული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას.

„2022 წლის 18 აპრილს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ეკონომიკის სამინისტროს 7 წელია საკუთარი შენობა არ აქვს, რაც რა თქმა უნდა სირცხვილია” და აქვე აღნიშნა, რომ სამინისტროს ახალი შენობა ორთაჭალაში აშენდება, სადაც სამინისტრო ყველა თავისი სსიპ-ით განთავსდება.

ეკონომიკის სამინისტრო გია ჭანტურიას ქუჩის 12 ნომერში იყო განთავსებული და მისი შენობა 2015 წლის ივნისში აუქციონზე გაიყიდა. სამინისტრომ და მის დაქვემდებარებაში არსებულმა უწყებებმა შენობა 2015 წლის ბოლოს დატოვეს. 2016 წლიდან სამინისტრო ჭოველიძის ქუჩაზე, ნაქირავებ ფართში გადავიდა. 2016-2018 წლებში სამინისტრომ შენობის ქირაში 4.4 მლნ ლარი გადაიხადა. 2018 წლიდან, ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატი იუსტიციის სახლში გადავიდა, სადაც ადრე ენერგეტიკის სამინისტრო იყო განთავსებული.

როგორც აღვნიშნეთ, საკუთარი შენობის 7 წელი არქონის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების ერთ, ახალ შენობაში განთავსება მიმდინარე წლის აპრილში გადაწყდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 მაისის 1-1/240 ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ახალ ადმინისტრაციულ შენობაში უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო სივრცის შექმნის მიზნით, ცენტრალური აპარატისა და მის სისტემაში შემავალი სსიპ-ების საჭიროებების შესახებ მონაცემები შეისწავლა. ამავე წლის 14 ივლისს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ ეკონომიკის მინისტრმა ახალი შენობის მშენებლობისათვის არქიტექტურულ/სამშენებლო პროექტის შემჭიდროებულ ვადებში მომზადება და სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი უწყებების ერთიანი ადმინისტრაციული შენობით უზრუნველყოფა დაავალა.

„სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ 2022 წლის 16 აგვისტოს „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან“ სამინისტროს ახალი შენობის მშენებლობისათვის საჭირო არქიტექტურულ/საპროექტო მომსახურების გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობა მოითხოვა, რომელიც დაუკმაყოფილდა. გამარტივებული შესყიდვის წინაპირობად სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შემჭიდროებულ ვადებში მომზადება დასახელდა.

რამდენიმე სახელმწიფო უწყების ერთ შენობაში განთავსება და ამ გზით კომუნალური და ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი უწყებების ერთ მისამართზე განთავსება, სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მისვლას 7 წელი დასჭირდა, გაუგებარია, გამარტივებული შესყიდვით 1 ან 2 თვის დროის პერიოდის მოგება რატომ გახდა პრიორიტეტული.

გამარტივებული შესყიდვის დროს არ ტარდება კონკურენტული ტენდერი, სადაც მიმწოდებლები საუკეთესო წინადადებებით ეჯიბრებიან ერთმანეთს, შემსყიდველი პირდაპირი გზით აფორმებს კონტრაქტს მიმწოდებელთან. გარდა იმისა, რომ გამარტივებული შესყიდვა თანხის დაზოგვის არაეფექტიანი გზაა, მიმწოდებელი კომპანიის შერჩევა გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს, რაც კორუფციული გარიგების რისკს ზრდის.

სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობის არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვის მიზნით 1,724,814 ლარის ღირებულების კონტრაქტი, გამარტივებული შესყიდვის (შესყიდვის ნომერი: CMR220123536) გზით შპს „მიდამოს“ გაუფორმა. შპს „მიდამო“ 2017 წლის აპრილში დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გიორგი ჭყონიაა, რომელმაც 2018 წელს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 60,000 ლარი შესწირა, 2020-2021 წლებში კი უშუალოდ პარტია „ქართულ ოცნებას“ - 120,000 ლარი. ჯამში, მან სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ 180,000 ლარი გაიღო.

2022 წლის ოქტომბრამდე შპს „მიდამოს“ ან გიორგი ჭყონიას სხვა კომპანიას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული.

გარდა იმისა, რომ შპს „მიდამოს“ მფლობელი სახელისუფლებო პარტიის მსხვილი შემომწირველია, ის ხელისუფლების წევრებთან დაახლოებული პირია. 2016 წლის თბილისის საკრებულოს პრესრელიზიდან ირკვევა, რომ ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე თაბორის მთაზე განსახორციელებელ პროექტზე იმსჯელეს. აღნიშნული პროექტი „პანორამა თბილისის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს. პროექტი კომისიის სხდომაზე არქიტექტორმა გიორგი ჭყონიამ (ამჟამად „მიდამოს“ მფლობელმა) და პროექტის მენეჯერმა ირაკლი ქარსელაძემ წარმოადგინეს. ირაკლი ქარსელაძე იმ დროს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა და საკრებულოს სხდომაზე სწორედ აღნიშნული ფონდის პროექტები განიხილეს. 2021 წლის თებერვლიდან ირაკლი ქარსელაძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია.

ზემოთმოყვანილი გარემოებები, ჩვენი აზრით, შესაძლოა კორუფციის ნიშნებს შეიცავდეს. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას, გამოიკვლიონ, რამდენად დაირღვა კანონი აღნიშნული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო