მე სკეპტიკურად ვუყურებ სალომე ზურაბიშვილის გადაყენების მიზნით იმპიჩმენტის პროცესის წარმატებით დასრულებას, „ქოცებსაც“ არ ეტყობათ, რომ მაინც და მაინც ბევრის გადამხდელები არიან - ჩვენთვის არაფერი შემოუთვლიათ, იციან, რომ ჩვენზე უფრო იაფად სხვებთან გამოდიან, ფასს გვიგდებენ ჩვენი კოლეგები, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი შეაფასა.
ამასთან ერთად, ის გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის სეირნობასთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ კადრებს, რომელმაც ნაწილობრივი ეჭვი გააჩინა, ხომ არ შეხვდა სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს. როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ზურაბიშვილი უნდა ხვდებოდეს ივანიშვილს, რადგან სწორედ ივანიშვილის არჩეულია და ახლა მისი გუნდი ზურაბიშვილის იმპიჩმენტს აპირებს.
„მე განსაკუთრებულს ამაში ვერაფერს ვხედავ, არც იმაში, რომ საერთოდ ბიძინა ივანიშვილს შეხვედროდა ქალბატონი ზურაბიშვილი და ასევე მგონია, რომ თუ შეხვედრა მოუნდებოდა ქალბატონ ზურაბიშვილს ბატონ ივანიშვილთან და პირიქით, ისინი მოახერხებდნენ ამას ისედაც, რომ არავის შეემჩნია ეს. ამიტომ, ის კადრები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, მაინც სეირნობის მგონია თავისი ძაღლითურთ და არა საქმიანი შეხვედრა, თუმცა გამორიცხული არც საქმიანი შეხვედრა მგონია და არც სასკანდალო - ნორმალურ ქვეყანაში, წესით, ივანიშვილი უნდა ხვდებოდეს ქალბატონ ზურაბიშვილს. მისი არჩეულია, 48-ს მე ხომ არ ვიძახდი?! მე ხომ არ ვეხატე ქალბატონი სალომეს ნაცვლად დიდ ბანერზე?! ლამისაა, მისმა გუნდმა იმპიჩმენტი მოუწყოს და ეს რომ ჩვეულებრივი სიტუაცია იყოს, ხომ ისედაც ბუნებრივია, რომ მოგინდეს ორივე მხარესთან შეხვედრას, ბოლოს და ბოლოს ხომ შენ აერთიანებ ამას, სალომე ზურაბიშვილსაც და „ქართულ ოცნებასაც“. არაბუნებრივი მგონია, რომ ეს ადამიანები არ ეკონტაქტებოდნენ.
არ გამოვრიცხავ, რომ ქალბატონ ზურაბიშვილს ჰქონდეს თავისი კავშირები ბიძინა ივანიშვილთან და მე რომ ვაკვირდები, ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო პერსონალურად ქალბატონ ზურაბიშვილს არაფერი გაუკეთებია მთელი ამ პროცესის განმავლობაში. პირიქით, სალომე ზურაბიშვილი არის ყველზე კარგი დაცვა ივანიშვილისთვის, იმ თვალსაზრისით, რომ მხოლოდ ერთი პოზიცია არ არის მის ხელთ, ღარიბაშვილის სახით, არამედ არის მეორე, ე.წ. პროდასავლური პოზიციაც, სალომე ზურაბიშვილის სახით. ამიტომ მე არ მჯერა, რომ ქალბატონი სალომე დადის ევროპაში და ივანიშვილის საწინააღმდეგო საქმეს აკეთებს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა არ გამორიცხა, რომ ივანიშვილს ჰქონდეს გეგმა არჩევნებისთვის პროდასავლური ხმების პრეზიდენტის დახმარებით მობილიზების.
„მაშინ, როდესაც მთავრობის პოზიცია უფრო დასავლეთის კრიტიკით არის შემოფარგლული, პროდასავლური ხმები დაიკარგება, რომლებიც „ქართულ ოცნებას ჰქონდა“. ამიტომ გეგმა გქონდეს ამ ხმების მობილიზებისთვის და ამ თემაში ჩართო პრეზიდენტი, ამაში გასაკვირი არაფერი იქნება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
რაც შეეხება უშუალოდ იმპიჩმენტის საკითხს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ეს მეტად შესაძლებელი მიხეილ სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში იქნებოდა.
„მე სკეპტიკური ვარ სალომე ზურაბიშვილის გადაყენების მიზნით ამ პროცესის წარმატებით, „ქოცებსაც“ არ ეტყობათ, რომ მაინც და მაინც ბევრის გადამხდელები არიან, იაფად კიდევ ეს საქმე არ გამოუვათ. მესმის აქამდე ბევრი რამ იაფად გამოსვლიათ, მაგრამ ახლა საჯარო პოზიცია გახდა ეს ამბავი. სინამდვილეში ყველაზე მარტივად გამოსვლადი ეს მგონია მიხეილ სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში. თუ მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ ამბობს, რომ ზურაბიშვილი მოვხსნათ, მაშინ, მე მგონია, არ გაჭირდება. პოლიტიკურად ეს ძალიან რთული ამბავი იქნება, ჩემი აზრით, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ ტყვეა და როდესაც ტყვე ხელმძღვანელობს არმიას ციხიდან, ეს არ არის სწორი, იმიტომ, რომ ტყვეზე ბევრი ზემოქმედების საშუალება აქვს მოწინააღმდეგეს და „ნაცმოძრაობა“, თუ მართლა წარმატება უნდა და მართლა ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება შეუძლია, ტყვეობიდან არ უნდა იმართებოდეს, მას უნდა მართავდეს თავისუფლებაში მყოფი ხალხი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.