ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024

სანდრო თვალჭრელიძე - “სამწუხაროდ, ახლა სწორედ “ქართული ოცნების” დეგრადაციას ვადევნებთ თვალს”

დიდი ომი გადაიდო? - ისრაელი ირანის ტერიტორიაზე დარტყმისგან ჯერჯერობით თავს იკავებს

გიორგი გობრონიძე - “ეს აბსურდია უცხო ქვეყნის აგენტი ყვიროდეს, არიქა, აგენტი ვარ, ძირს გითხრით და დამარეგისტრირეთო”

სადავო კანონი - ანალიტიკოსები მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების შემთხვევაში, კანონის თაროზე შემოდებას პროგნოზირებენ

“აფხაზეთში ყველა ოპონენტს “საქართველოს აგენტს” დაარქმევენ”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “სამწუხაროდ, ახლა სწორედ “ქართული ოცნების” დეგრადაციას ვადევნებთ თვალს”

“შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და მე, როგორც მოქალაქეს, არ შემიძლია მისი გადაწყვეტილებების განხილვა. მხოლოდ ერთს ვიტყვი - პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, მეც შევიწყალებდი, რადგან ეს პროცესი აშკარად პოლიტიზებული იყო. ის განაჩენიც, რომელიც იმ ახალგაზრდას გამოუტანეს. გადაწყვიტეს, რომ ლაზარე გრიგორიადისის საქმე სამაგალითო დასჯის თემად ექციათ. უბრალოდ, გადაწყვიტეს მომენტით ესარგებლათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. რაც შეეხება პრეზიდენტის სხვა განცხადებებს, ვეთანხმები ამ ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით, იმაშიც, რომ როცა გერმანიის კანცლერი აკეთებს განცხადებას, იქ თარჯიმნის მიერ ერთი სიტყვის შეუსაბამოდ თარგმნას არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია შინაარსი, რომელიც ჩვენი ხელისუფლებისთვის ნამდვილად არ იყო ადვილად მოსასმენი. ამიტომაც ეცადნენ რაღაც წვრილმანზე გადაეტანათ საზოგადოების ყურადღება”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სალომე ზურაბიშვილის რადიკალიზმი შეცდომად მიმაჩნია, რადგან...”

“შეცდომად რაც მიმაჩნია ეს იყო ის რადიკალიზმი, რაც სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმინეთ. პრეზიდენტმა მმართველი პარტია “რუსულ ოცნებად~ მოიხსენია. შეცდომად მიმაჩნია არა იმიტომ, რომ ეს არასწორი პოზიციაა, არა, შეცდომაა იმიტომ, რომ ეს არის ოპოზიციის რიტორიკის ნაწილი, სალომე ზურაბიშვილი კი ჯერჯერობით საქართველოს პრეზიდენტია და ის უნდა ცდილობდეს იყოს ზეპარტიული და ნეიტრალური ფიგურა. როდესაც ხარ ქვეყნის პრეზიდენტი, არ შეიძლება ოპოზიციის ფრაზებით ილაპარაკო. ამით აძლევს ხელისუფლებას კიდევ მეტ არგუმენტს, რომ მას “ნაციონალების” პრეზიდენტი ეძახოს. დავუბრუნდეთ ამ სკანდალურ კანონპროექტს, რომელსაც ოლაფ შოლცით დაწყებული ყველა რუსულად მიიჩნევს, თუმცა ნაკლებად გვესმის არგუმენტები, თუ რატომ არის ის მართლაც რუსული. კი ბატონო, შემოსავლებისა და ხარჯების გამჭვირვალობა ძალიან კარგია, წესით ასეც უნდა იყოს როგორც სამთავრობო სექტორში, ასევე არასამთავრობოში, მაგრამ პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც საქმე მიდგება კანონის აღსრულებაზე. პრობლემაა პოლიტიკური ნება - თავის დროზე ვნახეთ ასევე ვითომ კეთილშობილური მიზნით შექმნილი კანონი როგორ აამუშავა და გამოიყენა პუტინმა რუსეთში“, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“როგორც ვიცი, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს ისედაც აქვთ შემოსავლებისა და ხარჯების შესაბამის უწყებებში წარდგენის ვალდებულება. თუ მეტი გამჭვირვალობა სურდათ, შეეძლოთ საგადასახადო კოდექსში შეეტანათ ცვლილება და მოექციათ ყველა მსგავსი ორგანიზაცია ერთ საკანონმდებლო ჩარჩოში. საქმეც ის არის, რომ ეს კანონპროექტი ერთ საკანონმდებლო სივრცეში არ აყენებს ყველას. ნახეთ, რა ხდება: მე თუ დაფინანსებული ვარ საზღვარგარეთიდან, ვექვემდებარები ამ კანონს, წარვადგენ ჩემს ფინანსურ დეკლარაციას და როდესაც დასჭირდებათ, დაიწყებენ ლაპარაკს, რომ თურმე უცხოეთიდან ვფინანსდები და უცხო ქვეყნის აგენტი ვარ, მაგრამ თუ მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია და მაფინანსებს ბიძინა ივანიშვილი, ამ კანონს არ ვექვემდებარები, ჩემი შემოსავლები და ხარჯები არ არის გამჭვირვალე. უპირველესად ეს კანონი რუსულია იმის გამო, რომ ასე ყოფს ერთი ტიპის ორგანიზაციებს. რუსეთი პეტრე პირველიდან მოყოლებული ცდილობს ერთსა და იმავე სივრცეში მოქმედ აქტორებს სხვადასხვა პირობა შეუქმნას. პირობითად, მეფესთან დაახლოებულ პირებს კარტ-ბლანში მისცეს, დანარჩენებს კი წინააღმდეგობები შეუქმნას. აი, ამიტომაც არის ეს კანონპროექტი რუსული. რაც მთავარია, ის ჩვენი კონსტიტუციის მთავარ არსს ეწინააღმდეგება - თავისუფლებასა და თანასწორუფლებიანობას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“როდესაც პუტინმა ეს კანონი შემოიღო, იმთავითვე გადაწყვიტა, რომ მასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციები კარგად ყოფილიყვნენ, დანარჩენები კი გამოეცხადებინა აგენტებად. ეს კანონპროექტი საქართველოშიც სათავეშივე ყოფს არასამთავრობო ორგანიზაციებს “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულად და სხვებად. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს სურდა ამ კანონის გატანა, არ გამოუვიდა და ახლა გადაწყვიტა თავისი მაინც გაიტანოს. ჩემი აზრით, აქ უნდა ვეძებოთ არა პრაგმატული, არამედ პიროვნული მიზეზები, რაც არანაირ რაციონალურობას არ ეფუძნება. აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ ხელისუფლებაში ორი ვადის მეტად არ უნდა დარჩეს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა. ორი ვადის შემდეგ იწყება მისი დეგრადაცია, სამწუხაროდ, ახლა სწორედ “ქართული ოცნების” დეგრადაციას ვადევნებთ თვალს. ამასთანავე, ივანიშვილს სურს ყველა გამოაცხადოს აგენტად და თვითონ ვისაც აფინანსებს, ის ხალხი დატოვოს ასპარეზზე. თუმცა ეს კანონი რომც გავიდეს, არაფერი გამოუვათ. საქართველოში ვერ იმუშავებს ისე, როგორც რუსეთში, ქართველები ამას არ შეეგუებიან და ივანიშვილიც ვეღარ არის ისეთი ძლიერი ფიგურა, რომ ეს მოახერხოს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ქართულმა ოცნებაში” დარტყმა მართლაც დიდი მიადგათ, შეხედეთ, კაცი არ დარჩათ, ვინც მათ პოზიციას დაიცავს. ხელისუფლებასთან აფილირებულ ტელევიზიებში გაურკვეველი ხალხი ცდილობს ამ კანონპროექტის სიკეთეში დაგვარწმუნოს... ერთ-ერთ არხზე ქალები ისხდნენ და ყველას უბინძურესი ენით ლანძღავდნენ, მხოლოდ 3 წუთი შევძელი მეყურებინა. ვფიქრობ, ამ კანონპროექტის შემობრუნება მათთვის პოლიტიკური ჰარაკირის ტოლფასია. ბოლო ხანს სულ ვამბობდი, რომ მათ არჩევნები მოგებული ჰქონდათ, ვფიქრობდი, რომ 50%-ს თუ ვერ აიღებდნენ, პირველ ადგილზე დიდი მხარდაჭერით გავიდოდნენ, მაგრამ ამის შემდეგ რა იქნება, ნამდვილად არ ვიცი. ვნახოთ, ამიერიდან როგორ იმოქმედებენ. შეიძლება კანონპროექტი უკან გაიწვიონ, მაგრამ ესეც ძალიან დამაზიანებელი იქნება მათთვის. შეიძლება ითქვას, “ქართული ოცნების” ქმედებები ლოგიკას აღარ ექვემდებარება. ვიმეორებ - მათ რაც გააკეთეს, პოლიტიკური ჰარაკირია. სწორად თქვა გია ხუხაშვილმა, დაამტკიცებენ თუ უკან გაიწვევენ, მმართველი პარტიისთვის თითქმის ერთნაირი უბედურებააო. ცუგცვანგში არიან. თუ ძალიან დიდი პროტესტი და დემონსტრაციები იქნება, ბოლოს ისევ შარშანდელივით იტყვიან ალბათ, ქართველი ხალხის ნებას ვითვალისწინებთ და უკან მიგვაქვსო. არაპროგნოზირებადი ვითარებაა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში დაზიანდა ქვეყნის იმიჯიც”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.

“ოპოზიციაშიც დიდი პრობლემები გვაქვს. ჩემი აზრით, დროა რადიკალურ რიტორიკაზე უარი თქვან და საქმეს მოჰკიდონ ხელი. ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა შესთავაზონ ამომრჩეველს პოლიტიკური დღის წესრიგი, კარგად გაწერილი გეგმა, თუ რას გააკეთებენ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. პოზიტიური დღის წესრიგია საჭირო. “ქართულ ოცნებას” რეგიონების იმედი აქვს და სწორედ ქართველ გლეხს უნდა შესთავაზონ პოზიტიური დღის წესრიგი. ჩემი აზრით, “ქართულ ოცნებას” თბილისი უკვე წაგებული აქვს, ქუთაისი და ბათუმიც. შეიძლება თელავიც. აქამდე ჩვენ ხმას ვაძლევდით მუდმივად ვიღაცის წინააღმდეგ, მოვიდა დრო, ხმა მივცეთ ვიღაცის სასარგებლოდ. ბევრს ლაპარაკობენ, რომ წვრილი პარტიები, რომლებიც არ არიან “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული, უნდა გაერთიანდნენ, მაგრამ მე ისეთ პარტიებს ნაკლებად ვხედავ, რომელთა ერთიანობაც დიდ სინერგიას მოგვცემს. არ ვიცი, არჩევნებამდე კიდევ დროა, ვნახოთ. პირადად მე დღევანდელი მოცემულობით არ ვიცი, ვის შეიძლება მივცე ხმა. ჩემთვის საიმედო პოლიტიკური ძალა ჯერ არ ჩანს, რაღა დაგიმალოთ და, აღარ მინდა კიდევ ერთხელ მოვტყუვდე და შემდეგ ვინანო, როგორც “ქართული ოცნების” შემთხვევაში დაგვემართა მე და ბევრ ჩემნაირს... ერთი პოზიტიური რამ მინდა აღვნიშნო - არავინ მიაქცია ამას დიდი ყურადღება, მაგრამ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი რამ მოხდა - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პირველად შექმნა ოქროს რეზერვი - 700 ტონა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო გადაწყვეტილება. ოქროს რეზერვი უმნიშვნელოვანესი საბანკო ეკონომიკური მანქანაა, რაც ჩვენს სახელმწიფოს სჭირდებოდა და ამას ძალიან დადებითად ვაფასებ”, - დასძენს თვალჭრელიძე.

დიდი ომი გადაიდო? - ისრაელი ირანის ტერიტორიაზე დარტყმისგან ჯერჯერობით თავს იკავებს

“ახლო აღმოსავლეთი, შესაძლოა, რეალური დიდი ომის ზღვარზეა - 14 აპრილს ირანის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, ისრაელი საპასუხიო ზომებით იმუქრება. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სწორედ ისრაელის პასუხზე იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები. პირველი დარყმები უკვე მოხდა - კვირას შუადღისას ისრაელის ავიაციამ ლიბანის სამხრეთში მდებარე პროირანული დაჯგუფება “ჰესბოლას” პოზიციებზე მიიტანა იერიში, თუმცა უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე ამგვარი რამ ჯერ არ განუხორციელებიათ. ამასთან, “ნიუ იორკ თაიმსი” თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ირანზე საპასუხო დარტყმაზე უარი თქვა. 14 აპრილის ღამის იერიში იყო ირანის შეიარაღებული ძალების პირველი ღია შეტევა ისრაელზე. თეირანში აცხადებენ, რომ ეს 1-ლ აპრილს ისრაელის მიერ დამასკოში ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხო ნაბიჯია, რომელსაც ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაური და ექვსი ოფიცერი შეეწირა და თუ ამას ისრაელის რეაქცია მოჰყვება, პასუხის პასუხი აუცილებლად იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიდი ომი გადაიდო? - ისრაელი ირანის ტერიტორიაზე დარტყმისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

“ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის კაბინეტს შეხვდა. ასევე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან შეხვედრა გამართა, სადაც განაცხადეს, რომ ისრაელის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერა ურყევია. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ახლა ყველაფერი ისრაელზეა დამოკიდებული და თუ ის საპასუხო ნაბიჯს გადადგამს, ეს იქნება “ნაბიჯი დიდი ომისკენ”. ეს კი არც აშშ-ს და არც ზოგადად დასავლეთს არ აწყობს. 14 აპრილის ღამეს ისრაელის მთელ ტერიტორიაზე სირენების ხმა ისმოდა. ირანიდან გაშვებული 300-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების 99% ისრაელის საჰაერო სისტემების მიერ ჩამოგდებულია. სოცქსელებში ამის ამსახველი ვიდეოებიც ვრცელდება. იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, დაშავდა სულ მცირე 12 ადამიანი, ნაწილმა დაზიანებები დასახლებული პუნქტების თავზე ჩამოგდებული ირანული რაკეტებისა დრონების ნამსხვრებებისაგან მიიღო, ნაწილმა კი - გვიან ღამით საყოველთაო არეულობასა და პანიკაში თავშესაფრის ძებნისას. ამასთან, ისრაელის არმიის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის გარეთ 100-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები “მრავალი დანაშაულის საპასუხოდ გაუშვეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თეირანის თქმით, ეს თავდასხმა ისრაელის მიერ 1-ლ აპრილს, დამასკოში ირანის საკონსულოზე განხორციელებული იმ თავდასხმის საპასუხო ნაბიჯია, რომელსაც ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაური და ექვსი ოფიცერი შეეწირა. “ნიუ იორკ თაიმსი” ბაიდენის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კომბინირებული იერიში 185 “შაჰედის” ტიპის დრონით, 30 ფრთოსანი და 110 ბალისტიკური რაკეტით მიმდინარეობდა. ირანიდან გაშვებულ რაკეტების პირველ ტალღას ისრაელის ცამდე მისაღწევად რამდენიმე საათი დასჭირდა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, დრონების ჩამოგდებაში იორდანიის, აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავებიც მონაწილეობდნენ, თავდასხმის აღკვეთის მხრივ თანამშრომლობა იყო საფრანგეთთან. აშშ-მა დაადასტურა, რომ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერას განაგრძობს. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღნიშნავს, რომ 15 აპრილს, “დიდი შვიდეულის” ლიდერები საგანგებოდ შეიკრიბებიან და ირანის თავდასხმას საერთო დიპლომატიურ პასუხს გასცემენ. ირანის თავდასხმას გმობს ევროკავშირი, გაერო, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, დანია, მექსიკა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა მოჰამედ ბაგერიმ განაცხადა, რომ თუ აშშ ისრაელის საპასუხო ქმედებას მხარს დაუჭერს, ამერიკული ბაზები მათი სამიზნე გახდება. ამასთან ბაგერი ისრაელსაც აფრთხილებს: “ჩვენი პასუხი გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ღამის სამხედრო ქმედება, თუ ისრაელი შეეცდება სამაგიერო გადაუხადოს ირანს”. ისლამური რევოლუციის გვარდიის მეთაურმა, ჰოსეინ სალამიმ ასევე განაცხადა, რომ ისრაელის მიერ მის ინტერესებზე, მოქალაქეებსა და ქალაქებზე თავდასხმის შემთხვევაში, თეირანი საპასუხო ქმედებას განახორციელებს. კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ ირანის მხრიდან დარტყმა იყო საპასუხო რეაქცია ისრაელის ქმედებაზე დამასკოში და ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ნაბიჯს გადადგამს ისრაელი. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი აღნიშნავს, რომ, მისი ინფორმაციით, ისრაელმა საპასუხო ზომებზე უკვე მიიღო გადაწყვეტილება და შესაბამისად, რეგიონი ახალი დიდი ომის ზღვარზეა”, - დასძენს გამოცემა.

“ეს ირანის საპასუხო რეაქცია იყო - ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოში ირანის საკონსულო გაანადგურა, სადაც 6 მაღალჩინოსანი დაიღუპა, დიპლომატები და გენერლები. ჩემი აზრით, ირანი შეეცადა ისე ეპასუხა, რომ ამას არ გამოეწვია შეუქცევადი ესკალაცია, ანუ ისრაელის მეზობელი სახელმწიფოები - იორდანია, ეგვიპტე, თურქეთი წინასწარ გააფრთხილა, რომ 14 აპრილის ღამით რაკეტების და უპილოტოების გაშვებას აპირებდა. ჯერჯერობით არ ჩანს, რომ მსხვერპლი და ნგრევები სერიოზული იყო. ირანის მთავარი ამოცანა იყო შეეტყობინებინა მსოფლიოსთვის, რომ მე ამით დავკმაყოფილდები, თუ ისრაელი შემოტევებს არ გააგრძელებს, ანუ გავაფრთხილე ისრაელი, რომ დაანებოს თავი იმ აქტებს, რაც სირიაში განახორციელა. ამერიკაც გააფრთხილა, რომ თუ თქვენ არ ჩაერევით, მე არ დავბომბავ სირიაში არსებულ ამერიკულ ბაზებს. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ისრაელზე. ჩემი აზრით, მსოფლიომ და პირველ რიგში აშშ-მა და ბრიტანეთმა უნდა დააჯერონ ისრაელი, რომ არ გააგრძელოს შეუქცევადი კონფონტაცია. ეს რეგიონში ძალიან სერიოზულ დაძაბულობას გამოიწვევს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“თუ ისრაელი ირანს არ უპასუხებს და იტყვის, რომ ჩემმა თავდაცვის სისტემამ, მოკავშირეებმა აშშ-მა ბრიტანეთმა და სხვებმა უზრუნველყვეს ჩვენი თავდაცვა, ირანმა თავის მიზნებს ვერ მიაღწია და ჩვენ გავიმარჯვეთო, მაშინ ყველაფერი დალაგდება. ირანმა შექმნა პირობა, რომ მინიმალური მსხვერპლი ყოფილიყო, რათა ესკალაცია აღარ გაგრძელდეს. თუ ესკალაცია გაგრძელდება, ირანი მზადაა ამ ყველაფერში ჩაერთოს. შესაძლოა ისრაელს დიდი ომი აწყობდეს, რათა ყურადღება აქეთკენ გადაიტანოს. მას თავისი ანგარიში აქვს, მაგრამ ევროკავშირს, ბრიტანეთს, აშშ-ს ეს არ აწყობს, მით უმეტეს არჩევნების წინ. მათ ისრაელი უნდა დააჯერონ, რომ ეს ნაბიჯი არ გადადგას. თუ ისრაელმა ჩათვალა, რომ უნდა უპასუხოს, მაშინ ძნელი სათქმელია რას იზამს და რა რეაქცია ექნება ირანს, რადგან მას ძალიან ბევრი პროქსი ჯგუფები ჰყავს ისრაელის გარშემო - ლიბანში, იემენში, სირიაში”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

„ეს ომი არავისთვის სასარგებლო არ იქნება, არც ირანისთის, არც ისრაელისთვის და არც ახლო აღმოსავლეთისთვის. თუმცა ჩვენ ნაკლებად შეგვეხება. ჩვენსა და ამ რეგიონს შორის თურქეთია, რომელიც ნატოს წევრი სახელმწიფოა, მას კი თავისი მშვიდობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი აქვს, მას ძლიერი არმია ჰყავს. თურქეთიც კი არ ჩაერთვება, ამიტომ ჩვენ ეს მინიმალურზე მინიმალურად შეგვეხება. ერთადერთი ის შეიძლება იყოს, რომ ისრაელიდან ადამიანების გარკვეული რაოდენობა საქართველოში ჩამოვიდეს, რომ დროებით შეაფარონ თავი”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.

“როგორც ვიცი, ისრაელის მთავრობა საგანგებოდ შეიკრიბა და მათ მიიღეს გადაწყვეტილება საპასუხო დარტყმაზე. როგორც ჩანს, ისრაელისგან პასუხი ყველა ვარიანტში იქნება, ჯერჯერობით უცნობია როგორი. ალბათ შეეცდებიან ბირთვულ ობიექტებს დაატყან. შესაძლოა აშშ-ც ჩაერთოს, რადგან რეგიონში ამერიკის სამხედრო საზღვაო დაჯგუფებაა კონცენტრირებული და საბრძოლო მდგომარეობაშია მოყვანილი. თუმცაღა ისრაელის პასუხს კვლავ მოყვება ირანის პასუხი და ეს პრინციპში უკვე დიდი ომის დაწყებას ნიშნავს. არაა გამორიცხული, რომ ირან-ისრაელის დაპირისპირება სამხრეთ კავკასიაშიც იქნას გადმოტანილი. შესაძლოა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობებიც დაიძაბოს, ეს ვარიანტი კი ჩვენც შეიძლება შეგვეხოს. თუ კონფლიქტიო ახლო აღმოსავლეთს არ გასცდა, ეს ნაკლებად შეგვეხება, თუმცა ჯერ უცნობია ესკალაციის დონე როგორ წავა”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

გიორგი გობრონიძე - “ეს აბსურდია უცხო ქვეყნის აგენტი ყვიროდეს, არიქა, აგენტი ვარ, ძირს გითხრით და დამარეგისტრირეთო”

“ეს კანონპროექტი საქართველოსთვის რისკების შემცველია რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე: 1. კანონი ამჟამინდელი დისპოზიციით არ ემსახურება გაცხადებულ ლეგიტიმურ მიზანს - ქვეყანაში შემომდინარე ფინანსური ნაკადების გამჭვირვალობის მიღწევას. კანონპროექტი წაკითხული მაქვს, ძალზე სუსტი დოკუმენტია, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი - ჩამოთვლილი ორგანიზაციები, მედიასაშუალებები და ინდივიდები აიძულონ დარეგისტრირდნენ უცხოური ძალის ინტერესის გამტარებელ ორგანიზაციებად. 2. კანონი დღევანდელი დისპოზიციით კი ამბობს, რომ არ ზღუდავს ორგანიზაციების საქმიანობას, მაგრამ უნდა გავიხსენოთ მსგავსი ტიპის პრაქტიკა - რუსეთში 2012 წლიდან დაიწყო სამოქალაქო ორგანიზაციების, ჯგუფებისა და ინდივიდების უცხოეთის აგენტად გამოცხადება. თავიდან იქაც იყო საუბარი ზუსტად იდენტური ტექსტით, რომ მიზანია მხოლოდ გამჭვირვალობა, მაგრამ დღევანდელი სახით ეს კანონი სუნთქვის უფლებას არ უტოვებს ამ ორგანიზაციებს”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით საფრთხეების პრევენცია თუ ნადირობა კუდიანებზე?!

“კანონი მათ უზღუდავს საჯარო პოზიციის დაფიქსირებას, საარჩევნო პროცესებში ჩართვას, არჩევნებზე დაკვირვებას, სოცქსელებით ინფორმაციის გამოყენებას, პედაგოგიურ საქმიანობას და სხვა. ისეთი ორგანიზაციები და ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ სამოქალაქო და დემოკრატიული კონტროლის მექანიზმის ფუნქციებს (აკვირდებიან არჩევნებს, ხშირად არიან საკონსტიტუციო სარჩელების ავტორები, ადამიანებს ეხმარებიან სტრატეგიულ სამართალწარმოებაში და სხვ.), შეიძლება აღმოჩნდნენ იარლიყ­მიკერებულნი, რომ არიან მოქალაქეები, რომლებიც მივიდნენ აგენტებთან. ეს კანონი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის პრობლემაა. ამ კანონპროექტზე მსჯელობა მიმდინარეობს იმის პარალელურად, როდესაც საქართველო დიდი ძალისხმევის ფასად ახერხებს დაუახლოვდეს ევროკავშირს და მასთან გაზარდოს ინტეგრაციის და თანამშრომლობის ხარისხი. ახლა ამ კანონის შემოტანა უკან გადადგმული ნაბიჯია და, რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის დასავლელ პარტნიორებთან ჩვენი თანამშრომლობის ხარისხს. დღევანდელ მოცემულობაში, როდესაც გეოპოლიტიკურად ურთულეს რეგიონში ვართ, სადაც სახელმწიფოს არსებობა-არარსებობის საკითხი დგას, მიმაჩნია, რომ ამ ორგანიზაციასთან დაახლოება ჩვენთვის საგარეო პოლიტიკური იმპერატივია, გვჭირდება და მორჩა”, აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“ხელისუფლების პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, ლაპარაკი არ არის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ დაარტყეს საზოგადოების კრიტიკულად განწყობილ ნაწილს ზუსტად იმის გამო, რომ მოახდინონ ძალაუფლების ცენტრალიზაცია და კონსოლიდაცია საკუთარ ხელში. მათ არ სურთ ამ ეტაპზე წასვლა - ეს არის მნიშვნელოვანი. თუ მაინცდამაინც უნდოდათ გამჭვირვალობის სტანდარტის ამაღლება, საგადასახადო კოდექსში შეეცვალათ ერთი მუხლი და კუდიანებზე ნადირობისა და აგენტომანიის გარეშე დაევალდებულებინათ ეს ორგანიზაციები წარედგინათ ფინანსური დეკლარაციები. მე არ მახსოვს თუნდაც დასავლურ პლატფორმაზე მყოფი ორგანიზაცია საკუთარი დონორის ვინაობას მალავდეს, პირიქით, ცდილობენ მეტად წარმოაჩინონ, რაც უფრო მეტი და გავლენიანი დონორი ჰყავთ, მათი საგრანტო ისტორიისთვის არის სასარგებლო, ფინანსურად მით უფრო სანდო პარტნიორები არიან”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ძალის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობა, მით უმეტეს, საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ის ისჯება სს კანონმდებლობით. ამას უნდა იძიებდნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურები, ეს არის მათი პირდაპირი მოვალეობა და ფუნქცია, თორემ აგენტები რომ მართლა გარბოდნენ და რეგისტრირდებოდნენ, მაშინ კონტრდაზვერვა საჭირო აღარ იქნებოდა. მესმის, რომ ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა მსგავსი ნაბიჯების გადადგმა და ყველა ორგანიზაციას უნდა შეეძლოს სიმდიდრის წყაროს დასაბუთება, ყველა გადმორიცხულ თეთრზე ჰქონდეს შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტი, საიდან მიიღო და რა იყო მისი წყარო, მაგრამ აგენტია თუ არა და უქმნის თუ არა სახელმწიფოს საფრთხეს, ეს უკვე შესაბამისმა ორგანოებმა უნდა განსაზღვრონ. არ მახსენდება შემთხვევა, უცხო ქვეყნის აგენტი ყვიროდეს, არიქა, აგენტი ვარ, ძირს გითხრით და მოდით, დამარეგისტრირეთო. ეს აბსურდია და რეალურად ემსახურება იმას, რომ ვიღაცას მიაკერონ ეს იარლიყი. არის თუ არა ეს რუსული დაკვეთა, არ ვიცი, მაგრამ რაც უფრო მეტად გადავალთ ავტორიტარულ რელსებზე და დავშორდებით დემოკრატიულ სამყაროს, მით მეტად დავუახლოვდებით რუსულ ორბიტას”, - განმარტავს ექსპერტი.

“ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ სადმე წავიდა რუსული პოლიტიკის დღის წესრიგი, რომლის თანახმადაც საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობა მიუღებელია? ის, რომ უკრაინის გამო ჩვენთვის არ სცალიათ, ხომ არ ფიქრობენ, რომ ურთიერთობის ნორმალიზება შეუძლიათ? რატომ ვერაფერს სწავლობენ წინა მთავრობებისგან? შევარდნაძე დსთ-ში შევიდა, მაგრამ დალაგდა რუსეთთან ურთიერთობა? ყველაფერი დავთმეთ რუსებისთვის, გარდა საკუთარი სულისა და ამით გაუმჯობესდა მასთან ურთიერთობა? რატომ ვერ ვსწავლობთ, რომ ასეთ ქვეყანასთან ურთიერთობა არ გამოდის? რევერანსები არ გამოასწორებს სიტუაციას, ადრე თუ გვიან, მოგვიბრუნდება და რაც უფრო მარტო და სუსტები დავრჩებით, მით უფრო ადვილად მოგვერევა. დღეს რუსეთისგან დაცვის ერთადერთი ყველაზე პრაქტიკული გზაა საქართველოს წევრობა ნატოში ან ორმხრივი თავდაცვითი ხელშეკრულება ისეთ ძალასთან, რომელსაც რუსეთი ვერ გაუწევს სამხედრო კონკურენციას. ესენი ყველაფერს საკუთარი ძალაუფლების გასახანგრძლივებლად აკეთებენ, შეიძლება პირდაპირ ასეთი განზრახვა არა აქვთ, მაგრამ მათი ეს წადილი ირიბად იწვევს რუსეთთან დაახლოებას”, - დაასკვნის გიორგი გობრონიძე.

“სამწუხარო რეალობა ისიცაა, რომ ბევრისთვის კონსერვატიული ნარატივი მუშაობს. ეს კანონი მოზაიკის პატარა ნაწილია და ძალაუფლების კონსოლიდაციას ისახავს მიზნად - ცოტა ხნით ადრე გაიზარდა ეკლესიის დაფინანსება, მერე დაინიცირდა კანონი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიების წინააღმდეგ, გადავიდნენ ულტრამემარჯვენე რელსებზე, სადაც თითქოს იცავენ მორალს, ზნეობას, ტრადიციებს... სამწუხაროდ, ქართველი საზოგადოების მეორე მხარეს სწორად არ აწვდიან ალტერნატიულ ინფორმაციას, რომ არავინ შენს ტრადიციას არ ერჩის და ევროკავშირს ქართული სუფრის გაქრობა არაფერში სჭირდება. შიშის მომენტს ქმნიან, აი, იმათ უნდათ ჩვენი უნიკალურობის და ქართველობის წართმევა, გვრყვნიან, იდენტობას გვიკარგავენ და სხვა. სამწუხარო რეალობაა, როცა ასეთი შოვინისტური და ნაციონალისტური ნარატივი ჩნდება პოლიტიკაში, ეს ნიშნავს, რომ იმ ძალას ბევრი შესათავაზებელი არაფერი აქვს საზოგადოებისთვის. ეს კანონი კონტრპროდუქტიულია ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის”, - დასძენს გობრონიძე.

სადავო კანონი - ანალიტიკოსები მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების შემთხვევაში, კანონის თაროზე შემოდებას პროგნოზირებენ

“უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტის საპროტესტო აქცია ორშაბათს არის ჩანიშნული. ანალიტიკოსები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მრავალრიცხოვან აქციას ელოდებიან. ზოგიერთი მათგანი მონაწილეთა გარკვეული ნაწილის პარლამენტში შესვლას და სხდომის ჩაშლასაც ვარაუდობს. ნაწილი ფიქრობს, რომ გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ხელისუფლება კანონის დროში გაწელავს და შესაძლოა ზაფხულამდე საერთოდაც თაროზე შემოდოს. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ ორშაბათს საპროტესტო აქცია უფრო მრავალრიცხოვანი იქნება და შესაძლოა გარკვეულმა ჯგუფებმა პარლამენტში შესვლა და სხდომის ჩაშლაც სცადონ. ანალიტიკოსის ვახტანგ ძაბირაძის შეფასებითაც, ორშაბათს საპროტესტო მუხტი უფრო გამძაფრებული იქნება, თუმცა ხელისუფლების მხრიდან კანონპროექტის მიღებაზე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელოდება. როგორც მან აღნიშნა, “ოცნება” ამ კანონის მიღებაზე მუშაობას გაწელავს და მაისის ბოლო-ივნისის დასაწყისისთვის თაროზე შემოდებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სადავო კანონი - ანალიტიკოსები კვლავ პარლამენტის შტურმსა და მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების შემთხვევაში, კანონის თაროზე შემოდებას პროგნოზირებენ.

“ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები გარკვეული სტიმული იქნება და გამოვლენ აქციაზე. ძირითადად გამოვა ის ხალხი, რომლებიც მანამდეც მონაწილეობდნენ და ვინც უკვე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. საქმე ისაა, რომ ოპოზიციაში ერთგვაროვანი განწყობა არ არის მისცენ თუ არა ამ აქციას რადიკალური ხასიათი. გუშინ სალომე ზურაბიშვილმაც თქვა, რომ ჯახის და რადიკალური ქმედებების დრო არ არის, რადგან თუ მათ გაიმეორეს იგივე მცდელობა, როდესაც აქციის მონაწილეები პარლამენტში შევარდნენ, ეს დასავლეთში არც ოპოზიციას გამოაჩენს კარგად და არც ხელისუფლებას. ვფიქრობ, რომ აქცია იქნება. შესაძლოა გარკვეული ჯგუფები პარლამენტის შიგნითც შევიდნენ და იქ შეეცადონ კომიტეტის სხდომის ჩაშლა. თუ “ოცნება” ამ კანონპროექტს გაიტანს, და დიდი ალბთობით გაიტანს კიდეც, ამ შემთხვევაში აქცია გაგრძელდება, კარვებს გაშლიან და პატარა წინააღმდეგობის კერებს შექმნიან. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ თუ სიტუაცია გამწვავდა, “ოცნებამ” თავის მხარდამჭრებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდოს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“წინა აქცია საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო და შესაბამისად, მგონია, რომ ახლა საპროტესტო მუხტი უფრო მოიმატებს და ხალხის რაოდენობაც გაიზრდება. თუმცა არ მგონია ორშაბათს ხელისუფლებამ რაიმე ცვლილებები განახორციელოს. ალბათ საკითხი კომისიის სხდომაზე გავა და განხილვა იქნება. გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება საპროტესტო აქციის მასშტაბზე. ქვეყანაში გამომდინარე ვითარებიდან, თუნდაც ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებიდან და შოლცის განცხადებებიდან, ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმა გაუჭირდება. ირაკლი კობახიძემ რაც თქვა - რომ თითქოს შოლცს ატყუებდნენ და ამ კანონპროექტში ის არ წერია, რაც მას წარუდგინეს - ეს მეტყველებს იმაზე, რომ მმართველი პარტია ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. აღარაფერს ვლაპარაკობ ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივ აზრზე, რომელიც ცალსახად ჩამოყალიბებულია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“არ მგონია ხელისუფლებამ ამ ეტაპზე კანონპროექტზე მუშაობა შეწყვიტოს. უფრო მოსალოდნელია ეს დროში გაწელონ. მათ თავიდანვე თქვეს, რომ სწრაფად არ მივიღებთო. არც იმას გამოვრიცხავ, რომ პირველ მოსმენაზე მიიღონ კიდეც, მაგრამ ნელ-ნელა შეეცდებიან აღნიშნული კანონის შეჩერებას, რადგან პროტესტი გაძლიერდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ორშაბათს გადაწყვეტილების მიღებაზე უშუალოდ საპროტესტო მუხტი დიდად გავლენას არ მოახდენს. არ ვამბობ, რომ ეს მნიშვნელოვანი არ იქნება. ეს აუცილებლად იმუშავებს, თუმცა ორშაბათს ხელისუფლებას სხვა სტრატეგია აქვს. კანონის უკან წაღება არ შეუძლიათ, რადგან ეს აღიქმება, როგორც მარცხი და არ აწყობთ. რაც შეეხება მიღებას, ესეც არ შეუძლიათ, იმიტომ, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მით უმეტეს თუ დიდი საპროტესტო აქცია იყო, ეს ხიფათის მომტანია. ამიტომ ხელისუფლება შუალედურ ვარიანტს აირჩევს. დროში მაქსიმალურად გაწელავს და შესაძლოა მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისამდე ეს კანონპროექტი საერთოდ თაროზე შემოდონ. ეს მათთვის ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება და ალბათ ამას აირჩევენ”, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.

“აფხაზეთში ყველა ოპონენტს “საქართველოს აგენტს” დაარქმევენ”

“ოკუპირებულ აფხაზეთში “აგენტების კანონის” მიღებას გეგმავენ. ჯერ კიდევ 7 თებერვალს დე ფაქტო პრეზიდენტმა დაარეგისტრირა მთელი რიგი შეზღუდვების მქონე რეპრესიული კანონპროექტი “უცხოური აგენტების” გამოსავლენად. ე.წ. საპარლამენტო განხილვები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა თუკი სეპარატისტულ ხელისუფლებას მოუნდება, ამ კანონს გაიტანს, ისე როგორც დეკემბერში ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა გაიტანა - მალულად, დილის 5 საათზე... აფხაზეთში 2 თვეა პროტესტი არ წყდება. შეიქმნა პეტიცია, დაიწერა არაერთი საპროტესტო წერილი თუ სტატია, ოპოზიციური ძალები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას წარუდგინეს ულტიმატუმი - 10-დღიანი ვადა მისცეს, რათა “ანტისახელმწიფოებრივ ინიციატივებზე” უარი თქვას. ამ “ანტისახელმწიფოებრივ” ინიციატივებს შორისა ე.წ. აპარტამენტების, ბიჭვინთის აგარაკებისა და “უცხოური აგენტების” კანონების უკან გაწვევის მოთხოვნები”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “აფხაზეთში ყველა ოპონენტს “საქართველოს აგენტს” დაარქმევენ”.

“კარგი, თქვენ შემოიღეთ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, ვინ დაადგენს მათ, იგივე აფხაზები? თუ ჩემს ძმას მტრად განსაზღვრავ, ხვალ შენს სახლში მოვალ. ასეც იქნება, დაიწყება ოჯახური შეტაკებები”, - აცხადებს აფხაზეთის გმირად აღიარებული ასლან კობახია. “არც ერთ პრეზიდენტს, თუნდაც ყველაზე მძიმე დაპირისპირების დროს, არ გაუტოლებია დისიდენტები ხალხის მტრებთან”, - ამბობს ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. “ეს ყველაფერი უკვე გამოვიარეთ... ანუ რაც სტალინმა და ბერიამ გაუკეთეს ჩვენს ხალხს 1937 წელს. ახლა სწორედ ჩვენი დღევანდელი მმართველები ცდილობენ სტალინის და ბერიას როლების შესრულებას”, - წერს “ჩეგემსკაია პრავდის” რედაქტორი ინალ ხაშიგი... დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 7 თებერვალს წარადგინა კანონპროექტი, სადაც ნათქვამია, რომ ნებისმიერი ორგანიზაცია და პირი შეიძლება აღიარებულ იქნენ “უცხოურ აგენტებად”, თუ იღებენ ფულად სახსრებს ან/და ქონებას უცხო ქვეყნებიდან - ფულის მიღება ნებადართულია მხოლოდ მეგობარი ქვეყნებიდან: რუსეთიდან, ვენესუელიდან, ნიკარაგუიდან და სირიიდან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კანონპროექტი აგენტებად მიჩნეულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას, საჯარო ღონისძიებების, დემონსტრაციების, საჯარო დისკუსიების გამართვას, საგანმანათლებლო საქმიანობას საბავშვო ბაღებსა თუ სკოლებში. აგენტების სტატუსის მქონე პირები ვერ მიიღებენ “სახელმწიფო” დაფინანსებას. ასევე “უცხოურ აგენტებად” გამოცხადებული ჟურნალისტები ვერ შეძლებენ “სახელმწიფო” აკრედიტაციის მოპოვებას. “აგენტების” მიერ გავრცელებულ მასალებს თან უნდა ახლდეს მითითება, რომ ისინი დამზადდა და გავრცელდა “უცხოური აგენტის” მიერ. “უცხოურ აგენტებად” დარეგისტრირებული ორგანიზაციები და ფიზიკური პირები ვალდებული იქნებიან წარადგინონ საფინანსო დეკლარაციები, მათ შორის სრული მონაცემები წყაროს, თანხის ოდენობის, მიზნობრიობისა თუ მიღებული და დახარჯული სხვა მატერიალური სიკეთის შესახებ. დე ფაქტო იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება გამოიძიოს, მოითხოვოს და შეისწავლოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები. შეიძლება ჩატარდეს არაგეგმური შემოწმებებიც. კანონის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ, სისხლისსამართლებრივ და სხვა სახის პასუხისმგებლობას დადგენილი წესით”, - განაგრძობს გამოცემა.

“ეს არის ანალოგი რუსეთში 2012 წელს მიღებული “უცხოური აგენტების” შესახებ კანონისა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის დავალებით 2014 წელს მიიღეს. აფხაზეთში ეს იდეა უკიდურესად არაპოპულარული იყო, თუმცა საკითხი 2021 წლის ბოლოს გააქტიურდა, როდესაც მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელი მოეწერა 45-პუნქტიან თანამშრომლობის მემორანდუმს, სადაც აფხაზური მხარე ვალდებულებას იღებდა რუსულ კანონმდებლობასთან მოეხდინა ჰარმონიზაცია, რადგან ერთ-ერთი პუნქტით “აგენტების კანონის” მიღებაც იყო გათვალისწინებული. კანონის განხილვა 2023 წელს იგეგმებოდა, მაგრამ აფხაზი საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურებების გამო პროცესი გადაიდო. ამჯერად პროექტი დე ფაქტო პარლამენტშია დარეგისტრირებული. ყოფილი სახალხო დამცველი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ აფხაზი საზოგადოება ცდილობს წინ აღუდგეს “აგენტების” კანონს, რადგან ხვდებიან, რომ ეს იქნება სრული იზოლაცია”, - დასძენს გამოცემა.

“რუსეთი ცდილობს ყველგან, სადაც რაიმე გავლენა აქვს, გააკონტროლოს ყველაფერი. “აგენტების კანონი” არის იმისთვის, რომ დასავლეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები არ გაძლიერდნენ. აფხაზეთში დასავლეთიდან დაფინანსებული არაერთი პროექტი ხორციელდება და რუსეთს სწორედ ეს ვერ აუტანია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ჰყავს რეგიონში რამდენიმე ათასი შეიარაღებული ჯარისკაცი, დე ფაქტო ხელისუფლება მთლიანად რუსეთიდან ფინანსდება და წლებია კრემლს აფხაზეთზე დიდი გავლენა აქვს, ზოგიერთი კანონის მიღება მაინც გაუჭირდათ. ეს შეეხება ე.წ. აპარტამენტებს, ბიჭვინთის აგარაკთან დაკავშირებითაც ჯერ ყველაფერი არ არის გადაწყვეტილი, რუსეთს არ მისცეს ნება, მესამე პირზე გასხვისდეს მიწა. რუსეთი ამ წინააღმდეგობებს ხედავს და ცდილობს ამ კანონით შეზღუდოს ოპონენტები, ცდილობს სრულ იზოლაციაში ამყოფოს აფხაზი საზოგადოება, რათა გარდა რუსეთისა, სხვა დასაყრდენი და წყარო არ ჰქონდეთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას უჩა ნანუაშვილი.

“მსგავსი კანონი ცხინვალის რეგიონში 2014 წელს მიიღეს და დღეს ცხინვალში ყველა აქტიური ორგანიზაცია ლიკვიდირებულია. იგივე აფხაზეთშიც რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ ფეხს ითრევდნენ და მხოლოდ წელს, 7 თებერვალს მოხდა კანონპროექტის ინიცირება, რადგან რუსეთიდან დიდი წნეხი იყო. აფხაზეთში ეს კანონი რეპრესიებთან არის ასოცირებული. თუკი ეს კანონი გავა, აფხაზეთი მთლიანად რუსეთზე იქნება დამოკიდებული და თავისუფლების ის მცირე კუნძულებიც გაქრება, რომლებიც ჯერ ისევ შემორჩენილია - თავისუფალი მედია, ზოგიერთი ორგანიზაცია. აფხაზები ხედავენ, რომ რუსეთი ცდილობს ყველაფრის გაკონტროლებას და პრაქტიკულად იმავე სცენარის გამეორებას, რაც რუსეთში მოხდა. აფხაზებს არ სურთ სრულად იზოლირებულობა და რუსეთზე დამოკიდებულება. ამიტომ რუსეთის ეს ნაბიჯები უფრო აძლიერებს რუსეთის საწინააღმდეგო განწყობებს”, - განმარტავს ნანუაშვილი და შეკითხვაზე - “შეეხება თუ არა ეს კანონი გალის ქართველ მოსახლეობას, რადგან ქართველები შემწეობებს, პენსიებს და ჯანდაცვის სერვისებს საქართველოს არაოკუპირებული ნაწილიდან იღებენ?” - პასუხობს:

“ამ კანონის ამოქმედების შემდეგ გალი ერთ-ერთი სამიზნეა და ყველაზე მძიმე შედეგს სწორედ გალის ქართველი მოსახლეობა იწვნევს. თუკი კანონი ამოქმედდება, ეს შეეხება განათლების სფეროში მომუშავე ქართველებს. ყველაზე მკაცრად სწორედ ქართველებს მიუდგებიან”.

“ყოფილ სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთს ეს კანონი სჭირდება ლოიალურობისთვის როგორც აფხაზეთში, ასევე თბილისში. ეს არის საბუთი იმის საჩვენებლად, რომ “მე ვარ შენთან, შენს ორბიტაზე”. “აგენტების კანონის” მიღება წლების წინ რუსეთთან გაფორმებული მემორანდუმითაა გათვალისწინებული. ბოლო დროს რუსეთი აფხაზური მხარისაგან სერიოზულ დათმობებს ითხოვს - ბიჭვინთის აგარაკის სრულად დათმობასა და აპარტამენტების მშენებლობას. აფხაზებს მიაჩნიათ, რომ ამ მძიმე თემების უკან უნდოდათ დაემალათ და იოლად გაეტარებინათ “უცხოური აგენტების” კანონი, მაგრამ არ გამოუვიდათ. კანონპროექტმა დაძაბულობა გამოიწვია, ამიტომაც ამდენი ხანია დე ფაქტო პარლამენტშია პროექტი და ჯერ კიდევ ვერ განიხილეს. საქმე ისაა, რომ აფხაზი საზოგადოება ძალიან პატარაა, ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველამ იცის, რომ ეს კანონი არ სჭირდებათ, პირიქით, დააზიანებს. კარგად იციან, რამდენად სასარგებლო საქმეს აკეთებს სამოქალაქო სექტორი აფხაზეთში. ესაა შშმ პირებზე მუშაობა, ჯანდაცვა, ეკოლოგია, განათლება, საკანონმდებლო აქტიურობა”, ამბობს ზაქარეიშვილი, რომლის თქმით, “აფხაზეთს სჭირდება სამოქალაქო სექტორი. ესაა ტრიბუნა უცხოელებთან სალაპარაკოდ, როცა უცხოელები ჩადიან აფხაზეთში ან აფხაზი სამოქალაქო სექტორის წევრები ჩადიან ევროპაში, რათა ევროპის სტრუქტურებთან ჰქონდეთ კონტაქტები”, - წერს სტატიის ავტორი.

“აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას არგუმენტი ჯერ არ წამოუყენებია - ერთადერთი, ამბობენ, რომ ეს მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებაა. თბილისში ხელისუფლება ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობისთვის სურს ამ კანონის მიღება. ჩვენ, არასამთავრობოები, ვამტკიცებთ, რომ ეს არის ევროპასთან ბრძოლა, რადგან სამოქალაქო სექტორზე უფრო გამჭვირვალე საქართველოში არავინ არის - 4-5 მიჯნა უნდა გაიარო, რომ ყველას დაუმტკიცო, სად იხარჯება მოპოვებული გრანტის ფული. რუსები გულწრფელად მაინც აცხადებენ, რომ ებრძვიან დასავლეთს, ჩვენ კი ფარისევლები ვართ, ვამბობთ, რომ ამერიკა მეგობარია, ევროკავშირში მივდივართ და ამ დროს რუსეთივით ვებრძვით ამერიკასა და ევროპას. ამიტომ ჩვენი კანონი უფრო ფარისევლურია, ცინიკური. აფხაზურ კანონშიც კი გაწერილია, რომ რუსეთისგან, ვენესუელისგან, ნიკარაგუისა და სირიისგან დაფინანსება დაშვებულია, რადგან მათ აღიარეს აფხაზეთი”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ჩვენს კანონში უნდა იყოს მკაფიო მითითება, რომ სწორედ ამ ქვეყნების წინააღმდეგაა შეზღუდვები მიმართული, რადგან მათ დაუშვეს საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობის დარღვევა და მაშინ პრობლემა არ იქნებოდა. თუმცა ჩვენს კანონპროექტში ცალსახად იგულისხმება დასავლეთი, რადგან დასავლეთიდან შემოდის გამჭვირვალე ფული, რუსეთიდან შემოსული ფული კი არსად ჩანს... აფხაზეთში არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იცავენ გალელებს, რამდენად ეფექტურად, ეს სხვა საკითხია, და ეს ორგანიზაციები გაუქმდება. გალელები უფრო მოწყვლად პირობებში ჩაცვივდებიან. სკოლებში მასწავლებლობა შეეზღუდებათ თუ არა, ამაზე პასუხი არა მაქვს. გამორიცხული არაფერია. აფხაზმა რომ აფხაზს დაუწყოს დევნა, გამორიცხულია. უბრალოდ, სამოქალაქო სეგმენტი ფულს ვეღარ მიიღებს და გაჩერდება. დარჩება მხოლოდ თითო-ოროლა აქტივისტი”, - ამტკიცებს კონფლიქტოლოგი.

“რუსეთი მარტივად გაიტანს აპარტამენტების კანონს, რაც აფხაზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბიჭვინთის აგარაკების თემაც ადვილად მოგვარდება. მოლაპარაკე თავები აღარ იქნებიან, ვინმე რამეს იტყვის და, ეტყვიან, უცხო ქვეყნის აგენტი ხარ, საქართველოს აგენტი ხარო და ამით გააჩუმებენ. აფხაზეთში მთავარი მტრის ხატი საქართველოა და შესაბამისად, წამყვანი ლოზუნგი იქნება “საქართველოს აგენტია”. როგორც ჩვენთან ლაპარაკობენ გაუმჭვირვალობაზე, იქ საქართველოს აგენტობაზე ილაპარაკებენ. გაიტანენ თუ არა ამ კანონს, ამაზე საუბარი რთულია. შესაძლოა როგორც ბიჭვინთა გაიტანეს მოტყუებით, ისე გაიტანონ ეს კანონიც. თუმცა ბიჭვინთისგან განსხვავებით, “აგენტების კანონის” გატანა არ იქნება ძალიან მტკივნეული. ჩვენთან, არაოკუპირებულ საქართველოში, “რუსული კანონის” წინააღმდეგ საზოგადოება უფროა მობილიზებული, აფხაზეთში კი პირიქითაა - ე.წ. ხელისუფლებას უფრო ესმის, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება. ამიტომ, თუ ბჟანიამ ჩათვალა, რომ სჭირდება კანონი, გაიტანს. ჯერჯერობით არ ჩქარობს”, - დასძენს ზაქარეიშვილი.

ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა