პარლამენტი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს კენჭს 27 ივნისს უყრის - ხვალისთვის გადაიდო "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოზე კენჭისყრაც

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.

კენჭისყრის გადადების ინიციატივით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მიმართა, რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ კენჭისყრის გადადებით ოპოზიციას აძლევენ ერთ დღეს, რათა დააფიქსირონ სად დგანან, რადგან მმართველი უმრავლესობის აზრით, ოპოზიციის სხდომაზე არ დასწრება ნიშნავს, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს იჭერენ.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია არ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას საკუთარი ხალხის წინაშე და ამომრჩეველმა უნდა დაინახოს ვის მხარეს დგანან ისინი.

ასევე ხვალისთვის გადაიდო "საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოზე კენჭისყრის საკითხიც. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატების წინაშე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე წარადგენდა.

„ჩვენ ხვალ ორი კენჭისყრა გვექნება. არ დავტოვებთ ისე, რომ ოპოზიცია გაექცეს პასუხისმგებლობას საკუთარი ხალხის წინაშე. ბოლოს და ბოლოს დაინახოს მათმა ამომრჩეველმა ვის მხარეს დგანან, საქართველოს მხარეს თუ იმ ჯგუფების, რომლის იმედიც აქვთ და მათი ზურგით უნდათ, რომ მოხვდნენ ხელისუფლებაში. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ქართველი ხალხი წყვეტს, ვინ იქნება ხელისუფლებაში. თუ მათ უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, უნდა ემსახურონ ქართველ ხალხს და არცერთ სხვა ხალხს თუ ქვეყნებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტი.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.

უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.

საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

რაც შეეხება სარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საარჩევნო ცვლილებები 30 მაისს დაამტკიცა. 80 ხმით, ერთხმად მიიღეს პროექტი, რომლის საფუძველზეც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მაღალი კვორუმით გადაწყვეტილებების მიღების წესი შეიცვალა და ე.წ. "ანტიჩიხური მექანიზმი" დაწესდა.

საქმე ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მისაღებ ისეთ გადაწყვეტილებებს ეხება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა.

უფრო კონკრეტულად, "საარჩევნო კოდექსის" ჯერ კიდევ მოქმედი ნორმების მიხედვით, საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით. ასევე, ცესკოს დადგენილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი დაუჭერს.

„საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებებით, თუ ცესკომ გადაწყვეტილება არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერით ვერ მიიღო, ცესკოს იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება და გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

კანონპროექტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. პრეზიდენტის ვეტოში აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები გამოიწვევს საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას, მნიშვნელოვნად უარესდება ოპოზიციური პარტიების ჩართულობის საკითხი და არ უზრუნველყოფს კონსენსუსზე დამყარებულ პოლიტიკურ პროცესს, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის, ისე როგორც ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდისთვის.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის