გია ხუხაშვილი - “ოპოზიცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან დისტანცირებას ცდილობს?!”
“სიურპრიზები ყოველთვის მოსალოდნელია” - ვისთან გაერთიანდება “ლელო” და რამდენად მომგებიანი იქნება
მირიან მირიანაშვილი - “ოპოზიციას გამარჯვების სურვილი არა აქვს”
რისთვის სჭირდება “ოცნებას” წინასაარჩევნოდ ამნისტია და რატომ არ მონაწილეობს ამაში ოპოზიცია
ვახტანგ კაპანაძე - რა ხდება უკრაინის ფრონტზე და რა სამი სცენარისთვის უნდა ემზადებოდეს საქართველო?!
* * *
გია ხუხაშვილი - “ოპოზიცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან დისტანცირებას ცდილობს?!”
“ივანიშვილს ახასიათებს წინასაარჩევნოდ ახალი დედლაინის დათქმა. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებისას, პირველ და მეორე ტურს შორის, როდესაც ძალიან გაუჭირდა, გამოვიდა და გვითხრა, ერთ წელიწადში ყველა პრობლემას გადავწყვეტო. მოკლედ, დღესაც იმავეს ცდილობს - გვირაბის ბოლოში იმედის ნაპერწკლის გაჩენას, რასაც აუცილებლად არჩევნების შემდეგ უნდა დაველოდოთ და არა მანამდე, რაც მორიგი მანიპულაციაა. რაც შეეხება იმ ილუზიის შექმნის ცდას, რომ აშშ-ში რესპუბლიკელები თუ მოვლენ ხელისუფლებაში, ყველაფერი კარგად იქნება, რა თქმა უნდა, ესეც ტყუილია. პირიქით, ამ ხელისუფლებისთვის ბევრად არაკომფორტულია რესპუბლიკელების, იმავე ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა. საქმე ის არის, რომ აშშ-ის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით უცვლელია. ეს ისტორიამ დაადასტურა”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან დისტანცირებას ცდილობს?!”
“განსხვავება ისაა, რომ რესპუბლიკელები გაცილებით ხისტად მოქმედებენ პრობლემების დროს, ვიდრე დემოკრატები. ამ ბოლო პერიოდში ტრამპი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ჩვენი ხელისუფლების ბოლოდროინდელ ნაბიჯებზე ბევრად მკაცრ რეაგირებას მოახდენდა. ივანიშვილი არ არის ბრიყვი და მანაც მშვენივრად იცის ეს, მაგრამ აქაც მანიპულაციას ცდილობს, რათა ჰიპნოზის ქვეშ ჰყავდეს თავისი მრევლი. ჩვენი ხელისუფლება ევროპარლამენტის არჩევნების დროსაც რატომღაც დიდი აღტაცებით გულშემატკივრობდა ულტრამემარჯვენეებს. იმედოვნებდნენ, რომ ისინი თუ მოვიდოდნენ უმრავლესობით, ევროპასთან ყველაფერი დალაგდებოდა, თუმცა ულტრამემარჯვენეები დამარცხდნენ, არადა, ულტრამემარჯვენეების თავისი ნაციონალისტური ინტერესების დაცვაზე, რამაც ჩვენთვის შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე გააჩინოს. ასევე არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ გეგმავდნენ დეპორტაციის დაწყებას და ფინანსური გადარიცხვების სფეროში შეზღუდვების დაწესებას. ის, რასაც ივანიშვილი პრობლემების მოგვარების გზად ასაღებს, რეალურად ამ პრობლემების გაძლიერების საფრთხეა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“ივანიშვილს ახლა ასე აწყობს და აყენებს ყველაფერს თავდაყირა, თან ისე, თეთრზე იმას კი არ ამბობს, რუხიო, არამედ ამბობს, შავიაო და ცდილობს ყველა ამაში დაარწმუნოს. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილს კვლავაც სჯერა მისი განცხადებების, ზოგს გულწრფელად, ზოგიც კიდევ პირადი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად თავს იტყუებს. თუმცა ზოგჯერ რთულია დამალო შენი აზრები, ამ ღონისძიებაზე ბევრს ჩამოსტიროდა სახე. მაგალითად, თუ დააკვირდით რობერტ სტურუას, მისი გამომეტყველების რამდენიმე კადრი ვნახე, რომელიც ბევრ რამეს ამბობდა. ადამიანმა შეიძლება არ ილაპარაკოს, მაგრამ სახეზე გაქცეულ სუბტიტრებს რას უზამს?! სტურუა დიდი რეჟისორია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების გულმხურვალე მხარდამჭერია, ის ამ ღონისძიების ანატომიას, ტყუილსა და მართალს კარგად ხედავდა და ძალიან სევდიანი იყო”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“26 ოქტომბერს ჩვენ არ ვირჩევთ მხოლოდ ხელისუფლებას, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორი. რაც შეეხება ხელისუფლების საუბარს რეფერენდუმზე, ამით, ერთი მხრივ, ჩვენი მოქალაქეების დაბნევას ცდილობენ, ამასთანავე, სურთ თავი წარმოგვიდგინონ მშვიდობის ერთადერთ, ექსკლუზიურ დამცველებად, ყველა ოპონენტს კი ომის პარტიას მიაკუთვნებენ, თითქოს ეგენი თუ ხელისუფლებაში არ იქნებიან, ეგრევე ბომბები დაგვეცემა თავზე. ამ საარჩევნო პროცესში მთავარი ის იქნება, ამომრჩეველი რომელი “სარეფერენდუმო” კითხვის საპასუხოდ მივა ურნასთან. თუ ელექტორატის დიდი ნაწილი გაიაზრებს, რომ “ქართული ოცნების” “სარეფერენდუმო” კითხვა მანიპულაციაა, სიყალბეა და ასეთი არჩევანი რეალურად არ არსებობს, სწორ პოლიტიკურ არჩევანსაც გააკეთებს. მოკლედ, ამ ქვეყანაში ომი არავის სურს და შეკითხვის დასმის საფუძველიც არ არსებობს. შესაბამისად, ამომრჩეველმა უპირველესად უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი - საით უნდა წავიდეს საქართველო, დასავლეთისკენ თუ რუსეთის იმპერიისკენ?” - განმარტავს ექსპერტი.
“თუ ხელისუფლება მოახერხებს ომის შიშის დანერგვას, ამ შემთხვევაში დიდი პრობლემა გვექნება. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ხელისუფლებამ შეიძლება მოახერხოს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის დახმარებით ანუ მისი უმოქმედობით. საჭიროა სოფელ-სოფელ სიარული, დიალოგი ხალხთან, უნდა მივიდნენ, აუხსნან. ჯერჯერობით, აი, სწორედ აქ გვაქვს პრობლემა. ოპოზიცია ფეხს ითრევს... ბოლო ხანს თითქოს მელია გააქტიურდა, გახარიამაც გამართა შეხვედრები, “ლელომაც”, მაგრამ ბევრად ინტენსიური მუშაობაა საჭირო მოსახლეობასთან, რათა ყველამ გაიგოს, რომ დღეს ომის და მშვიდობის პრობლემა კი არ გვიდგას, არამედ იმის, თუ საით მიდის ჩვენი ქვეყანა და როგორ საქართველოში იცხოვრებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები. თუ ოპოზიცია ამას მოახერხებს, ნახეთ, ამომრჩეველს რამხელა კომფორტი ექმნება - ის მივა საარჩევნო ურნასთან ქვეყნის განვითარების ვექტორის ასარჩევად და იმავდროულად, საშუალება ექნება არჩევანი გააკეთოს ოპოზიციურ პოლიტიკურ ცენტრებს შორის, რომლებიც ბიულეტენში დახვდება. ვიმეორებ, იმისთვის, რომ ჩვენ ეს მოცემულობა შევქმნათ, საჭიროა პოლიტიკოსების ბევრად მეტი აქტიურობა. ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა, უნდა გამოიყენონ ყველა ინსტრუმენტი და ჩამოაყალიბონ პოლიტიკურ დღის წესრიგი. მათ შორის აქციებიც უნდა იყოს”, - ამტკიცებს გია ხუხაშვილი.
“რაც შეეხება ივანიშვილის განმეორებით განცხადებას, რომ გამარჯვების შემდეგ “ნაციონალურ მოძრაობას” აგებინონ პასუხი, არ ვიცი რა იგულისხმობა ამ პასუხისგებაში, სააკაშვილი ციხეშია, უგულავამ და მერაბიშვილმაც მოიხადეს სასჯელი. ერთადერთი, ვისაც არ მოსთხოვეს პასუხი, ის ხალხია, როლებიც მშვენივრად დაპორტირდნენ “ნაციონალური მოძრაობიდან” “ქართულ ოცნებაში” და დღემდე იქ არიან. თუ თავისიანების დასჯას გულისხმობენ, არ ვიცი. შეიძლება თალაკვაძეები და კალაძეები უნდა დასაჯონ, რომლებიც თავის დროზე “ნაცმოძრაობასთან” მშვენივრად გრძნობდნენ თავს. ეს მანიპულაციის კიდევ ერთი მაგალითია. როგორ შეიძლება საღად მოაზროვნე ადამიანს ამაზე სიმწრით არ გაეცინოს. კიდევ სხვა რამ იყო მნიშვნელოვანი - როდესაც ივანიშვილმა ილაპარაკა 2008 წლის ომზე, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულზე, ამით დააბრუნა თემა, რომ ომი რუსეთის კი არა, ჩვენი ხელისუფლების ინიცირებული იყო. ამასვე ამბობს რუსეთი, რომ იმჟამად ომის დანაშაული თურმე საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა და ივანიშვილმაც, ფაქტობრივად, გაიმეორა. რაც შეეხება იმას, ღირსებით და ორ ფეხზე რომ მიდიან სადღაც, ეს რეალურად არის ოთხზე და უღირსად სიარული”, - ამბობს რესპონდენტი.
“მეგაპოლისებში ეს ყველაფერი გათვითცნობიერებული აქვს ხალხს. გამოკითხვებშიც ჩანს, რომ ქალაქებში “ოცნებას” საქმე ცუდად აქვს, ამიტომაც ოპოზიციას ბევრი სამუშაო აქვს რეგიონებში. გახსოვთ, 2012 წელს ივანიშვილი, ეს მილიარდერი კაცი, სოფელ-სოფელ დადიოდა. იგივე დინამიკურობაა ახლაც საჭირო. კარგი იქნებოდა, სამი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბებულიყო, რომელზეც გადანაწილდებოდა ოპოზიციური სპექტრი, რადგან ჩვენ გვაქვს ნაშთების პრობლემა, ანუ ბევრი პარტია თუ ვერ გადალახავს ბარიერს, მათი პროცენტებით “ქართული ოცნება” იხეირებს. სამს იმიტომ ვამბობ, რომ ოპოზიციური ელექტორატი არის სამნაირი განწყობის. თუმცა ვფიქრობ, 4 პოლიტიკური ცენტრიც შეიძლება ქმედითი გამოდგეს. გახარიას აქვს შანსი, რომ დამოუკიდებლად გადალახოს ბარიერი, წაართვას “ქართულ ოცნებას” ხმები, განსაკუთრებით, საჯარო მოხელეების ხარჯზე. ვნახოთ, რა იქნება. ამ ცენტრების გარშემო კიდევ უნდა მოხერხდეს პატარა პარტიების გადალაგება. ჯერჯერობით, არიან პარტიები, რომლებიც თავის ადგილს ვერ პოულობენ, მაგალითად, “ევროპული საქართველო”, ელისაშვილის პარტია... ასევე მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილის როლი, ის არის ორთქლმავალი, თუმცა ბოლო ხანს ცოტა გაუგებარ პოზიციაზეა ოპოზიცია - ერთი მხრივ, თითქოს ზურაბიშვილს ეთანხმება ყველაფერზე, მაგრამ თითქოს დისტანცირებასაც ცდილობს. პრეზიდენტმა და ქართველმა ახალგაზრდობამ გააჩინეს ამ ქვეყანაში ცვლილებების შანსი. ამაში ოპოზიციას არ მიუღია მონაწილეობა და იმედია, ამ შანსს გამოიყენებს მაინც”, - დასძენს ხუხაშვილი.
“სიურპრიზები ყოველთვის მოსალოდნელია” - ვისთან გაერთიანდება “ლელო” და რამდენად მომგებიანი იქნება
“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პოლიტიკოსებთან და პარტიებთან, მათ შორის დამოუკიდებელ დეპუტატებთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვისთან შეიძლება გაერთიანდეს “ლელო” და რამდენად მომგებიანი იქნება მათთვის? ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, შესაძლოა ისინი “ახალთან” ან “ევროპულ საქართველოსთან” გაერთიანდნენ. სხვები კი ფიქრობენ, რომ ეს მომგებიანი ვერ იქნება, რადგან მათ განსხავავებული ამომრჩეველი ჰყავთ. “შესაძლოა “ლელოს” ახალთან ჰქონდეს მოლაპარაკებები, რადგან თავის დროზე “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია და “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე თანამშრომლობდნენ, ამიტომ ეს ვერსია გამორიცხული არაა. რაც შეეხება სხვებს, პროდასავლური პარტიებიდან ჯერჯერობით თამაშგარე მდგომარეობაში “ევროპული საქართველოა”, ესეც ძალიან საინტერესოა”, - აცხადებს შავი ზღვის პროფესორი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან”. გია აბაშიძის თქმით კი “ახალს” და “ლელოს” განსხვავებული ამომრჩეველი ჰყავთ და ასეთი ალიანსი საეჭვოა მომგებიანი იყოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “სიუპრიზები ყოველთვის მოსალოდნელია” - ვისთან გაერთიანდება “ლელო” და რამდენად მომგებიანი იქნება.
“ახალთან” გაერთიანება რამდენად მომგებიანი იქნება ერთმანეთისთვის, როდესაც განსხავევბული ამომრჩევლები ჰყავთ. “ევროპულმა საქართველომ"”კი მგონი ოპოზიციურ ველზე არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი არ დატოვა, ძალიან მწარედ რომ არ გაეკრიტიკებინა და როგორც მისი ერთ-ერთი აქტიური ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ლაპარაკობს, მათთვის არჩევნებზე გასვლა ცალკე, დამოუკიდებლად უკეთესია. გეგელია არ აკონკრეტებს დეპუტატების ვინაობას, თუმცა აღნიშნავს, რომ პარტიას კონსულტაციები პროდასავლური ოპოზიციის ფართო სპექტრთან აქვს. ამბობს, რომ მალე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, თუ ვინ შეუერთდება პოლიტიკურ პლატფორმას. ნიკა ჩიტაძის აზრით, “ლელოს” მოლაპარაკება არ ექნება ნაცმოძრაობასთან და “მოქალაქეებთან”, ასევე გამოირიცხა გახარიას პარტიაც. “ისე, რაც უფრო ბევრი პარტია გაერთიანდება რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, რადგან ყველა პროდასავლურ პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი ექნება”, - აღნიშნავს ჩიტაძე. გია აბაშიძე თვლის, რომ “ლელოსთვის"” ნიკა გვარაიმიას ძველი განცხადებები წესით მისაღები არ უნდა იყოს. მისი პროგნოზით, ოპოზიციიდან მხოლოდ “ნაცმოძრაობას” და გახარია-ხაზარაძის გაერთიანებას ექნება შანსი”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მე ადრეც ვთქვი, რომ ხაზარაძეს და გახარიას ერთად შანსი აქვთ. რაც შეეხება სხვა ისეთ ოდიოზურ პოლიტიკოსებს, რომლებმაც სხვადასხვა პარტიები გამოიცვალეს, და შესაძლოა მანამდე “ოცნებაშიც” იყვნენ, ახლა 0%-იან სიბრტყეში არიან და მათთან გაერთიანება პოლიტექნოლოგიურად წამგებიანი იქნება ხაზარაძისთვის. მე მესმის, რომ მას სურს ოპოზიციურ ველზე გარკვეული ერთიანობა წარმოაჩინოს, თუმცა ეს საარჩევნო პროცენტებს რამდენად მოიტანს საკითხავია. ასევე, ნიკა მელია რასაც ბოლო დროს იძახის, მისსავე წინა გამონათქვამებს ეწინააღმდეგება, ვგულისხმობ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს, ეს წესით “ლელოსთვის” დამაბნეველი უნდა იყოს. დაველოდოთ მომდევნო დღეებს, ქართულ პოლიტიკაში, მითუმეტეს ოპოზიციურ სიბრტყეში სიუპრიზები ყოველთვის მოსალოდნელია და ისეთი გაერთიანებებიც ხდება, რომელიც მანამდე წარმოუდგენელი იყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“მაგალითად ანა დოლიძე, რომელიც ადრე მევახშეობას ებრძოდა, ახლა ხაზარაძესთან გაერთიანდა. ასევე ადამიანები, რომლებიც “ოცნების” რიგებში იყვნენ პოლიტიკურ თანამდებობაზე, ახლა “ნაცმოძრაობასთან” არიან და ა.შ. არაფერი გამიკვირდება, თუმცა საბოლოო სურათი, რომ შევკრათ თავად ოპოზიციის ზოგი პოლიტიკოსიც ამბობს, რომ ოპოზიციურ ველზე ასე გაშლილად ყოფნა და არა ერთიანი სიით გამოსვლა წამგებიანი იქნება, რადგან ამომრჩეველი დაიბნევა. გასაგებია, რომ ოპოზიციურად იქნებიან განწყობილი და “ოცნება” არ უნდათ, მაგრამ ეს ხმები პოლიტიკური ბრინჯივით დაიბნევა და სასურველ შედეგებს ვერ მიაღწევენ, გარდა “ნაცმოძრაობისა”, რომელსაც პოლიტიკური ზურგის ქარი აქვს, მიხეილ სააკაშვილის სახით”, - დასძენს გია აბაშიძე.
მირიან მირიანაშვილი - “ოპოზიციას გამარჯვების სურვილი არა აქვს”
“შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ ოპოზიციას გამარჯვების სურვილი არა აქვს, მათ ქმედებაში გამარჯვებისკენ სწრაფვის ლოგიკა არ იკვეთება. გამარჯვება რომ უნდოდეთ, გაერთიანებაზე იზრუნებდნენ და ერთიანი ძალით შეეცდებოდნენ “ქართული ოცნების” დამარცხებას. რაც დრო გადის, უფრო ნათელი ხდება, რომ ოპოზიცია ცდილობს ისარგებლოს “ნაცმოძრაობის” დასუსტებით და მოიპოვოს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი. შესაბამისად, ისინი იბრძვიან არა “ქართული ოცნების”, არამედ “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ. ამ გადასახედიდან ოპოზიციური ძალების მოქმედებები, რომლებიც აუხსნელი და ლოგიკას მოკლებულად გვეჩვენება, გასაგები ხდება. რაც დრო გავა, ეს უფრო ცხადად გამოიკვეთება. საჯაროდ არ იტყვიან, მაგრამ ოპოზიციურ ძალებს გაერთიანების იმიტომ ეშინიათ, რომ ერთობაში საკუთარ ინტერესებს ვერ ხედავენ. ისინი ხომ სინამდვილეში ერთმანეთის კონკურენტები არიან?!” - აცხადებს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიციას გამარჯვების სურვილი არა აქვს”.
“ნაციონალური მოძრაობა” 12 წლის განმავლობაში “ქართული ოცნების” დიდი პატერნალიზმით სარგებლობდა. ბიძინა ივანიშვილი მაქსიმალურად ცდილობდა “ნაცმოძრაობა” მთავარ ოპოზიციურ ძალად დაეტოვებინა ოპოზიციურ ველზე, რადგან იცოდა, ამ პარტიას, მისი წარსულის გათვალისწინებით, ხმები არ ეყოფოდა არჩევნებში გასამარჯვებლად და თუ კარგად მოუვლიდა, გააბატონებდა ოპოზიციურ ველზე, “ქართული ოცნება” გარანტირებულად გამარჯვებული პოლიტიკური ძალა იქნებოდა. ბოლო დროს მოვლენები ისე განვითარდა, რომ “ნაცმოძრაობამ” დაკარგა შესაძლებლობა სასარგებლო ყოფილიყო ივანიშვილისთვის. ამიტომ მან ეს პროექტი დახურულად გამოაცხადა. ამას მიხვდნენ სხვა ოპოზიციური ძალები და მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსისთვის გაიმართა ბრძოლა. იმ რიტორიკით, რომ თითქოს გამარჯვებისთვის ცალ-ცალკე ბრძოლა ჯობს, ქართველი ერის ინტერესების ხელყოფა ღიად მიმდინარეობს. “ნაცმოძრაობის” ბოლო 12-წლიან ისტორიას თუ დავაკვირდებით, ის არასდროს იბრძოდა გამარჯვებისთვის. ამ პარტიის ერთადერთი მიზანი სტატუსის შენარჩუნება იყო და არის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“საქართველოში მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს ხელისუფლებისგანაც ბევრი ფარული “პრეზენტი” მოჰყვება - ბიზნესის მფარველობით დაწყებული, სოლიდური სახელმწიფო დაფინანსებით დამთავრებული, დასავლეთის დიდი ფინანსური მხარდაჭერა და ყურადღება. შესაბამისად, მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსისთვის ბრძოლას ნამდვილად აქვს მოტივაცია. ამ სტატუსისთვის ბრძოლა დაუნდობელი იქნება, ასეთი ლოგიკით პოლიტიკური პროცესების წარმართვა კი რეალურად ერის ინტერესების ღალატია, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ ღალატს ხმაურიანი განცხადებებით შენიღბავენ. ოპოზიციურ ველზე ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას ვერ ვატყობ იმის ნებასა და შესაძლებლობას, რომ “ქართულ ოცნებას” შეუქმნას საფრთხე. ნახეთ, რა მარტივად ჩაიშალა ზურაბიშვილის ინიციატივა, მისი ქარტია ფარატინა ქაღალდად დარჩა. ოპოზიციური ერთობის ერთადერთი საფუძველი შეიძლება გამხდარიყო ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ელიტის ინტერესი. პრობლემა ის არის, რომ ამერიკული პოლიტიკური ელიტა შიდაპოლიტიკურ პროცესებში ისეა ჩართული, რომ ქართული ოპოზიციისთვის არ სცალია”, - განმარტავს ანალიტიკოსი.
“ქართულ ოცნებასთან” ერთი ერთზე დარჩენილი ოპოზიცია აცნობიერებს, რომ საკუთარი რესურსებით ბიძინა ივანიშვილს ვერ დაუპირისპირდება. ივანიშვილს ახლა ოპოზიცია ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნის, მისი მთავარი პრობლემა ახლა გლობალური მასშტაბით ერთმანეთთან დაპირისპირებულ დიდ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის ბალანსის მოძებნაა. ივანიშვილის არჩევანი ცხადია, - ტრამპზე თავდასხმის შემდეგ მას მოეჩვენა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია და მასზე ღია ფსონი დადო. აქ ერთი გარემოებაა საინტერესო - ივანიშვილს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე დაედო ეს ფსონი. ტრამპზე ფსონის დადება ნიშნავს დაპირისპირებას ამერიკის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან, რომელსაც ძალიან მარტივად შეუძლია დიდი ზიანის მიყენება როგორც პირადად ივანიშვილისთვის, ასევე მისი პოლიტიკური ძალისთვის. როგორც ჩანს, ტრამპის გარემოცვა, რომელიც მთელ მსოფლიოში მოკავშირეებს ეძებს, ივანიშვილთან კონტაქტზე თავად გამოვიდა და ფსონის დადებაც ამის შედეგი იყო”, - დაასკვნის რესპონდენტი.
“რა თქმა უნდა, ეს რისკი ძალიან დიდია. სხვათა შორის, ტრამპზე თავდასხმის შედეგად მისმა რეიტინგმა სულ რაღაც 2%-ით მოიმატა, რაც ბევრს არაფერს ნიშნავს. ვარაუდობდნენ, რომ ტრამპის მხარდაჭერა 8-10%-ით გაიზრდებოდა, როგორც 4 წლის წინ ბრაზილიის პრეზიდენტ ბოლსონარუზე და წლების წინ რეიგანზე თავდასხმის შემთხვევაში. თუმცა მაშინ სერიოზული ჭრილობები და ოპერაციები იყო, აქ მსგავსი არაფერი ყოფილა. ამიტომ მხარდამჭერთა რიცხვმაც მცირედით მოიმატა და შესაბამისად, ის რისკები, რაც ტრამპის საარჩევნო კამპანიას ახლდა, ისევ ძალაშია - ვგულისხმობ ხაფანგს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დაუგო ტრამპს - ნიუ-იორკის სასამართლოს 11 ივლისს ტრამპის გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოეტანა მის დადასტურებულ თაღლითობასთან დაკავშირებით, მაგრამ 18 სექტემბრისთვის გადადეს. საყოველთაო შეფასებით, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ რესპუბლიკელებს კანდიდატის გამოცვლის საშუალება მოუსპონ. 11 ივლისს რომ ტრამპი დაეჭირათ, სამაჯური გაეკეთებინათ ან სხვაგვარად შეეზღუდათ, რესპუბლიკელები კანდიდატს გამოცვლიდნენ და საარჩევნო კამპანიას სრულფასოვნად ჩაატარებდნენ. 18 სექტემბერს რომ ტრამპი შეზღუდონ, მისი რეიტინგიც დაეცემა და აღარც კანდიდატის გამოცვლის დრო და საშუალება იქნება”, - ამტკიცებს მირიან მირიანაშვილი.
“არადა, ნიუ-იორკის სასამართლოში გადაწყვეტილებას იღებენ მოსამართლეები, რომლებიც დემოკრატების უპირობო მხარდამჭერები არიან. ნიუ-იორკში, ჯორჯიასა და სხვა შტატებისგან განსხვავებით, მათ აბსოლუტური დომინაცია აქვთ. ამასთან, დემოკრატებს ბაიდენის კანდიდატურის გამოცვლის შანსიც აქვთ. ტრამპის ბედი ორ ფაქტორზეა დამოკიდებული - დემოკრატებმა ბაიდენი არ უნდა გამოცვალონ და 18 სექტემბერს სასამართლომ არ უნდა შეზღუდოს. თუ ეს ორი ფაქტორი არ იმუშავებს, ტრამპის გაპრეზიდენტების შანსი ძალიან დიდია. სულ სხვაგვარად მოქმედებს ზელენსკი, ის ტრამპის ბანაკში გადასახტომად მთელ რიგ კომბინაციებს ქმნის. უკრაინაში ზელენსკის მოწინააღმდეგე გუნდი ისედაც ტრამპისტების დაჯგუფებაა, რომლებსაც მთელი რიგი თანამდებობები წინასწარ აქვთ განაწილებული. მათი ნაწილი უკრაინაშია, ნაწილი _ უცხოეთში. ზოგიერთს პირადად ვიცნობ. ახლა ზელენსკი მათ ველზე ფარულად თამაშს ცდილობს, ბიძინა კი ძალიან დიდ რისკზე წავიდა”, - თვლის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “თუ ივანიშვილს მართლაც ტრამპის მომხრეებმა სთხოვეს მხარდაჭერის საჯაროდ დაფიქსირება, რა შეიძლება შეეთავაზებინათ გაწეული რისკის საფასურად?” - პასუხობს:
“ძალიან სწორი კითხვაა. ეს, რა თქმა უნდა, ტრამპის კი არა, მისი მომხრეების ინიციატივა იქნებოდა. რაც შეეხება საფასურს, ეს იქნებოდა მომავალი პოლიტიკური ცხოვრების იმდაგვარად დალაგება, როგორადაც ივანიშვილმა თავის სიტყვაში წარმოაჩინა - თქვა, რომ 6 თვეც უნდა გაეჭირვებინათ და დასავლეთთან ურთიერთობა დალაგდებოდა, დასავლეთთან ურთიერთობის დალაგების გასაღები კი ვაშინგტონშია. თუ მართლა დედას არ აგინებ, ევროპული ქვეყნების ლიდერებს, ყველაფრის მოგვარება შეიძლება ვაშინგტონში. სავარაუდოდ, ივანიშვილს დაჰპირდნენ, რომ მისი ყველა ფინანსური და პოლიტიკური პრობლემა დემოკრატების გადარჩევასთან ერთად დამთავრდება. ეს ძალიან სერიოზული სტიმული იქნებოდა ივანიშვილისთვის”.
“ხოლო თუ ხელისუფლებაში დემოკრატები დარჩებიან, ივანიშვილს, როგორც ძალიან ფრთხილ ადამიანს, წესით, უნდა ჰქონდეს გეგმა `ბე~. აი, რაში მდგომარეობს ის, ამაზე პასუხი უახლოესი დღეების ან კვირების განმავლობაში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესმა და “ქართული ოცნების” რიტორიკამ უნდა მოგვცეს. ეს მართლაც საინტერესო ამბავია. უახლოესი ორი-სამი თვის განმავლობაში საქართველოში ამაზე საინტერესო პროცესი არ იქნება, ოპოზიციის ქმედებაში კი ვერავითარ ინტრიგას ვერ დავინახავთ... ერთადერთი შიდა საფრთხე, რაც ბიძინა ივანიშვილს ამერიკის ხელისუფლებაში დემოკრატების დარჩენის შემთხვევაში შეიძლება შეექმნას, არჩევნებით უკმაყოფილო ხალხის ქუჩაში მასობრივად გამოსვლაა. სხვა საფრთხე ივანიშვილს ქვეყანაში არ ემუქრება, მხოლოდ რუსთაველზე გამართული მიტინგები “ქართული ოცნებისთვის” კრიტიკული არ არის. ხალხის მიტინგები მთელ ქვეყანაში კი საფრთხეა ივანიშვილისთვის, მით უფრო, თუ ქუჩაში გამოსულ ხალხს ამერიკის ადმინისტრაცია დაუჭერს მხარს”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“ქართული ოცნებისთვის” 26 ოქტომბერსა და 5 ნოემბერს შორის სახიფათო ათი დღეა. ამ დროის განმავლობაში მმართველი გუნდისთვის სერიოზული პრობლემების შექმნაა შესაძლებელი, მაგრამ ამერიკის პოლიტიკურ ელიტას არჩევნებამდე ათი დღით ადრე გონება ებინდებათ და საკუთარი არჩევნების იქით არაფერი აინტერესებთ. ამიტომ ივანიშვილისთვის ეს ათი დღე რისკის შემცველი არ არის. თანაც ამერიკის ფუნდამენტური პოლიტიკური ტრადიცია ასეთია - არჩევნებში დამარცხებული სახელისუფლებო ძალა საგარეო პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს. როგორც ჩანს, ივანიშვილს ესეც გათვალისწინებული აქვს... შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების კლასიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში განვითარებულ მოვლენებს. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში რისკის წინაშე დგას როგორც ოპოზიცია, ასევე ივანიშვილი - საქართველოში დიდი პოლიტიკური ვაკუუმი შეიქმნება. ისეთი დიდი რისკებია, რომელთაც ქართული პოლიტიკური და ექსპერტთა წრეები ვერ აცნობიერებენ, პროცენტების დათვლით არიან დაკავებული და ის კი არ იციან, რომ ეგ პროცენტები შეიძლება ოხრად დარჩეთ”, - დასძენს მირიანაშვილი.
რისთვის სჭირდება “ოცნებას” წინასაარჩევნოდ ამნისტია და რატომ არ მონაწილეობს ამაში ოპოზიცია
“იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “ოცნების” მიერ ინიცირებულ “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. სხდომას ოპოზიცის უმრავლესობა არ ესწრებოდა. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს პროექტი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და პარლამენტში სიარულს აზრი არ აქვს. სხვების აზრით კი, ეს ასე რომც იყოს, ამაში ცუდი არაფერია და ოპოზიცია მიზეზს ეძებს. “ახლა პარლამენტის სხდომებს არანაირი აზრი არ აქვს, რადგან პრინციპში, წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვართ. ის გადაწყვეტილებები, რასაც უმრავლესობა პარლამენტში ღებულობს, ასევე, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია”, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი “რეზონანსთან”. ედიშერ გვენეტაძის თქმით კი, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და ამიტომაც რაღაცებს იგონებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რისთვის სჭირდება “ოცნებას” წინასაარჩევნოდ ამნისტია და რატომ არ მონაწილეობს ამაში ოპოზიცია.
“ოცნების” ინფორმაციით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება. მათივე ცნობით, 4 839 პატიმარს ეხება, დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი კი 1 000 პატიმარს შეეხება. დაახლოებით 7 000 პირს ერთი წლით შეუმცირდება, ანუ საუბარია ერთი წლით გამოსაცდელი საპატიმრო ვადის მოკლებაზე. ამნისტია არ შეეხება დანაშაულებს: ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება ჰუმანურ აქტს წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებისთვის გამოიყენებს. მმართველი პარტიის დეპუტატები კი ოპონენტებს ამნისტიის პროექტის პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოყენების მცდელობაში ადანაშაულებენ. “არ გამოვიყენოთ ეს კანონპროექტი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და არც ფუჭი მოლოდინები გავაჩინოთ”, - აცხადებს კომეტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი. სესიას ესწრებოდა ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ამნისტია სამართლიანი არაა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ფაქტია, ამნისტია ეხებათ ზონდერებს! “რუსული კანონის” წინააღმდეგ აქციებზე ზონდერების მიერ ჩადენილ არც ერთ დანაშაულზე გამოძიება არ არის დაწყებული შესაბამისი უწყების მიერ და შესაბამისი კვალიფიკაციით. ყველა მათგანზე გამოძიებას აწარმოებს არაუფლებამოსილი უწყება - შსს და არასწორი კვალიფიკაციით. ყველა ამ დანაშაულს ამნისტია ეხება. ამ პირობებში რანაირად არის სამართლიანი ეს? ანუ ზონდერებს წინასწარ დაჰპირდით დაუსჯელობას?!” - მიმართა აქუბარდიამ „”ოცნებას”. პასუხად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა აქუბარდიას “არაკომპეტენტური” უწოდა და კოლეგას მიმართა, რომ მას რომ პროექტი წაკითხული ჰქონდეს, ასეთ კითხვებს არ დასვამდა. ხოლო აქუბარდიამ უპასუხა: “როგორც ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს, ისე არ მწყინს თქვენგან შეურაცხყოფა!”. სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აქუბარდიას სიტყვა ჩამოართვა, “ოცნების” დეპუტატმა გრეტა წიწავამ კი მას “უზნეო” უწოდა”, - განაგრძობს გამოცემა.
“ლელოს” დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით, რამდენიმე ათასი ხმის გამოვაჭრების მიზნით ჩატარებულ ამნისტიას არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. “ფიქრობენ, ამნისტიის კანონს გამოიყენებენ წინასაარჩევნოდ, რომ რამდენიმე ათასი ხმა გამოივაჭრონ - ასეთ გაუბედურებულ დღეშია მამუკა მდინარაძის პარტია ელექტორალურად”, - აღნიშნავს სამადაშვილი. დავით ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ “ოცნებასთან” რაიმე სერიოზულ განხილვაში შესვლა შეუძლებელია და მათ მხოლოდ ხელისუფლებიდან წასვლით შეუძლიათ მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება. ხოლო ედიშერ გვენეტაძის თქმით, ამნისტია ძალიან კარგი საქმეა და ამას ოპოზიცია უკუღმა ხედავს, რადგან ისინი მხოლოდ ქვეყნის დესტაბილიზაციაზე არიან ორიენტირებული”, - დასძენს გამოცემა.
“აქ იმ სიტუაციაში, როცა დაპირისპირება ისეთ ზღვარზეა მისული, როდესაც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს მტრებს ეძახიან და რეალურად არჩევანი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორისაა, ასე განიხილავს ხელისუფლება და ოპოზიციაც, ასეთ შემთხვევაში რა აზრი აქვს პარლამენტში სიარულს? მგონი არანაირი. პირადად ჩემი დამოკიდებულებაც ასეთია, ამ ხელისუფლებასთან დიალოგის და რამის სერიოზულ განხილვაში შევლის რესურსი ამოწურულია. “ოცნებას” ქვეყანას მხოლოდ ერთი სამსახური შეუძლია გაუწიოს და ეს არის ხელისუფლების დატოვება არჩევნების წაგების შემდეგ. თუ არ წააგებს და ხალხი ამათ მისცემს ხმას ეგ სხვაა, თუმცა მე მგონია, რომ ვერ გაიმარჯვებენ. ამიტომ ამ სიტუაციაში მათთან საკანონმდებლო მუშაობაზე აბსოლუტურად შეუძლებელია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“ხელისუფლებამ სულ რომ საუკეთესო საქმეები აკეთოს, დღევანდელი ოპოზიცია მიზეზებს მაინც მოიგონებს, ესენი მხოლოდ ერთადერთ რაღაცაზე არიან ორიენტირებული და ეს არის ქვეყნის დესტაბილიზაცია. ამიტომ ისინი ყველაფერს უკუღმა ხედავენ და მე ეს არ მიკვირს. ამნისტია არის უდიდესი, ძალიან კარგი საქმე და ამას რომ ადამიანები უარყოფითად შეხვდებიან, რაზე შეიძლება მათთან ლაპარაკი?” - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
ვახტანგ კაპანაძე - რა ხდება უკრაინის ფრონტზე და რა სამი სცენარისთვის უნდა ემზადებოდეს საქართველო?!
“როგორც იკვეთება, რუსებისთვის მთავარი მიმართულება პოკროვსკია, თუმცა ვოვჩანსკსა და ზაპოროჟიეს რაიონში ცდილობენ წინ წაწევას. უნდა ითქვას, რომ რუსებს დიდი წინსვლა არც აქვთ. თავად განსაჯეთ, რუსებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაზე - პოკროვსკიზე რუსებმა მთელი სამი თვის განმავლობაში მხოლოდ სამ კილომეტრზე წაიწიეს ანუ თვეში მხოლოდ ერთი კილომეტრით. ეს ის ტემპი არ არის, რაც თანამედროვე ტიპის შეიარაღებულ ძალებს შეეფერებათ მსგავსი ამოცანების შესასრულებლად, როგორც წესი, 4-6 დღე საკმარისია. არის ინფორმაცია, რომ პატარ-პატარა დასახლებების დაბრუნება ისევ დაიწყეს, ისეთების, რუკაზეც კი რომ არ არის აღნიშნული. დანაკარგი, რა თქმა უნდა, უკრაინელებსაც აქვთ, მაგრამ რუსების დანაკარგთან ახლოსაც ვერ მივა”, - აცხადებს სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა ხდება უკრაინის ფრონტზე და რა სამი სცენარისთვის უნდა ემზადებოდეს საქართველო?!
“რუსების შეიარაღებული ძალები კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგანან - ხერსონისა და ზაპოროჟიეს რაიონებში რუს სამხედრო მოსამსახურეებს სასმელი წყალი არ ჰყოფნით. როგორც წესი, ზაფხულის სიცხისა და დაძაბული ბრძოლების დროს წყლის მოხმარება უფრო იზრდება. ერთ ჯარისკაცს დღეში ლიტრ-ნახევარი წყალი მაინც სჭირდება, თავად რუსების მონაცემებით კი ერთ ჯარისკაცზე 14 დღის განმავლობაში 18 ლიტრი წყალია გათვლილი, ისიც პლასტიკის ბოთლებით. მზეზე გაჩერებული პლასტიკის ბოთლები ცალკე პრობლემაა. ჯარისკაცებს წყალი საჭმლის მოსამზადებლადაც სჭირდებათ, სარეცხის გარეცხვაზე უკვე აღარაფერს ვამბობ. 18 ლიტრი წყალი დასალევად მხოლოდ 12 დღე ეყოფათ. შესაბამისად, ხშირად უწევთ მდინარეებისა და ჭების დაბინძურებული წყლის სმა, რაც ტიფს იწვევს. დაზუსტებით ვიცი, რომ ტიფის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა რუსულ არმიაში და დაღუპულებიც არიან. ომის სურათი კი საინტერესოდ ვითარდება. ბოლო დროს ძალზე გააქტიურდა უკრაინა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.
“სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ბელგოროდში კომენდანტის საათი გამოცხადდა, იქ არავის უშვებენ დაჯავშნული მანქანებისა და ჯავშანჟილეტების გარეშე. შეიძლება ითქვას, რუსებმა ბელგოროდი მოსახლეობისგან თითქმის დაცალეს და ნაცრისფერ ზონად გამოაცხადეს. სულ ცოტა ხნის წინ ყირიმის უბესა და ნოვორისიისკის საწვავის სათავეს ათეულობით უკრაინულმა დრონმა შეუტია. რა შეიძლება შეიცვალოს? მე არ ვიცი, პოლიტიკური პროცესები როგორ განვითარდება, მაგრამ უკრაინას რაც აქვს მოთხოვნილი, ის დიდწილად მიღებული აქვს. ბოლოს 2 ნახევარი მილიარდი დოლარის საბრძოლო აღჭურვილობის მიწოდება გადაწყდა უკრაინული არმიისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, კონფლიქტი ხანგრძლივი ომისა და გამოფიტვის ფაზაშია გადასული. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, ვინ როგორ შეძლებს დაკარგული რესურსების შევსებას - რუსეთი ირანიდან და ჩრდილო კორეიდან ცდილობს დანაკარგის შევსებას, უკრაინა - დასავლეთიდან”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რაც შეეხება დონალდ ტრამპის სიტყვას, რომ რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს, ერთია წინასაარჩევნო განცხადებები, ხოლო მეორე გაკეთებული პრეზიდენტის რანგში. სამხედრო თვალსაზრისით, ამერიკის მიერ უკრაინის დათმობა არანაირ კონტექსტში არ ჯდება, სულაც არ ვფიქრობ, რომ ტრამპი ომის სწრაფად დასრულებას უკრაინის დათმობის ხარჯზე აპირებს. არ არის გამორიცხული, ტრამპის ინიციატივით უკრაინელი პრეზიდენტი მართლაც დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ გაცილებით უკეთესი პირობებით, ვიდრე პუტინი აყენებს. ვფიქრობ, საუბარი იქნება უფრო ცეცხლის შეწყვეტაზე, ვიდრე ომის საბოლოო დასრულებაზე... ახლა საქართველო უნდა ემზადებოდეს რამდენიმე სხვადასხვა სცენარისთვის - რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომი პერიოდისთვის, პუტინის შემდგომი რუსეთისთვის, რეგიონში არსებული ვითარების გამწვავებისთვის. საქართველოს წინაშე დღეს ძალიან ბევრი პრობლემა და გამოწვევაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ამისთვის მზად არ არის”, - დაასკვნის ვახტნაგ კაპანაძე.